ლეგიონი: ლაშა მალაღურაძის 23 ქულა და ბაჩუკი გუჯარაიძის ლელო

AutoSharing Option
ევროპული სანაკრებო ბატალიების მიუხედავად, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ელიტურ, პირველ დივიზიონში პლეი ოფში თამაშისთვის მებრძოლი ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდიდან სამმა მოიგო, თუმცა მოწინავეთა შორის ადგილი ოთხმა შეინარჩუნა. პირველად მიმდინარე გათამაშებაში ექვსეულს მიღმა აღმოჩნდა ჩვენებურთა გუნდი "მონპელიე".

გათამაშების ლიდერმა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 50:15. ტულონელები დიდი ხანია სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ და პირველობას არავის უთმობენ.

ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, ქუბრიაშვილმა და მიქაუტაძემ
საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში ითამაშეს.

"ტულონს" ამ გამარჯვების შემდეგ 76 ქულა დაუგროვდა. მას ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც საკუთარ მოედანზე მეოთხეადგილოსანი ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" სძლია - 37:10.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. კასტრელები მრისხანე მეტოქეს არ ეპუებოდნენ და ზოგჯერ ზედმეტადაც აქტიურობდნენ. შესაბამისად, მატჩის არბიტრმა სტუმართა გუნდის სამი მორაგბე გაასინბინა და 30 წუთის განმავლობაში უმცირესობაში მოუწიათ თამაშმა.

ფეიქრიშვილი მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა, ზირაქაშვილი და კოლელიშვილი ეროვნულ გუნდში გაისარჯნენ.

"კლერმონს" ათი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონი, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში შინ მინიმალური სხვაობით დაამარცხა "ბორდო" - 33:32.

პირველ ტაიმში სტიმრები ანგარიშში მუდმივად წინ იყვნენ, თუმცა ტულუზელებმა მაინც შეძლეს შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით წასვლა - 18:15. მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

მასპინძლებმა მეტოქის შეცდომები კარგად გამოიყენეს. ბორდოელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და "ტულუზის" მგეზავმა ლიონელ ბოქსიმ ექვსი საჯარიმო გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 68-ე წუთზე დაფიქსირდა. სტუმრებს დარჩენილ 12 წუთში მაინც შეეძლოთ მატჩის გადაჩენა, თუმცა მათი გარჯა უშედეგო გამოდგა.

ბრეგვაძე თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, კაკოვინმა საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტთან, პარიზულ "მეტრო რასინგთან" წააგო - 15:17.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:17 წააგეს. შესვენების შემდეგ მონპელიელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს.

ნარიაშვილის არ უთამაშია, ჟღენტი ტრავმირებულია, გორგოძე "ბორჯღალოსნების" ღირსებას იცავდა.
თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარანი", რომელიც 15 ქულით ბოლო ადგილზეა და გასავარდნადაა განწირული, სტუმრად დამარცხდა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" - 14:42. ორივე ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

I დივიზიონი
XXI ტური
მონპელიე-მეტრო რასინგი 15:17, პერპინიანი-გრენობლი 20:18, აჟენი-ბაიონი 20:30, ტულუზი-ბორდო 33:32, ტულონი-ბიარიცი 50:15, სტად ფრანსე-მონ დე მარსანი 42:14, კლერმონი-კასტრი 37:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 76 ქულა, 2. კლერმონი - 74, 3. ტულუზი - 64, 4. კასტრი - 58, 5. მეტო რასინგი - 58, 6. პერპინიანი - 55, 7. მონპელიე - 55, 8. გრენობლი - 48, 9. სტად ფრანსე - 46, 10. ბიარიცი - 43, 11. ბაიონი - 41, 12. ბორდო - 41, 13. აჟენი - 27, 14. მონ დე მარსანი - 15.

XXII ტური
ბაიონი-ტულონი, მეტრო რასინგი-პერპინიანი, ბორდო-მონ დე მარსანი, კასტრი-აჟენი, გრენობლი-მონპელიე, ბიარიცი-კლერმონი, ტულუზი-სტად ფრანსე.

მეორე დივიზიონში პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლას ხუთი "ქართული გუნდი" განაგრძობს. მათ შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი მამუკა მაგრაქველიძის "პოს" აქვს, რომელიც 71 ქულით მესამე ადგილზეა და 23-ე ტურში შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი ტარიელ რატიანიძის "დაქსი" - 47:23.

მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო, რატიანიძე თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

"პოს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც საკუთარ მოედანზე გიორგი ჩახიაძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბს" მოუგო - 30:10.

შველიძე 41-ე წუთზე შეცვალეს, ხინჩაგიშვილმა მოედანი 73-ე წუთზე დატოვა, დადუნაშვილი და მირცხულავა თამაშში ერთდროულად 47-ე წუთზე ჩაერთნენ, ნემსაძე მოედანზე 22 წუთის შემდეგ გამოჩნდა, ჩხაიძემ და ნატრიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.

"ტარბი" ახლა 61 ქულით მე-6 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს და ერთი საფეხურით წინ არის ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი", რომელიც სტუმრად დამარცხდა მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 19:49.

ნაცარაშვილი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის არბიტრმა 78-ე წუთზე გაასინბინა, ასეიშვილი განაცხადში არ იყო, დათუნაშვილი "ბორჯღალოსანთა" რიგებში გაისარჯა.

საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელმაც შინ დამარცხა "ოში" - 26:12.

ლიონელები "ტარბსა" და "ორიაკს" სამი ქულით ჩამორჩებიან და ახლა მერვე ადგილზე არიან. მათ კარგი შანსი აქვთ საპლეიოფო ხუთეულში შეაღწიონ. კავთიძე თადარიგში იყო და მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა.

ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და კახაბერ კობერიძის "ალბიმ" შინ დაამარცხა ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 16:10.

შეყლაშვილი მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, თეთრაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძე თერთმეტი წუთის შემდეგ შეცვალეს, თოდუა, ახობაძე და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.

შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასიმ", რომელიც 26 ქულით ბოლო ადგილზეა, სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 17:41. აშვეთიას არ უთამაშია, სუთიაშვილია ეროვნულ ნაკრებში გაისარჯა.

II დივიზიონი
XXIII ტური
პო-დაქსი 47:23, ექსი-კოლომიე 16:17, ბრივი-ტარბი 30:10, ლა როშელი-ორიაკი 49:19, ალბი-ბეზიე 16:10, კარკასონი-ნარბონი 20:27, ოიონაქსი-მასი 41:17, ლიონი-ოში 26:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 92 ქულა, 2. ლა როშელი - 72, 3. პო - 71, 4. ბრივი - 68, 5. ორიაკი - 61, 6. ტარბი - 61, 7. კარკასონი - 60, 8. ლიონი 58, 9. ნარბონი - 56, 10. კოლომიე - 52, 11. ალბი - 49, 12. ოში - 35, 13. ექსი - 34, 14. დაქსი - 32, 15. ბეზიე - 31, 16. მასი - 26.

XXIV ტური
ექსი-ნარბონი, ბეზიე-ლა როშელი, ოში-ალბი, ორიაკი-ოიონაქსი, ტარბი-მასი, დაქსი-კარკასონი, პო-ბრივი, კოლომიე-ლიონი

ფედერალ1
ფედერალ ერთ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე პლეი ოფში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა ოთხმა გუნდმა მოიპოვა. ესენია: "მაკონი", "რომანი", "პერიგო" და "სენ ნაზერი".

A ჯგუფში შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონმა" მოიპოვა. ჩვენებურთა ამ გუნდმა მე-16 ტურში მართალია სტუმრად წააგო ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონთან" - 18:30, თუმცა 48 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და კონკურენტთაგან მიუწვდომელია.

მონლუსონელებს კი, რომლებიც 34 ქულით მე-6 ადგილზე არიან, შანსი მიეცათ პლეი ოფში
გამსვლელი, მეოთხე ადგილისთვის იბრძოლონ.

გიგაურმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, კოპალიანი 50-ე წუთზე შეცვალეს, ყუფარაძემ მოედანზე 15 წუთით მეტი დაჰყო, მელიქიძე განაცხადში არ იყო.

გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" სტუმრად დამარცხდა მინიმალური სხვაობით "დიჟონთან" - 32:33 და ახლა 33 ქულით მე-7 ადგილზეა.

მიუხედავად ამისა, შალონელებს ოთხეულში მოხვედრის შანსი მაინც აქვთ. ჯაშიტაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.

A ჯგუფი
ბურგ ან ბრესი-სტრასბური 79:8, ბობინი-ვიენი 29:3, დიჟონი-შალონი 32:31, მონლუსონი-მაკონი 30:18, სენტ ეტიენი-ლილი 15:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 64 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 63, 3. მაკონი - 48, 4. სენტ ეტიენი 36, 5. ბობინი - 35, 6. მონლუსონი - 34, 7. შალონი - 33, 8. ვიენი - 32, 9. დიჟონი - 26, 10. სტრასბური - 2.

XVII ტური
ვიენი-ბურგ ან ბრესი, სტრასბური-დიჟონი, ბობინი-სენტ ეტიენი, შალონი-მონლუსონი, მაკონი-ლილი.

B ჯგუფში პლეი ოფის საგზური უკვე მოიპოვა ირაკლი ნინიძის "რომანმა", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ბლანიაკი" 22:17 და ახლა 46 ქულით მეორე ადგილზეა.

ნინიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო. ამავე ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს კიდევ ორ "ქართულ გუნდს", "ობენას" და "როდეზს".

თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენამ" შინ დაამარცხა "ლა სეინი" - 32:9 და 35 ქულით მეხუთე ადგილზეა.

გელანტია 65-ე წუთზე შეცვალეს, ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყო.

"ობენას" ორი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა დავით კაჭარავას "როდეზი", რომელმაც შინ დაამარცხა "ლავორი" - 18:13. კაჭარავამ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

B ჯგუფი
აგდი-ბურგუენი 9:25, ბლანიაკი-რომანი 17:22, ვალანსი-შატორენარი 32:14, ობენა-ლა სეინი 32:9, როდეზი-ლავორი 18:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 69 ქულა, 2. რომანი - 46, 3. ვალანსი - 45, 4. ლა სეინი - 36, 5. ობენა - 35, 6. ლავორი - 35, 7. როდეზი - 33, 8. ბლანიაკი - 31, 9. აგდი - 28, 10. შატორენარი - 25.

XVII ტური
შატორენარი-ბლანიაკი, ვალანსი-როდეზი, რომანი-ობენა, ბუგუენი-ლავორი, ლა სეინი-აგდი.

C ჯგუფში წარმატებას ქართველ მორაგბეთა ორმა გუნდმა, "სენ ნაზერმა და "პერიგომ" მიაღწია. შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა" შინ დაამარცხა "აგეტმო" 42:3 და 57 ქულით ახლა მეორე ადგილზეა.

გუჯარაიძემ 65-ე წუთზე ლელო გაიტანა და მალევე შეცვალეს, ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო.
"სენ ნაზერს" სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო", რომელმაც შინ დაამარცხა "ნუარი" - 47:0. ზიბზიბაძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული. "პერიგო" და "სენ ნაზერი" პლეი ოფში ითამაშებენ.

C ჯგუფი
პერიგო-ნუარი 47:0, ლანჟონი-ვანი 22:7, სენ ნაზერი-აგეტმო 42:3, სენ ჟან დანჟელი-მარმანდი 15:11, სენ ჟან დე ლუზი-ტიროსი 39:25.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 63 ქულა, 2. სენ ნაზერი - 57, 3. პერიგო - 54, 4. სენ ჟან დე ლუზი - 40, 5. ლანჟონი - 38, 6. ვანი - 38, 7. აგეტმო - 27, 8. სენ ჟან დანჟელი - 23, 9. ნუარი - 22, 10. მარმანდი - 20.

XVII ტური
პერიგო-სენ ჟან დე ლუზი, ნუარი-ლანჟონი, ვანი-სენ ნაზერი, მარმანდი-ტიროსი, აგეტმო-სენ ჟან დანჟელი.

რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა აქვს D ჯგუფის ბინადარ ორ ქართულ გუნდს. მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენმა" სტუმრად წააგო "კასტანესთან" 9:34 და 22 ქულით ბოლო ადგილზეა.

მჭედლიშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, კვირიკაშვილმა "ბორჯღალოსანთა" რიგებში ითამაშა.

"სენ ჟუნიენს" ხუთი ქულით უსწრებს და მე-8 ადგილზეა სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერე", რომელიც სტუმრად დამარცხდა "სენ მედართან" - 28:30.

მალაღურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა გუნდს 23 ქულა მოუტანა. (შვიდი საჯარიმო და ერთი გარდასახვა). თავიდან ბოლომდე ითამაშა მაისურაძემაც, რომელიც არბიტრმა 24-ე წუთზე გაასინბინა.

D ჯგუფი
ლიმოჟი-ლანამეზანი 21:17, მონტობანი-ნევერი 40:16, ლურდი-ოლორონი 32:27, კასტანე-სენ ჟუნიენი 34:9, სენ მედარი-ბაგნერე 30:28.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 64 ქულა, 2. ნევერი - 56, 3. კასტანე - 41, 4. ოლორონი - 40, 5. ლიმოჟი - 39, 6. ლანამეზანი - 34, 7. ლურდი - 32, 8. ბაგნერე - 27, 9. სენ მედარი - 24, 10. სენ ჟუნიენი - 22.

XVII ტური
ლანამეზანი-მონტობანი, ოლორონი-ლიმოჟი, ლურდი-სენ მედარი, ნევერი-კასტანე, სენ ჟუნიენი-ბაგნერე.

ფოტოზე: ლაშა მალაღურაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული