ქართული ლეგიონი: ტოპ 14 - რაუნდი მეშვიდე

AutoSharing Option
მსოფლიოს უმდიდრეს სარაგბო ლიგაში - საფრანგეთის ტოპ 14-ში შაბათს მეშვიდე ტურის უაღრესად საინტერესო შეხვედრები გაიმართება და ეს მოვლენები რაღა თქმა უნდა ქართველი ლეგიონერების გარეშე არ ჩაივლის.

ტურის ცენტრალურ მატჩში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი - "ტულუზა" მოქმედ ჩემპიონ "კასტრს" უმასპინძლებს.

გასულ სეზონში ამ ტიტანთა ორივე ჯახი "ტულუზამ" მოიგო, თუმცა ორივე შემთხვევაში სხვაობა 3 ქულაზე მეტი არ ყოფილა. "კასტრი" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერჯერობით საუკეთესო დაცვის დემონსტრირებას ახდენს, ხოლო თავის მხრივ მასპინძლებს საკუთარ არენაზე ყველაზე მეტი ლელო აქვთ გატანილი მეტოქეთათვის.

ორივე გუნდს სერიოზული დანაკლისი
გააჩნია: "ტულუზას" რიგებში სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ვერ იასპარეზებენ ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, ტიერი დუზატუარი და ლუის პიკამოლი. გამოჯანმრთელდა და პირველი წუთებიდან ჩაერთვება ბრძოლაში მაქს მედარდი.

სტუმართა რიგებში კი ტრავმა აწუხებს ორ წამყვან ბურჯს: ახალ ზელანდიელ კარენა ვიჰონგის და ჩვენებურ ანტონ ფეიქრიშვილს. სრულ მზადყოფნაშია ჰუკერი ბრის მაჩი, ხოლო საიმონ ტაუმოუპაუ მიმდინარე სეზონში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.

* * *
"ბიარიცისა" და "გრენობლის" დაპირისპირება - ეს გახლავთ მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე უდისციპლინო გუნდის პაექრობა. მათ 6 ტურის განმავლობაში ჯამში 16 ყვითელი და 2 წითელი ბარათი "გამოიმუშავეს".

"გრენობლი" სახლის გუნდია და ძირითადად საკუთარ არენაზე ნაჩვენები კარგი თამაშის წყალობით ინარჩუნებს ხოლმე ადგილს უძლიერესთა შორის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ბასკთა შემადგენლობაში გამეფებულ ტრავმათა ეპიდემიას, სტუმრებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ ქულების მოსაპოვებლად - "ბიარიცს" გასულ ტურში დაემტვრა და დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება გუნდის ლიდერი რაფაელ ლაკიფა, გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერჯერობიოთ სათამაშოდ არ არის მზად კაპიტანი იმანოლ არინორდოკი.

* * *
გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" გიორგი ჟღენტის "პერპერიანს" უმასპინძლებს. მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან ამ დაპირისპირებას სტუმრები, რადგან მათ გასულ ტურში "მონპელიე" გაანადგურეს და ბონუს ქულაც ირგუნეს, ამჯერად ისინი შეეცდებიან ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვონ.

"ბრივს" მიმდინარე ჩემპიონატში საკმაოდ მძიმე სტარტი გამოუვიდა - მათ ანგარიშზე 2 მოგების წილ 4 წაგებაა და ძალიან სჭირდებათ ამ შეხვედრაში გამარჯვება, სტატისტიკაც მათ მხარესაა: "პერპერიანმა" ბრივში ბოლო სამი ვიზიტიდან სამივე წააგო.

* * *
სეზონის წინა პერიოდში დავით ხინჩაგაშვილის "მეტრო რასინგი" საკმაოდ გაძლიერდა, თუმცა ჩემპიონატის სტარტზე არცთუ ისე დამაჯერებელ თამაშს აჩვენებს. მათ განვლილი 6 ტურის განმავლობაში მხოლოდ 4 ლელოს გატანა მოახერხეს, რაც, დაგვეთანხმებით, ძალიან ცოტაა ამ კალიბრის კლუბისათვის.

21 სექტემბერს მათი მეტოქე ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" იქნება და ფრანგი სარაგბო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეხვედრა საკმაოდ მწირქულიანი უნდა გამოდგეს, თუმცა ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება "ბორდოს" მფრინავ ფიჯელ მეტუისელა ტალებულაზე, რომელიც მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება და ბოლო 4 შეხვედრაში 3 ლელოს დამიწებაც მოახერხა.

იქნებ მისმა კრეატიულობამ შეაძლებინოს ჟირონდელებს 2007 წლის შემდეგ პარიზში პირველი გამარჯვების მოპოვება.

* * *
გასულ სეზონში ლევან ჩილაჩავას და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ორჯერ შეარცხვინა "ბაიონა", დაამარცხა რა მეტოქე 59-0 და 50-10.

ფრანგი სპეციალისტები ამჯერადაც "ტულონის" იოლ გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ, რადგან "ბაიონას" მომავალ კვირას ბასკური დერბის გამართვა უწევს "ბიარიცთან" და რამოდენიმე წამყვანი მოთამაშე შეგნებულად არ გაგზავნა ტულონში.

მურად ბურჯელალის გუნდი "კასტრთან" ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ შეეცდება დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებით სრული რეაბილიტირება მოახდინოს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. გუნდს ნელ-ნელა ლაზარეთიდან უბრუნდებიან მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები: ჯო ვან ნიკერკი, მეტ გიტო, ალი უილიამსი და დრიუ მიჩელი.

* * *
ტურის დასკვნით მატჩში დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე" სტუმრად "იონიქსს" დაუპირისპირდება.

მასპინძლებს მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარ არენაზე "კლერმონი", "ბიარიცი" და "კასტრი" ჰყავთ დამარცხებული და მორიგ გამარჯვებას გეგმავენ, თავის მხრივ მშვენიერ ფორმაში იმყოფება პარიზული გუნდიც, რომელსაც ორმატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებს ზურგს.

თუ სტუმრები შეძლებენ და გაიმარჯვებენ, მაშინ მათ ეძლევათ რეალური შანსი საპლეიოფო ზონაში დამკვიდრდნენ, სადაც ისინი 2009 წლის შემდეგ აღარ ყოფილან.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული