სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ქართული ლეგიონი გაიზარდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ზამთრის არდადეგებია. ოფიციალურად სატრანსფერო ფანჯარაა გამოცხადებული, რომელიც 15 იანვარს იხურება. მოთამაშეების გარკვეული ნაწილი ერთი ქართული კლუბიდან მეორეში გადადის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც უცხოეთს მიაშურეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "არმიას" რიგებს დატოვებენ ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე და შერკინების ბურჯი გიორგი ხოსიტაშვილი. ორივე მორაგბე რუმინეთში, ამ ქვეყნის ჩემპიონ "ტიმიშოარაში" განაგრძობს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ "ტიმიშოარას" ღირსებას იცავს ქართული წარმოშობის რუმინეთის ნაკრების შერკინების კვაჭი ოთარ ტურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სამხარაძე და ხოსიტაშვილი რუმინეთში უწინაც ასპარეზობდნენ. ისინი ოთხი წლის განმავლობაში
კონსტანცას "ფარულის" წამყვანი მორაგბეები იყვნენ.

ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ტრანსფერი მზადდება, თუმცა სანამ ყოველივე საბოლოოდ არ გაირკვევა, რაგბის კავშირი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

რადგან ლეგიონერებზე ვსაუბრობთ, აქვე გავიხსენოთ ის მოთამაშეებიც, რომლებიც საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში ასპარეზობენ, მით უფრო, რომ ელიტურ პირველ და მეორე დივიზიონებში მოთამაშე ჩვენებურებზე უკვე გიამბეთ.

საფრანგეთის ამ სანახევროდ პროფესიულ დივიზიონში ქართველ მორაგბეთა რაოდენობამ სეზონის დაწყების წინ საგრძნობლად იკლო.

ამის მიზეზი პოზიტიური იყო, ფედერალ 1 დივიზიონში მოთამაშე ქართველ მორაგბეთა დიდმა ნაწილმა რანგით უფრო მაღალი, ელიტური მეორე დივიზიონის გუნდებში გადაინაცვლა. ამჯერად ფედერალ 1 დივიზიონის 15 გუნდში 21 ქართველი მორაგბე ირიცხება. აქედან ექვსი უკანახაზელია, ერთი - მეორეხაზელი და 14 პირველხაზელი.

ფედერალ 1 დივიზიონში აქამდე 11 ტურია ჩატარებული და გუნდები საშობაო არდადეგებზე იმყოფებოდნენ.

გათამაშება მომავალ უქმეებზე განახლდება. დღეისთვის საუკეთესო მაჩვენებელი "ქართული გუნდებიდან" ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერს" აქვს, რომელიც 49 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა.

გუჯარაიძე მეორეხაზელია და ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს. მას ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი.

კერძოდ, მაშინ, როცა "ბორჯღალოსნებს" ავსტრალიელი ტიმ ლეინი ხელმძღვანელობდა, ბუქარესტში გამართულ IRB-ის ერთა თასის გათამაშებაში იასპარეზა.

მას შემდეგ კი რამდენჯერმე საქართველოს A ნაკრებში ითამაშა. ცხოვრებაშვილი, რომელიც შერკინების ბურჯია, "სენ ნაზერის" შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება.

"სენ ნაზერს" ორი ქულით ჩამორჩება და ამავე ჯგუფში მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო".

საქართველოს ნაკრების ამ შუამარბს წარდგინება არ სჭირდება. ის დიდი ხანია, "ბორჯღალოსანთა" კვართს ატარებს და მსოფლიოს ორ თასზე აქვს ნათამაშები.

A ჯგუფში 34 ქულით მესამე ადგილზეა შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონი". ისინი შერკინების ბურჯები არიან და ასპარეზობა ხშირად უწევთ. კოპალიანი საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია.

ის ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში იცავდა, თუმცა მას მერე ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ.

B ჯგუფში 24 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენას". გელანტია პირველხაზელია. ის ერთი ხანობა რუსეთში ირჯებოდა, თუმცა მერე საფრანგეთს მიაშურა და სამ წელიწადზე მეტია, იქ თამაშობს.

ურჯუკაშვილი საქართველოს ნაკრებში ტიმ ლეინის ერაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ უკანახაზელად ითვლებოდა.

"ბორჯღალოსანთა" რიგებში მან რამდენიმე მატჩი გამართა და ყველა შეხვედრაში ფულბეკი იყო. თუმცა ოფიციალურად ამპლუით გარემარბია, ობენაში კი შუამარბის (#12) პოზიციაზე ათამაშებენ. მისი ყველაზე დიდი დადებითი თვისება ფეხით თამაშია, თუმცა არც სისწრაფის უქონლობას უჩივის.

ტანადაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ რატომღაც ლეინის მემკვიდრეების, რიჩი დიქსონისა და მილტონ ჰეიგის ყურადღება ვერაფრით მიიპყრო.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან საქართველოს ნაკრების წევრების გუნდები: "როდეზი", "ბაგნერე" და "სენ ჟუნიენი".

"ბორჯღალოსნების" შუამარბი დავით კაჭარავა "როდეზში" წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა. მანამდე "კაჭი" ამავე დივიზიონში მოთამაშე "ნიცას" ღირსებას იცავდა.

"როდეზი" 11 ტურის შემდეგ 17 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა და დივიზიონიდან გავარდნა ემუქრება.

კაჭარავა ამ გუნდში ბოლო მომენტში მოხვდა. ვინაიდან მისი "ნიცა" ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს, მას ახალი გუნდის ძებნა მოუწია.

ერთი ხანობა ჭორიც კი გავრცელდა, კაჭარავა რუსეთში, "მონინოს ვვა"-ში გადადისო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

თუმცა, რომ არა "როდეზის" ვარიანტი, გამორიცხული არაფერი იყო. ერთი სიტყვით, "კაჭის" ეს გუნდიც შავ დღეშია და, შესაძლოა, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მორაგბეს ისევ გუნდი გაუხდეს საძებარი.

D ჯგუფში 18 ქულით მერვე ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიძის "სენ ჟუნიენი".

ჩვენებურთა ეს გუნდიც გავარდნის საფრთხის წინაშეა. საქართველოს ნაკრების მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი "სენ ჟუნიენის" მთავარი მესაჭე და დამრტყმელია. ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს პირველხაზელი გიორგი მჭედლიშვილიც.

ერთი ქულით ჩამორჩება და ამავე ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერე".

მაისურაძეს "ბორჯღალოსანთა" რიგებში არაერთხელ უთამაშია, ოღონდ მესამეხაზელის პოზიციაზე. ბაგნერეში კი ის პირველ ხაზში გადაბარგდა და შერკინების კვაჭად თამაშობს.

მალაღურაძე ერთი ხანობა ეროვნულ გუნდში ძირითად მგეზავად მიიჩნეოდა, ბოლო დროს კი კვირიკაშვილის დუბლიორია.

თუმცა მას შემდეგ, რაც ნაკრებში ლელოელი ლაშა ხმალაძე გამოჩნდა, ამ პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდა და გუნდში ადგილის დასაბევებლად დიდი გარჯა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ბესიკ რაგბისგან ძალიან შორს ხართ. ბექა ურჯუკაშვილი ნაკრებში რიჩი დიქსონის დროს თამაშობდა.
ბაჩო
15:58 12-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული