ჯაბა ბრეგვაძისა და დავით ზირაქაშვილის წყვილი ლელო საფრანგეთში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა და ახლა ყველა ქულას, ფაქტობრივად, ოქროს ფასი აქვს.

ლიდერთა შორის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდია, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ექვსს აქვს.

გათამაშების ლიდერმა - დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად ითამაშა ბასკურ "ბაიონთან", რომელსაც დივიზიონიდან გავარდნის თეორიული საფრთხე ემუქრებოდა და 28:33 დამარცხდა.

ტულონელები მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. გუნდს აკლდა ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი და ავსტრალიელი შუამარბი
მეთ გიტო;
არ უთამაშია ასევე ფრედერიკ მიშალაკსაც.

ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე ქუბრიაშვილმა შეცვალა, მიაქუტაძე მოედანზე 51-ე წუთიდან გამოჩნდა.

"ტულონის" გასწრებისა და გალიდერების შანსი გაუშვა ხელიდან დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშა, სტუმრად წააგო კიდევ ერთ ბასკურ გუნდ "ბიარიცთან" - 28:32.

თამაშის 68-ე წუთამდე ანგარიში მასპინძლებს მიჰყავდათ. "ვულკანები" ბრუკ ჯეიმზის ლელოთი დაწინაურდნენ, რომელიც თავადვე გარდასახა - 23:22.

სამ წუთში სტუმართა გუნდი ზირაქაშვილის ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდა. მასპინძელთა მოედნის ნახევარზე წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მეორეხაზელმა ჯიმი კუდმორმა აიტაცა და მოკლე ფრთაზე შეუტია. მას ზირაქაშვილიც მიჰყვა. კანადელმა დროულად შენიშნა საქართველოს ნაკრების პირველხაზელის მანევრი, ბურთი მას გაატანა და ჩვენმა შერკინების ბურჯმა ლელომდე 22 მეტრი გარემარბივით გაირბინა.

მიუხედავად ამისა, "ვულკანებმა" გამარჯვების შენარჩუნება ვერ შეძლეს. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული იყო ქართული წარმოშობის ფრანგი ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი, რომელმაც ორივე ლელო გარდასახა, რასაც ექვსი საჯარიმო მიუმატა (22 ქულა).

კოლელიშვილს არ უთამაშია, რადგან ჰონგ კონგში საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში იასპარეზა.

საფრანგეთის ჩემპიონი - ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" 69 ქულით მესამე ადგილზეა. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" მიიღო და 43:16 მოუგო.

არადა, პირველი ნახევარი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 10:9 მოიგეს. ტულუზელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მეორე ტაიმში, 50-ე წუთიდან შეძლეს.

ბრეგვაძემ 77-ე წუთზე ლელო გაიტანა, მანამდე კი, 17 წუთით ადრე, ტიერი დუსოტუარს გაატანინა.

კაკოვინი თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმაც", რომელიც 62 ქულით მეოთხე ადგილზეა.

კასტრელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, შინ სძლიეს ერთ-ერთ აუტსაიდერ "აჟენს" - 20:9. ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

"კასტრს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად შეძლო "გრენობლის" დამარცხება - 16:9.

ჩვენებურთა ეს გუნდი ერთადერთია, ვინც 22-ე ტურში სტუმრად მოიგო.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ.

ელიტურ, პირველ დივიზიონში დარჩენის ყველანაირი შანსი გადაეწურა თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანს", რომელმაც ამჯერად სტუმრად წააგო "ბორდოსთან" - 7:40. მჭედლიძეს არ უთამაშია.

I დივიზიონი
ბაიონი-ტულონი 33:28, მეტრო რასინგი-პერპინიანი 23:19, ბორდო-მონ დე მარსანი 40:7, კასტრი-აჟენი 20:9, გრენობლი-მონპელიე 9:16, ბიარიცი-კლერმონი 32:28, ტულუზი-სტად ფრანსე 43:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 77 ქულა, 2. კლერმონი - 75, 3. ტულუზი - 69, 4. კასტრი - 62, 5. მეტრო რასინგი - 62, 6. მონპელიე - 59, 7. პერპინიანი - 56, 8. გრენობლი - 49, 9. ბიარიცი - 47, 10. სტად ფრანსე - 46, 11. ბაიონი - 45, 12. ბორდო - 36, 13. აჟენი - 27, 14. მონ დე მარსანი - 15.

XXIII ტური
ბიარიცი-გრენობლი, სტად ფრანსე-ტულონი, პერპინიანი-კასტრი, კლერმონი-აჟენი, ბორდო-ბაიონი, მონ დე მარსანი-მონპელიე, მეტრო რასინგი-ტულუზი.

* * *
მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი. აქ პირველი დივიზიონის ერთი საგზური დიდი ხანია "ოიონაქსმა" მოიპოვა, რომელიც უახლოეს მდევარ "ლა როშელს" 21 ქულით უსწრებს და ელიტაში თამაშის უფლებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში გაიფორმებს.

დარჩენილი ერთი ადგილისთვის აქ ერთბაშად შვიდი გუნდი იბრძვის, რომელთაგან ხუთი ქართველი მორაგბეებისაა.

მესამეადგილოსანმა მამუკა მაგრაქველიძის "პომ" სტუმრად ითამაშა აუტსაიდერთან, შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასისთან" და 20:44 დამარცხდა.

აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრაქველიძე და სუთიაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთვნენ.

"პოს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელმაც შინ დაამარცხა ტარიელ რატიანიძის "დაქსი" - 26:14.

ხინჩაგიშვილმა სრულად ითამაშა; შველიძე, ნატრიაშვილი და რატიანიძე განაცხადში არ იყვნენ.

65-65 ქულა აქვს და მეხუთე-მეშვიდე ადგილებს იყოფს ქართველ მორაგბეთა ერთბაშად სამი გუნდი. ესენია: "ლიონი", "ტარბი" და "ორიაკი".

გურამ კავთიძის "ლიონმა" ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" უმასპინძლა და 33:6 მოუგო.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ასეიშვილი მეორე ტაიმში შეცვალეს, ნაცარაშვილი და კავთიძე განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო ბექა შეყლაშვილის "ბეზიესთან".

ნემსაძე, რომელმაც სრულად ითამაშა, 48-ე წუთზე გაასინბინეს; თავიდან ბოლომდე ითამაშა ჩხაიძემაც, მირცხულავა მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა, შეყლაშვილი 14 წუთის შემდეგ შეცვალეს, დადუნაშვილს არ უთამაშია.

ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, კახაბერ კობერიძისა და ვახტანგ ახობაძის "ალბიმ" შინ დაამარცხა "კარკასონი" - 23:11 და ახლა 53 ქულით მე-11 ადგილზეა. თეთრაშვილი და ახობაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ერთდროულად 57-ე წუთზე შეცვალეს. მაისურაძე, თოდუა და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი
ნარბონი-ოიონაქსი 6:9, ბეზიე-ტარბი 11:3, ალბი-კარკასონი 23:11, ოში-კოლომიე 19:19, ლა როშელი-ექსი 39:21, ბრივი-დაქსი 26:14, მასი-პო 44:20, ლიონი-ორიაკი 33:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 97 ქულა, 2. ლა როშელი - 78, 3. პო - 75, 4. ბრივი - 74, 5. ლიონი - 65, 6. ტარბი - 65, 7. ორიაკი - 65, 8. კარკასონი - 60, 9. ნარბონი - 58, 10. კოლომიე - 56, 11. ალბი - 53, 12. ოში - 41, 13. ბეზიე - 39, 14. ექსი - 38, 15. დაქსი - 36, 16. მასი - 31.

XXVI ტური
კოლომიე-ბრივი, ტარბი-ოში, ლა როშელი-მასი, დაქსი-ექსი, კარკასონი-ბეზიე, ორიაკი-პო, ალბი-ნარბონი, ოიონაქსი-ლიონი.

* * *
ორკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა გათამაშება კელტთა ლიგაში. მე-18 ტურში ლიდერობა დაკარგა ირლანდიურმა "ალსტერმა", რომელმაც მოულოდნელად სტუმრად წააგო დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგთან" - 8:14. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი განაცხადში არ იყო.

აქ ლიდერობა ხელთ იგდო შარშანდელმა გამარჯვებულმა, მეორე ირლანდიურმა კლუბმა "ლენსტერმა", რომელმაც შინ მშრალი ანგარიშით სძლია შოტლანდიურ "გლაზგოს" - 22:0.

კელტთა ლიგა
ზებრე-ჰლანეჰლი 10:24, ოსფრიზი-ნიუპორტი 52:19, ედინბურგი-ალსტერი 14:8, ბენეტონი-კარდიფი 26:17, მანსტერი-ქონოთი 22:0, ლენსტერი-გლაზგო 22:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 63 ქულა, 2. გლაზგო - 62, 3. ალსტერი - 62, 4. ოსფრიზი - 54, 5. ჰლანეჰლი - 54, 6. მანსტერი - 47, 7. ბენეტონი - 39, 8. კარდიფი - 33, 9, ქონოთი - 32, 10. ედინბურგი - 28, 11. ნიუპორტი - 23, 12. ზებრე - 8.

XIX ტური
ზებრე-ედინბურგი, ნიუპორტი-ჰლანეჰლი, გლაზგო-მანსტერი, კარდიფი-ოსფრიზი, ლენსტერი-ალსტერი, ბენეტონი-ქონოთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული