ლეგიონერები: გამარჯვებული ქართული რაგბია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ნახევარფინალური მატჩების გამართვის დროც დადგა.

სასიხარულოა, რომ ჩემპიონობის მაძიებელი ოთხივე გუნდი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "კლერმონი", "ტულონი", "ტულუზი" და "კასტრი".

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა, ნანტში მეოთხე ადგილზე გასულ ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" დაუპირისპირდება.

"ვულკანებმა" ერთი კვირის წინათ დრამატულ ბრძოლაში წააგეს "ჰაინეკენის თასის" ფინალში, რამაც მათ საბრძოლო განწყობას, გამორიცხული არ არის, რომ ფსიქოლოგიური დაღი დაასვა.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ "კლერმონი" საკმაოდ გამოცდილი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. 2007 წლიდან მოყოლებული ეს გუნდი
მუდმივად პლეი ოფშია და 2010 წელს ჩემპიონობასაც გამოჰკრა ხელი.

თითქმის იმავეს თქმა შეიძლება "კასტრზეც", თუმცა ამ გუნდმა ნახევარფინალში მხოლოდ ერთხელ გააღწია.

კასტრელები ამჟამად შესანიშნავ ფორმაში არიან, რაზეც ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში

"მონპელიესთან" გამარჯვებაც მოწმობს. ამიტომ, "კასტრისგან" სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

ნახევარფინალის მეორე წყვილში დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზს" დაუპირისპირდება.

ტულონელებმა ერთი კვირის წინათ დუბლინში "ჰაინეკენის თასი" მოიგეს. ეს პირველი სერიოზული წარმატებაა მას შემდეგ, რაც მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალმა ზე გუნდის შენება დაიწყო.

"ტულონის" მორაგბეებს, ცხადია, ამ გამარჯვებამ განწყობა აუმაღლა, მაგრამ ისიც კარგად ესმით, რომ ციდან მიწაზე დროულად უნდა დაეშვან.

მით უფრო, რომ მეტოქე ძალზედ სერიოზული ჰყავთ. ბოლო 25 წლის განმავლობაში "ტულუზმა" 19 ნახევარფინალი ითამაშა და აქედან 11 მოიგო.

შარშან ფინალში, სწორედ ეს გუნდები იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მაშინ ტულუზელთა ახალზელანდიელმა მგეზავმა ბრუკ ჯეიმზმა ექვსი საჯარიმო გაიტანა, "ტულონის" ინგლისელმა მექულემ, ჯონი ვილკინსონმა კი, ოთხჯერ შეძლო ბურთის მეტოქის კარის ძელებს შორის გატარება.

"ტულუზი" შარშანდელთან შედარებით ოდნავ ფერმკრთალად გამოიყურება. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და "ტულუზს" კრიზისი დაეწყო.

ამიტომ, საფრანგეთის ჩემპიონები ყველაფერს იღონებენ, რათა ევროპის წლევანდელ ჩემპიონს მოუგონ და კრიტიკოსები დაადუმონ.

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაშია, ბრეგვაძე და ქუბრიაშვილი თადარიგში არიან, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში ვერ მოხვდნენ.

I დივიზიონი
ნახევარფინალი
კლერმონი-კასტრი
ტულონი-ტულუზი

ნახევარფინალის საპასუხო მატჩები გაიმართება ფედერალ 1 დივიზიონში, სადაც სამწუხაროდ, ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ვერ გააღწიეს.

სამაგიეროდ, ასპარეზობას განაგრძობს ქართველი მწვრთნელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელის დავით ბოლღაშვილის "ლილი", რომელმაც ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად წააგო "ბურგ ან ბრესთან" - 5:26.

შეგახსენებთ, რომ აქ ფინალში გასულები ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს მოიპოვებენ.

ფედერალ 1
ნახევარფინალი
ბურგ ან ბრესი-ლილი 25:6
მონტობანი-ბურგუენი 18:10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული