ლეგიონი: ბექა შეყლაშვილის ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ათი ტური დარჩა.

სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ამ დროისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთ გუნდს უკავია.

აქედან სამი - "ტულონი", "ტულუზი" და "კლერმონი" იმდენად არიან დაწინაურებულნი, რომ სავარაუდოდ, მათ პლეი ოფს მიღმა დარჩენა არ ემუქრებათ, თუმცა თეორიულად ესეც შესაძლებელია.

"მონპელიეს" და "კასტრს" კი, რომლებიც დაწინაურებულ სამეულს კვალში უდგანან, მწვავე ბრძოლები ჯერ კიდევ წინ აქვთ.

წაუგებელ სერიას განაგრძობს გათამაშების ლიდერი დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც მე-16 ტურში შინ დაამარცხა
თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი" - 15:9.

მასპინძლებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ. ქუბრიაშვილთან ერთად, არ უთამაშიათ ბაკის ბოთას და ჯო ფან ნიკერკს.

მარსანელებმა, მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერები არიან, მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველ ტაიმში ტულონელებმა დაწინაურება მაინც მოახერხეს და ექვსი ქულით - 15:9 მოიგეს.

შესვენების შემდეგ, დიდი მცდელობის მიუხედავად, მონაგრის გაზრდა ვერც ერთმა შეძლო.

მიქაუტაძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე გადაინაცვლა ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა", რომელმაც შინ დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 19:14.

ტულუზელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მე-9 წუთისთვის უკვე 13:0-ს იგებდნენ.

ბასკებმა მდგომარეობის გამოსწორება ტაიმის შუაწელისკენ მოახერხეს, თუმცა მაქსიმუმ, რაც შეძლეს, ანგარიშის ხუთ ქულამდე შემცირება იყო - 8:13.

მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა. გუნდებმა ორ-ორი საჯარიმო გაიტანეს და მასპინძლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. კაკოვინს და ბრეგვაძეს არ უთამაშიათ.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონის" წაუგებელი სერია პერპინიანში შეწყდა.

"ვულკანებმა", რომელსაც რამდენიმე ტრავმირებული წამყვანი მოთამაშე აკლდა, "პერპინიანთან" 19:26 წააგო.

აღსანიშნავია, რომ კლერმონელები 62-ე წუთამდე ანგარიშში წინ იყვნენ, თუმცა მატჩის დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა გარდატეხის შეტანა შეძლეს. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "აჟენთან" - 13:9.

ჩვენებურთა გუნდი თავიდანვე დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა, რომლებიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, პირველი ტაიმის მიწურულისთვის ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს - 6:7. შესვენების შემდეგ "მონპელიემ" მონაგარს ორი საჯარიმო მიუმატა, რაზეც აჟენელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ მოედანზე 19 წუთით მეტი დაჰყო, ჟღენტი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელიც ლიდერთა შორისაა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის, მე-16 ტურის მატჩი სტუმრად გამართა ბასკურ "ბაიონთან" და 12:22 წააგო.

ჩვენებურის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა მეტ-ნაკლებად პირველ ნახევარში გაუწია, თუმცა ოთხი ქულით მაინც დამარცხდა - 16:12. შესვენების შემდეგ "კასტრმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა, ბასკებმა კი კიდევ ორი საჯარიმოს გატანა შეძლეს.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" შინ იოლად დაამარცხა საპლეიოფო ექვსეულის ბოლო წევრი "გრენობლი" - 35:6. შედეგად პარიზელებს 37 ქულა დაუგროვდათ და ახლა "ალპელებს" მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ. ჟვანიას არ უთამაშია.

ისევ არ გამოჩენილა "ბორდოს" შემადგენლობაში ზაზა ნავროზაშვილი. ბორდოელები კი მე-16 ტურში შინ დამარცხდნენ "მეტრო რასინგთან" - 15:22. ჩვენებურის გუნდს ახლა 19 ქულა აქვს და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

I დივიზიონი
XVI ტური
ბაიონი-კასტრი 22:12, პერპინიანი-კლერმონი 26:19, სტად ფრანსე-გრენობლი 35:6, აჟენი-მონპელიე 9:13, ტულონი-მონ დე მარსანი 15:9, ბორდო-მეტრო რასინგი 15:22, ტულუზი-ბიარიცი 19:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 61 ქულა, 2. ტულუზი - 54, 3. კლერმონი - 54, 4. მონპელიე - 45, 5. კასტრი - 44, 6. გრენობლი - 42, 7. მეტრო რასინგი - 38, 8. პერპინიანი - 38, 9. სტად ფრანსე - 37, 10. ბიარიცი 37, 11. ბაიონი - 30, 12. ბორდო - 19, 13. აჟენი - 19, 14. მონ დე მარსანი - 9.

XVII ტური
მეტრო რასინგი-კლერმონი, მონ დე მარსანი-გრენობლი, ბაიონი-პერპინიანი, აჟენი-ტულუზი, ბორდო-ტულონი, კასტრი-სტად ფრანსე, მონპელიე-ბიარიცი.

* * *

ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-19 ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შემდეგაც ნათლად გამოიკვეთა, რომ პლეი ოფში თამაშისთვის რეალურად ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი იბრძოლებს. ესენია: "ორიაკი", "ტარბი", "ბრივი" და "ლიონი".

"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს.

ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად ეთამაშა გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბს" და 9:15 დამარცხდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ტარბელები საპლეიოფო ხუთეულს მჭიდროდ მიუახლოვდნენ, ორიაკი კი მეორე ადგილიდან მეოთხეზე დაქვეითდა.

დათუნაშვილი, ნაცარაშვილი, დადუნაშვილი, ჩხაიძე და მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ნემსაძე და ასეიშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთვნენ.

დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 17:28, თუმცა 51 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი მაინც შეინარჩუნა.

ქართველი მორაგბეები სათადარიგოთა შორის იყვნენ და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ.

აუტსაიდერთა დავაში ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" შინ დაამარცხა დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის "მასი" - 30:21. შეყლაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 44-ე წუთზე ლელო მიითვალა. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ აშვეთია და სუთიაშვილიც.

გურამ კავთიძის "ლიონმა" შინ დაამარცხა ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, კახაბერ კობერიძისა და გიორგი თეთრაშვილის "ალბი" - 26:12.

ლიონელთა რიგებში ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდნენ ლიონელ ნალე და სებასტიან შაბალი, რაც გუნდის თამაშს უმალვე დაეტყო.

თოდუამ თავიდან ბოლომდე ითამაშა; მაისურაძე 59-ე წუთზე შეცვალეს; კავთიძე თამაშში ერთი წუთით ადრე ჩაერთო; ახობაძე, კობერიძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ტარიელ რატიანიძის "დაქსი" სტუმრად დამარცხდა "კოლომიესთან" - 15:22. რატიანიძე განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XIX ტური
ოში-ლა როშელი 3:20, კოლომიე-დაქსი 22:15, ოიონაქსი-ექსი 22:10, კარკასონი-პო 12:12, ლიონი-ალბი 26:12, ნარბონი-ბრივი 28:17, ბეზიე-მასი 30:21, ტარბი-ორიაკი 15:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 77 ქულა, 2. პო - 58, 3. ლა როშელი - 58, 4. ორიაკი - 58, 5. ბრივი - 51, 6. ტარბი - 51, 7. კარკასონი - 50, 8. ლიონი - 48, 9. ნარბონი - 40, 10. ალბი - 39, 11. კოლომიე - 39, 12. ოში - 32, 13. ექსი - 29, 14. დაქსი - 29, 15. ბეზიე - 25, 16. მასი - 18.

XX ტური
ალბი-მასი, დაქსი-ნარბონი, პო-ოში, ექსი-ბეზიე, ბრივი-ორიაკი, კარკასონი-ტარბი, კოლომიე-ოიონაქსი, ლა როშელი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული