ქართველ მორაგბეთა "ტულონი" გამარჯვებით იწყებს

AutoSharing Option
ქართველ მორაგბეთა გუნდები საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ.

ბოლო, დასკვნით ეტაპზე ისინი საკონტროლო მატჩებს მართავენ და ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში არიან.

პირველი საკონტროლო თამაში გამართა "ჰაინეკენის თასის" მფლობელმა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა", რომელმაც "სტად დე მაიოლზე" ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" უმასპინძლა და 34:23 დაამარცხა.

ტულონელთა შემადგენლობაში პირველად ითამაშეს შერკინების იტალიელმა ბურჯმა მარტინ კასტროჯოვანიმ და სამხრეთაფრიკელმა გარემარბმა ბრაიან ჰაბანამ.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მელელოვეს, ამჯერად, მეტოქის ჩათვლის მოედანში არ შეუღწევია.

სამაგიეროდ, ორი ლელო მიითვალა ინგლისელმა ფულბეკმა დელონ არმითიჯმა.

მიქაუტაძემ და ნავროზაშვილმა მეორე
ტაიმი სრულად ითამაშეს, ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

პირველი საკონტროლო მატჩი გამართა საფრანგეთის ჩემპიონმა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმაც", რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში გიორგი ჟღენტის "პერპინიანს" სძლია - 14:12.

კასტრელებს მეტოქის ძლევა ძალიან გაუჭირდათ, ბოლო წუთამდე კატალონიელები მინიმალური სხვაობით იგებდნენ და ჩემპიონებმა საჯარიმოს წყალობით შეძლეს მათთვის გამარჯვების ხელიდან გამოგლეჯა.

რაგბის თამაშის გაკვეთილი ჩაუტარა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" ელიტურ, პირველ დივიზიონში დაბრუნებულ გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივს". მონპელიელებმა მეტოქე 31:6 დაამარცხეს.

ნარიაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, შველიძე მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, ასეიშვილი და გორგოძე განაცხადში არ იყვნენ.

მოულოდნელად დამარცხდა წლეულს პირველ დივიზიონში აღზევებულ "ოიონაქსთან" დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" - 14:23.

"ვულკანების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ვერნ კოტერმა სათამაშოდ შესუსტებული შემადგენლობა გაიყვანა.

მაგალითად, დავით ზირაქაშვილი, ვესლი ფოფანა, ორელიან რუჟერი და ნაპოლიონი ნალაგა სულაც ცივილურ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი და თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა", რომელიც ელიტურ, მეორე დივიზიონში ასპარეზობს, "კელტთა ლიგის" წარმომადგენელს, იტალიურ "ზებრეს" მოუგო 17:12. თამაშში ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

საკონტროლო მატჩები
მონპელიე-ბრივი 31:6, კასტრი-პერპინიანი 14:12, ტულონი-ბორდოს 34:23, ბიარიცი-გრენობლი 15:12, ოიონაქსი-კლერმონი 23:14, ორიაკი-ზებრე 17:12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული