"ჰაინეკენის თასის" მოპოვების შანსი ქართველ მორაგბეთა ორ გუნდს აქვს

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ ბრძოლას ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდიდან სამი განაგრძობს.

ყველაზე პრესტიჟული - "ჰაინეკენის თასის" მოპოვების შანსი ერთბაშად ორ "ქართულ გუნდს" აქვს. ესენია: "კლერმონი" და "ტულონი".

დავით ზირაქაშვილის და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" მეოთხედფინალში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" შინ დაუპირისპირდა და 36:14 დაამარცხა.

მატჩის გმირი ახალზელანდიელი გარემარბი სიტივენი სივივატუ შეიქნა, რომელმაც ორი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ერთხელ თვითონ შეაღწია ჩათვლის მოედანში, მეორედ კი შუამარბ ორელიან რუჟერის გაატანინა ლელო. ამით "ვულკანებმა" მეტოქე საბოლოოდ გატეხეს.

"მონპელიეს" ძალიან არ
გაუმართლა, რადგან მატჩის დასაწყისშივე დაშავდა გუნდის მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი.

თამაშამდე ერთი დღით ადრე გაცხადებულ სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი, თუმცა ის ვარჯიშისას დაშავდა და განაცხადში აღარ შეიყვანეს.

გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი, ნარიაშვილი და კოლელიშვილი განაცხადში არ იყვნენ. "კლერმონის" მეტოქე ნახევარფინალში ირლანდიური "მანსტერი" იქნება, რომელმაც სტუმრად შეძლო ინგლისური "ჰარლიქვინზის" დამარცხება - 18:12.

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ დაამარცხა ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" - 21:15.

თამაში გუნდების მგეზავებისა და მთავარი დამრტყმელების - ჯონი ვილკინსონისა და ტობი ფლუდის დუელად გადაიქცა. "ვილკომ" ინგლისის ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელს აჯობა და ორით მეტი საჯარიმო გაიტანა.

ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის გახლდათ, თუმცა არ უთამაშია, ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

ნახევარფინალში "ტულონის" მეტოქე გაცილებით სერიოზული იქნება - ინგლისის ჩემპიონი "სარასენზი", რომელმაც შინ დაამარცხა ირლანდიური "ალსტერი" - 27:16.

ინკენის თასი
1/4-ფინალი
კლერმონი-მონპელიე 36:14
ჰარლექვინზი-მანსტერი 12:18
სარასენზი-ალსტერი 27:16
ტულონი-ლესტერი 21:15

1/2-ფინალი
კლერმონი-მანსტერი
სარასენზი-ტულონი

* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" მეოთხედფინალური ეტაპის შემდეგ ქართველ მორაგბეთა ორი გუნდიდან ბრძოლას ერთი - ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" განაგრძობს. პარიზელებმა სტუმრად ითამაშეს ინგლისურ "ბასისთან" და 36:20 მოიგეს.

ჩვენებურის გუნდმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშა და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, პირველ ორმოც წუთში გადაწყვიტა.

პარიზელები შესვენებამდე 17 ქულით დაწინაურდნენ - 20:3 და თამაშის სადავეები ხელიდან არც მეორე ტაიმში გაუშვიათ.

ჟვანია თადარიგში იყო და მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა.

ნახევარფინალში "სტად ფრანსე" სტუმრად დაუპირისპირდება "პერპინიანს", რომელმაც თავის მხრივ, შინ დაამარცხა საფრანგეთის ჩემპიონი - ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი" - 30:19.

ტულუზელებმა მასპინძლებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მატჩის პირველ ტაიმში გაუწიეს, თუმცა პერპინიანელებმა, რომლებიც ნელ-ნელა იბრუნებენ უწინდელ ფორმას, ფრანგული გრანდი შინ მაინც გაწბილებული გაისტუმრეს.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ირლანდიური "ლენსტერი" შინ მიიღებს ბასკურ "ბიარიცს". საგულისხმოა, რომ ორივე თასის ნახევარფინალში ხუთი ფრანგული გუნდი იასპარეზებს, ორი ირლანდიურია და ერთიც ინგლისური.

ემლინ ჩელენჯ კაპი
1/4-ფინალი
პერპინიანი-ტულუზი 30:19
ბასი-სტად ფრანსე 20:36
ვოსფსი-ლენსტერი 28:48
გლოსტერი-ბიარიცი 31:41

1/2-ფინალი
პერპინიანი-სტად ფრანსე
ლენსტერი-ბიარიცი

რვა მეოთხედფინალი და მხოლოდ ორი ქართველი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული