ლევან ჩილაჩავა: "ტულონში" ჩემი მეტოქეები კასტროჯოვანი და ჰეიმანი არიან

AutoSharing Option
დოსიე
ლევან ჩილაჩავა
დაიბადა: 17.08.1991 წელი
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 120 კგ
ამპლუა: ბურჯი (#3)
გაიზარდა: "უნივერსიტეტში"
თამაშობს: ტულონში (2010 წლიდან)
ნაკრები: 7 კეპი, 3 ლელო
ჰაინეკენის თასის მფლობელი

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა 22 წლისა ახლახან გახდა. მიუხედავად ამისა, მან უკვე მოასწრო ეროვნულ
უჯდში 7 კეპის მოხვეჭა და სამი ლელოს გატანა.

ამასთან ერთად, ჩილაჩავა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ღირსებას იცავს და მასთან ერთად გასულ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების, "ჰაინეკენის თასის" მფლობელი გახდა.

"ტულონთან" ერთად ლევანმა ახალ სეზონშიც
შესანიშნავად აიღო სტარტი. ამ გუნდს სერიოზული ამბიციები აქვს, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ისედაც ვარსკვლავებით მოჭედილმა კლუბმა სეზონის წინ კიდევ რამდენიმე მეგა ვარსკვლავი დაიმატა.

ცხადია, საინტერსოა, როგორ გრძნობს მათ შორის თავს ახალგაზრდა ქართველი მორაგბე. ამის გასაგებად მას ტულონში დავუკავშირდით და საუბარი სეზონისწინა პერიპეტიებით დავიწყეთ.

- სეზონისთვის მზადება საფრანგეთის ალპებში დავიწყეთ. ბარში პაპანაქება სიცხე იყო, იქ კი ყინვასა და სიცივეში ერთი კვირა ვვარჯიშობდით. შევსება წლეულსაც სერიოზული მივიღეთ, ბრაიან ჰაბანა, დრიუ მიტჩელი, მარტინ კასტროჯოვანი დაგვემატნენე. ახლახან კი გუნდთან კონტრაქტი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილმა მესამეხაზელმა ჟუან სმიტმა გააფრომა. ერთი სიტყვით, ისედაც სოლიდური შემადგენლობა, კიდევ უფრო გაძლიერდა. სეზონის დაწყების წინ ოთხი საკონტროლო თამაში გავმართეთ და ოთხივეში გავიმარჯვეთ.

- სეზონი "ტულონმა" წარმატებით დაიწყო. გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. "ტულონის" მთავარი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი ხან გათამაშებთ, ხან არა. რატომ ხდება ასე?
- დიახ, კარგი სტარტი ავიღეთ. თუ არ ჩავთვლით ერთ მარცხს "გრენობლთან", სხვა შეხვედრებში შესანიშნავად ვითამაშეთ და ახლა პირველ ადგილზე ვართ.

ლაპორტმა სეზონის წინ მითხრა, რომ წლეულს გაცილებით მეტი თამაშის საშუალებას მომცემდა. როგორც კი ამის შანსი ეძლევა, დანაპირებს ასრულებს ხოლმე. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ჩემი "მეტოქეები" იტალიელი მარტინ კასტროჯოვანი და ახალზელანდიელი კარლ ჰეიმანი არიან.

"კასტროს" ახლახან დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ამიტომ ორჯერ მომიწია თამაშმა. ერთხელ თადარიგში ვიყავი, მეორედ ძირითად შემადგენლობაში დავიწყე თამაში.

- თქვენთან ერთად "ტულონში" საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძეც ასპარეზობს. მასაც თითქმის იმ სიხშირით უწევს თამაში, როგორც თქვენ...
- კოტე ნელ-ნელა ეჩვევა ძირითად შემადგენლობას. მას გასულ უქმეებზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. ახლა კარგადაა, ხვალიდან ვარჯიშს დაიწყებს და, სავარაუდოდ, მომავალ უქმეებზე თამაშსაც შეძლებს. ისე, მასაც საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს მეორე ხაზში. ძნელია იმის დამტკიცება, რომ ბაკის ბოთას და დენი როსუს ჯობნი და ძირითადში ადგილი შენ გეკუთვნის.

- თქვენ არ ითამაშებთ მომდევნო ტურის შეხვედრაში?
- ჯერ არ ვიცი. კასტროჯოვანის დიკვალიფიკაცია დაუმთავრდა. გუნდს ჯერ ერთად არ გვივარჯიშია. გუნდი გადაიღალა, რადგან ცხრა დღის განმავლობაში სამი მატჩის თამაშმა მოგვიწია. ცოტა დასვენება იყო საჭირო და ამიტომ, მხოლოდ განვლილი მატჩების ვიდეო ანალიზს დავუთმეთ დრო.

- "ტულონი" დიდი ხანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარსკვლავებს აგროვებს. ჯონი ვილკინსონი, მეთ გიტო, ბრაიან ჰაბანა და სხვები ერთად თვალისმომჭრელად "ანათებენ". როგორ დაახასიათებდით თითოეულ მათგანს, როგორი ადამიანები არიან?
- ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. განსხვავება ჩვენს შორის არ არის. ვერაფრით იგრძნობ, რომ ის ვარსკვლავია და შენზე რამით უკეთესია. ყველა ერთნაირია, განსაკუთრებით ვერავის გამოვყოფ. ეს, ცხადია, გუნდში კარგ ატმოსფეროს ქმნის. მორაგბეები მეგობრულად ცხოვრობენ და ერთ მუშტად შეკრული ვიბრძვით მიზნის მისაღწევად.

- ძნელი არ არის ასეთ ვარსკვლავურ გარემოცვაში თამაში?
- ძალიან ძნელია, თუმცა სხვა მხრივ შესანიშნავი საშუალებაა პროგრესის მისაღწევად. მათგან ბევრს ვსწავლობ. მაგალითად კასტროჯოვანი და ჰეიმანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონკურენტები არიან, ხშირად მაძლევენ რჩევებს როგორც შერკინებაში, ისე ღია თამაშისას.

- აუცილებლად მინდა გკითხოთ კლუბის პრეზიდენტის მურად ბურჯელალის შესახებ. მასზე ათასი ჭორ-მართალი დადის, ახირებული კაციაო ამბობენ. იმასაც ამტკიცებენ, გუნდის შემადგენლობას თვითონ აყენებსო...
- შიდა სამზარეულოში რა ხდება, ვერაფერს გეტყვით. ბურჯელალი ამბიციური კაცია. ორიოდ კვირის წინათ გვითხრა, ნიცაში ან მონაკოში თებერვლის ბოლოს ზე რაგბის გამარჯვებულს, ჰემილთონის "ჩიფსს" უნდა ვეთამაშოთო.

- ეგ ცნობილი ამბავია. ბურჯელალს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზება უნდა, თუმცა სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა და ზემოთ ხსენებული მატჩის გამართვა აუკრაძალეს.
- დიახ, ასეა. მას მაინც სურს "ჩიფსს" ამხანაგურად ვეთამაშოთ. ბურჯელალის უნდა ყველას დაანახოს, რა საინტერესო იქნება ევროპისა და სამხრეთ ნახევარსფეროს საუკეთესო კლუბების დაპირისპირება.

- გასულ სეზონში "ჰაინეკენის თასი" მოიგეთ, თუმცა არანაკლებ სასურველ ტიტულს, საფრანგეთის ჩემპიონობას ვერ შესწვდით. წლეულს, ალბათ, ამ "ხარვეზის აღმოფხვრას" შეეცდებით...
- აუცილებლად. წლეულს მთავარი აქცენტი საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე გვაქვს აღებული. თუმცა პარალელურად თუ "ჰაინეკენის თასსაც"მოვიგებთ, ცხადია, კარგი იქნება. ისე კი, რა ტურნირსაც ვითამაშებთ, ყველაფრის მოგება გვინდა.

- მოდით, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. ნოემბერში სამი ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩი გველის აშშ-ის, კანადისა და სამოას ნაკრებებთან. თქვენ, ალბათ, "ბორჯღალოსანთა" რიგებში გიხმობენ?
- ნოემბერში მართლაც სერიოზული თამაშები გვექნება. ძალიან რთული მეტოქეები გვყავს. მოუთმენლად ველი, როდის გამოცხადდება ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. თუ გამომიძახებენ, ძალიან გამიხარდება.

მილტონ ჰეიგი კარგი მწვრთნელია, უპირატესობას უფრო მოძრავ, სწრაფ მოთამაშეებს ანიჭებს და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მისი ტაქტიკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული