ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმრებმა ქართველი ლეგიონერების გარეშე იასპარეზეს - გორგოძემ აგვისტოში მიღებული ტრავმა ახლახან მოიშუშა და მსუბუქად ვარჯიშობს, ხოლო ნარიაშვილს ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი.
მატჩი პირველი წუთებიდანვე "პერპენიანის" აშკარა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მასპინძლებმა, გამარჯვებასთან ერთად, მეტოქეზე სამი ლელოთი მეტის გატანისათვის ბონუს-ქულაც ირგუნეს.
* * *
შაბათს, ტურის ცენტრალურ
შეხვედრის ერთადერთი ლელო 37-ე წუთზე მასპინძელთა ჰუკერმა ბრის მაჩმა გაიტანა, მატჩში გადამწყვეტი კი "კასტრის" ძირითადი მგეზავის, სამხრეთაფრიკელი დანიელ კოკოტის ფეხჩუბინობა გამოდგა, რომელმაც პირწმინდად მოუგო პირადი დუელი ჯონი ვილკინსონს და საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.
ქართული ლეგიონიდან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ მხტომელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ მიიღო, რომელიც მე-60 წუთიდან ჩაერთო მატჩში სტუმართა რიგებში. ჩილაჩავა განაცხადში არ გახლდათ, ხოლო ანტონ ფეიქრიშვილი კვლავ ტრავმირებულია.
* * *
"ტულონის" მარცხით მშვენივრად ისარგებლა დავით ზირაქიშვილის "კლერმონმა", რომელმაც შინ იოლად, 27:13 დაამარცხა "გრენობლი" და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა 20 ქულით.
მოგებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ბურჯს, რომელიც ჯერჯერობით ტრავმას იშუშებს. შეხვედრის გმირი კი მასპინძელთა მარბიელი დამიენ ჩული გახდა, რომლის ანგარიშზეც 2 გატანილი ლელოა.
* * *
18 ქულით ლიდერთა სამეულში იმყოფება ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე". მათ გასულ ტურში უმაღლეს დივიზიონში ახლად აღზევებული, კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" დაამარცხეს - 25:18.
სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ქუბრიაშვილი, რომელმაც 66 წუთი დაჰყო მინდორზე, ხოლო სტუმართა რიგებიდან ასეიშვილი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.
მატჩში გადამწყვეტი ფაქტორი "სტად ფრანსეს" ფულბეკის, ჯერომ პორიკალის კარგი თამაში გახდა, რომელმაც საკუთარ კლუბს ერთბაშად 20 ქულა მოუტანა.
* * *
ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის ტრავმების მიუხედავად, საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა "ტულუზმა" იოლად დაამარცხა საკუთარ არენაზე ქართული ფესვების მქონე დიმიტრი იაშვილის "ბიარიცი" - 31:7 და 16 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე დამკვიდრდა.
მასპინძლებმა პირველივე ტაიმში სოლიდური, 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის მეორე ნახევარში უპრობლემოდ დაიბევეს ბონუს-ქულაც.
* * *
ზაზა ნავროზაშვილის "ბორდომ" 35:10 გაანადგურა "ოიონაქსი" და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი მეცხრეში გადაუცვალა მეტოქეს. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ გახლდათ.
* * *
ტურის დასკვნით მატჩში დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგ 92"-მა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად 19:16 დაამარცხა "ბაიონი" და სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეოთხე საფეხურზე დამკვიდრდა.
ქართველი ბურჯი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 71-ე წუთზე შეცვალეს.
საფრანგეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები 20-21 სექტემბერს გაიმართება.
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"