საფრანგეთის ელიტაში აღზევებისთვის რვა "ქართული გუნდი" იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პლეი ოფში მოხვედრისთვის ერთბაშად რვა იბრძვის.

A ჯგუფში მოწინავე ოთხეულში მოხვედრის შანსი ოთხ "ქართულ" გუნდს აქვს, თუმცა მხოლოდ ორი ვაკანტური ადგილია დარჩენილი. "ლილი" და "ბურგ ან ბრესი" საგრძნობლად დაწინაურდნენ და ძნელად მოსალოდნელია, ათქულიანი ჰანდიკაპი გაანიავონ.

ამ ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო მაჩვენებელი შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელიც 43 ქულით მესამე ადგილზეა. მაკონელებმა მე-14 ტურში სტუმრად წააგეს უშუალო კონკურენტ "ბურგ ან ბრესთან" -
8:25.

მელიქიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და კოპალიანმა 53-ე წუთზე შეცვალა.

"მაკონს" 12 ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი", რომლის შეხვედრაც სტუმრად "ბობინისთან" დიდთოვლობის გამო გადაიდო.

31 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი, გიორგი სულუაშვილის "სტრასბური" - 15:7.

პეტრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, სულუაშვილს არ უთამაშია.

ვიენელებს ერთი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონი", რომელმაც სტუმრად სძლია გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "სენტ ეტიენს" - 16:10.

ამ გამარჯვებით მონლუსონელებმა პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.

* * *
B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდიდან პლეი ოფში თამაშისთვის ბრძოლას ორი განაგრძობს - "ობენა" და "რომანი". ამათგან უკეთესი მდგომარეობა ირაკლი ნინიძის "რომანს" აქვს, რომელიც 33 ქულით მესამე ადგილზეა.

რომანელებმა მე-14 ტურში სტუმრად სძლიეს გიორგი კუთარაშვილის "შატორენარს" - 23:17. კუთარაშვილს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და ძირითად შემადგენლობაში გაისარჯა, ნინიძეს არ უთამაშია.

30 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენა", რომელმაც შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ლავორი" - 28:22. ობენელები ახლა ამ გუნდს ერთი ქულით უსწრებენ.

დავით კაჭარავას "როდეზის" საშინაო მატჩი "აგდისთან" დიდთოვლობის გამო გადაიდო.

* * *
ასევე ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია ლიდერთა შორის C ჯგუფში. საუკეთესო მაჩვენებელი ამ დროისთვის თედო ზიბზიბაძის "პერიგოს" აქვს, რომელიც 48 ქულით მეორე ადგილზეა.

ჩვენებურის ამ გუნდმა შინ მიიღო "აგეტმო" და უპრობლემოდ დაამარცხა - 25:3. ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ამდენივე ქულა აქვს და მესამე საფეხური უჭირავს შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს", რომელმაც შინ მშრალი ანგარიშით მოუგო გათამაშების ლიდერ "ტიროსს" - 12:0. გუჯარაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის "მარმანდი", რომელიც სტუმრად დამარცხდა "ლანჟონისთან" - 21:19. მაღალდაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 63-ე წუთზე ჩომახაშვილმა შეცვალა.

* * *
ისევ წყვილად წააგეს D ჯგუფში მოასპარეზე "ქართულმა" გუნდებმა - "სენ ჟუნიენმა" და "ბაგნერემ". ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძისა და ლადო გუნიავას "ბაგნერე" სტუმრად დამარცხდა გათამაშების ლიდერ "მონტობანთან" - 14:31.

მალაღურაძე თამაშში შეცვლაზე შევიდა და ერთი საჯარიმო (3 ქულა) გაიტანა, მაისურაძე და გუნიავა განაცხადში არ იყვნენ.

მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" ასევე სტუმრად წააგო "ლიმოჟთან". კვირიკაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და ორი საჯარიმო (6 ქულა) გაიტანა.

"ბაგნერესა" და "სენ ჟუნიენს" 22-22 ქულა აქვთ და მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფენ.

A ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-მაკონი 25:8; ვიენი-სტრასბური 15:7; სენტ ეტიენი-მონლუსონი 10:16; დიჟონი-ლილი 6:25; ბობინი-შალონი - გადაიდო.

სატურნირო მდგომარეობა:
1. ლილი - 54 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 53, 3. მაკონი - 43, 4. შალონი - 31, 5. ვიენი - 31, 6. მონლუსონი - 30, 7. სენტ ეტიენი - 24, 8. ბობინი - 23, 9. დიჟონი - 22, 10. სტრასბური - 1.

B ჯგუფი
ბლანიაკი-ბურგუენი 22:25; შატორენარი-რომანი 17:23; ობენა-ლავორი 28:22; ვალანსი-ლა სეინი გადაიდო; როდეზი-აგდი.

სატურნირო მდგომარეობა:
1. ბურგუენი - 55 ქულა, 2. ვალანსი - 35, 3. რომანი - 33, 4. ობენა - 30, 5. ლავორი - 29, 6. აგდი - 28, 7. ლა სეინი - 26, 8. ბლანიაკი - 26, 9. შატორენარი - 24, 10. როდეზი - 21.

C ჯგუფი
პერიგო-აგეტმო 25:3; ლანჟონი-მარმანდი 21:19; ნუარი-ვანი 9:6; სენ ნაზერი-ტიროსი 12:0; სენ ჟან დე ლუზი-სენ ჟან დანჟელი გადაიდო.

სატურნირო მდგომარეობა:
1. ტიროსი - 57 ქულა, 2. პერიგო - 48, 3. სენ ნაზერი - 48, 4. ვანი - 34, 5. ლანჟონი - 33, 6. სენ ჟან დე ლუზი - 30, 7. აგეტმო - 23, 8. სენ ჟან დანჟელი - 19, 9. მარმანდი - 19, 10. ნუარი - 18.

D ჯგუფი
მონტობანი-ბაგნერე 31:14; ლიმოჟი-სენ ჟუნიენი 28:6; სენ მედარი-კასტანე 17:15; ოლორონი-ლანამეზანი გადაიდო, ლურდი-ნევერი გადაიდო.

სატურნირო მდგომარეობა:
1. მონტობანი - 54 ქულა, 2. ნევერი - 48, 3. ლიმოჟი - 34, 4. კასტანე - 31, 5. ოლორონი - 31, 6. ლურდი - 27, 7. ლანამეზანი - 23, 8. ბეგნერე - 22, 9. სენ ჟუნიენი - 22, 10. სენ მედარი - 19.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული