დავით ქუბრიაშვილი პარიზულ "სტად ფრანსეში" გადავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონის გუნდები მომავალი სეზონისთვის გამალებით ემზადებიან.

სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და გუნდების აქტიურობაც საგრძნობია. ცხადია, ამ ციებ-ცხელებაში ქართველი მორაგბეებიც არიან ჩართულნი.

ევროპის თასების ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" მფლობელი "ტულონი" დატოვა და ფრანგული რაგბის ერთ-ერთ უძველეს კლუბში, პარიზულ "სტად ფრანსეში" გადაბარგდა საქართველოს ნაკრების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, "დუდუს" გუნდში პრობლემა იტალიელი პირველხაზელის, მარტინ კასტროჯოვანის მიწვევის შემდეგ შეექმნა.

ქართველ მორაგბეს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა - სხვა გუნდში უნდა გადასულიყო. მით უფრო, რომ მისი მსურველები
საკმარისად იყვნენ: ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი" და ბასკური "ბაიონი".

თუმცა "დუდუს" ხელს ის ფაქტი უშლიდა, რომ კონტრაქტის მიხედვით, "ტულონთან" კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებდა.

ასეთ, თუ შეიძლება ითქვას, საჩოთირო ვითარებაში, ტულონელთა მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი "კაცურად" მოიქცა, ქუბრიაშვილს კონტრაქტი გაუწყვიტა და "სტად ფრანსეში" კომპენსაციის გარეშე გაუშვა. შედეგად, "დუდუმ" ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "სტად ფრანსეში" თამაშობს კიდევ ერთი ქართველი, შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია.

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ელიტური, მეორე დივიზიონის "ალბიში" ითამაშებს "არმიას" მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი. მას საფრანგეთში გადაბარგების მცდელობა შარშანაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოუვიდა.

ამჯერად ბუჯიაშვილი, რომელიც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე იყო, ქართველებით ისედაც მრავალრიცხოვანი გუნდის ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ "ალბიში", რომელმაც გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა, ხუთი ქართველი თამაშობდა. ესენია: ალექსანდრე თოდუა, გიორგი კობერიძე, ვახტანგ მაისურაძე, ვახტანგ ახობაძე და გიორგი თეთრაშვილი.

სამწუხაროდ, მეორე დივიზიონების კლუბები დატოვეს ირაკლი ნატრიაშვილმა (ბრივი) და დავით დადუნაშვილმა (ტარბი).

"ბრივმა" სულაც ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური მოიპოვა. თუმცა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი გუნდს უძლიერესთა შორის საასპარეზოდ არ გადაჰყვება.

ნატრიაშვილი, სავარაუდოდ, ფედერალ 1 დივიზიონის "პერიგოში" განაგრძობს კარიერას, სადაც უკვე დიდი ხანია, "ბორჯღალოსნების" შუამარბი თედო ზიბზიბაძე ასპარეზობს.

დავით დადუნაშვილმა კი, რომელიც ქართველებით ასევე "დახუნძლულ" "ტარბში" თამაშობდა, ფედერალ 1 დივიზიონში დაქვეითებულ "მასის" მიაშურა.

ქართველი შერკინების ბურჯი ამ პარიზულ გუნდში იქამდე საკმაოდ დიდხანს ირჯებოდა. "მასიში", მის გარდა, დავით აშვეთია და შალვა სუთიაშვილი ირიცხებიან.

ფედერალ 1 დივიზიონიდან გავარდნილი "სენ ჟუნიენი" დატოვა და "ბაგნერეში" გადაბარგდა შერკინების ბურჯი გიორგი მჭედლიშვილი. მას აქ ქართველი მორაგბეებიდან შერკინების კვაჭი სიმონ მაისურაძე და მგეზავი ლაშა ხმალაძე დახვდებიან. ამავე დივიზიონის "რომანი" დატოვა და "დიჟონში" ჩაირიცხა პირველხაზელი ირაკლი ნინიძე.

"როდეზში" აღარ ითამაშებს საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა. ფრანგული სარაგბო ვებგვერდების ინფორმაციით, ის შეიძლება რუსეთში გადაბარგდეს. მსგავსი ინფორმაცია შარშანდელი სეზონის დაწყების წინაც ვრცელდებოდა, თუმცა კაჭარავა საფრანგეთში დარჩა.

ელიტური, მეორე დივიზიონის "პო" დატოვა ქართველმა პირველხაზელმა მამუკა მაგრაქველიძემ. მის შესაძლო მომავალ გუნდად "ბურგუენი" და "ბურგ ან ბრესი" სახელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული