საფრანგეთის ელიტაში "ქართული გუნდების" რეკორდული რაოდენობაა

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჟღენტი "პერპინიანის" პრეზენტაციაზე

საფრანგეთში სატრანსფერო სეზონი დასრულდა. გუნდების უმრავლესობამ ყველა სასურველ მოთამაშესთან კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონისთვის მზადებასაც შეუდგა.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ქართველი მორაგბეები რეკორდულად დიდი რაოდენობის გუნდებში ითამაშებენ.

ჩვენებურები ცხრა გუნდის ღირსებას დაიცავენ. მათ აქამდე ამდენ ელიტურ კლუბში არასდროს უასპარეზიათ. შარშან ეს რიცხვი სამით ნაკლები იყო.

წლეულს "ქართული გუნდების" რიგებში "პერპინიანი" და "მეტრო რასინგი" ჩაირიცხნენ, "ბრივი" კი ელიტაში მეორე დივიზიონიდან გადაბარგდა.

წლეულს კატალონიური გუნდის ღირსებას "მონპელიეს" შერკინების ყოფილი ბურჯი გიორგი ჟღენტი დაიცავს. პარიზულ "მეტრო
რასინგში" ყოფილი ბრიველი დავით ხინჩაგიშვილი ითამაშებს.

მეორე დივიზიონში წარმატებული გამოსვლის შედეგად "ბრივი" ერთწლიანი დაქვეითების შემდეგ ისევ პირველ დივიზიონში დაბრუნდა. ეს გუნდი ორმა ქართველმა მორაგბემ დატოვა. ხინჩაგიშვილის შესახებ უკვე ვთქვით. შერკინების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "პერიგოს" მიაშურა. სამაგიეროდ, მეორე დივიზიონის "ორიაკიდან" "ბრივში" ჩაირიცხა შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი. აქვე განაგრძობს კარიერას ვეტერანი ქართველი პირველხაზელი გოდერძი შველიძე.

კლუბი გამოიცვალა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა, რომელმაც "ტულონში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ პარიზში, ფრანგული რაგბის უძველეს კლუბ "სტად ფრანსეში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.

საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში წლეულს 17 ქართველი იასპარეზებს. აქედან ორი, კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) და ლაშა ლომიძე (მონპელიე), მეორეხაზელია. ერთიც, მამუკა გორგოძე (მონპელიე) მესამეხაზელია, სხვა დანარჩენნი კი პირველხაზელები არიან.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მორაგბეთა ყველა გუნდს, ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოსა" და ახლახან აღზევებული "ბრივის" გარდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

საფრანგეთი. I დივიზიონი
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე (ორივე - ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფრანსე), მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი, ლაშა ლომიძე, გაგი ბაზაძე (ოთხივე - მონპელიე), გიორგი ჟღენტი (პერპინიანი), ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე - ტულუზი), ზაზა ნავროზაშვილი (ბორდო), დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი,. გოდერძე შველიძე, კარლენ ასეიშვილი (ბრივი).

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ექვს გუნდში 15 ქართველი მორაგბე ირიცხება. ყველაზე მეტი, ექვსი მორაგბე "ალბის" ღირსებას დაიცავს. ამ კლუბში გასულ სეზონში ხუთი ქართველი თამაშობდა, წლეულს მათ კიდევ ერთი, "არმიას" მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი დაემატა.

ელიტური, პირველი დივიზიონის "კლერმონიდან" "ლიონში" გადაბარგდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი. ამ გუნდში უკვე სამი წელიწადია შერკინების ბურჯი გურამ კავთიძე ასპარეზობს. გუნდი გამოიცვალა კიდევ ერთმა შერკინების ბურჯმა ტარიელ რატიანიძემ. მან "დაქსში" ასპარეზობას პირველი დივიზიონიდან დაქვეითებულ "აჟენში" არჩია თამაში.

მეორე დივიზიონში მოთამაშე ჩვენებურების სათამაშო ამპლუა პირველზე მრავალფეროვანია. ალექსანდრე თოდუა (ალბი) გარემარბია, გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი) და ხვიჩა ბუჯიაშვილი (ალბი) მესამეხაზელები არიან. ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი) და გიორგი ნემსაძე (ტარბი) მეორე ხაზში ირჯებიან.

ელიტურ, პირველ დივიზიონში გადასვლისთვის, სავარაუდოდ, "ლიონი", "ორიაკი" და "აჟენი" იბრძოლებენ.

საფრანგეთი. II დივიზიონი
ვიქტორ კოლელიშვილი, გურამ კავთიძე (ორივე - ლიონი), კახაბერ კობერიძე, ალექსანდრე თოდუა, ვახტანგ მაისურაძე, ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი, ხვიჩა ბუჯიაშვილი (ყველა - ალბი), ირაკლი მირცხულავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე (სამივე - ტარბი), ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი (ორივე - ორიაკი), ტარიელ რატიანიძე (აჟენი), ბექა შეყლაშვილი (ბეზიე).

შოტლანდიურ "ედინბურგში" იასპარეზებს დიმიტრი ბასილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Mchedlidzeze da mont de marsanze ratom araferia natqvami? Sadme gadavida tazo?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული