ლეგიონერები: გიორგი ჩხაიძის პირველი ლელო ახალ სეზონში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. საგულისხმოა, რომ ამის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი ცხრა საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ და თითოეულ მათგანს პლეი ოფისთვის ბრძოლის უნარი რეალურად გააჩნია.

ამჯერად პირველ დივიზიონში ორხელისუფლებიანობაა. "ტულონმა" და "სტად ფრანსემ" 22-22 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

* * *
ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბასკურ "ბაიონს" უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით დაამარცხა - 18:12.

ბაიონელთაგან ასეთ კადნიერებას სტუმრად მრისხანე "სტად დე მაიოლზე" არავინ ელოდა. ანგარიში 27-ე
წუთზე გაიხსნა და ისიც სტუმრებმა მოახერხეს. მართალია, მასპინძლებმა პირველი ტაიმი მაინც მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ანგარიშში წინ ისევ ბასკები იყვნენ.

საბოლოოდ ტულონელებს ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობამ უშველათ. მიქაუტაძე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა; ჩილაჩავა განაცხადში არ ყოფილა.

* * *
ცხადია, სასიამოვნო მოულოდნელობაა ლიდერთა შორის დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" ხილვა.

პარიზელებმა სტუმრად დაამარცხეს უმძიმეს ბრძოლაში დივიზიონის დებიუტანტი "ოიონაქსი" - 16:15. ოიონაქსელები შინაურ არენაზე თითქმის უძლეველები არიან და "სტად ფრანსეს" ეს წარმატება ნათელი დასტურია, რომ ამ გუნდს მართლაც შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

ქართველ მორაგბეებს "ოიონაქსთან" დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

* * *
ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გრანდი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" - 43:3.

ანგარიში "ვულკანებმა" მატჩის მე-2 წუთზე საჯარიმოთი გახსნეს. თუმცა მერე მთავარი მოქმედი პირები მონპელიელთა ცხრა ნომერი ჯონათან პელისიე და მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი იყვნენ.

მასპინძელთა გუნდისთვის ქულები მხოლოდ მათ მოჰქონდათ. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

* * *
"მონპელიეს" მსგავსად, 21 ქულა აქვს ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზს", რომელმაც შინ შეძლო საფრანგეთის ჩემპიონის, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" დამარცხება - 26:9.

სამივე ქართველი პირველხაზელი ტრავმირებულია.

* * *
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა შინ დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა". პარიზელებმა ამჯერად ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" სძლიეს - 26:19.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ნავროზაშვილს არ უთამაშია.

* * *
საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა", რომელმაც შინ დამაჯერებლად დაამარცხა გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" - 31:6.

ჟღენტი მე-40 წუთზე შეცვალეს, ასეიშვილმა მოედანზე 13 წუთით მეტი დაჰყო, შველიძე ტრავმირებულია.

I დივიზიონი. VII ტური
მონპელიე-კლერმონი 43:3, ტულუზი-კასტრი 26:9, ბრივი-პერპინიანი 31:6, ბიარიცი-გრენობლი 21:27, მეტრო რასინგი-ბორდო 26:19, ტულონი-ბაიონი 18:12, ოიონაქსი-სტად ფრანსე 15:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 22 ქულა, 2. სტად ფრანსე - 22, 3. მონპელიე - 21, 4. ტულუზი - 21, 5. მეტრო რასინგი - 20, 6. კლერმონი - 19, 7. კასტრი - 16, 8. პერპინიანი - 16, 9. ბორდო - 16, 10. გრენობლი - 16, 11. ბრივი - 15, 12. ოიონაქსი - 13, 13. ბაიონი - 12, 14. ბიარიცი - 7.

VIII ტური
სტად ფრანსე-მონპელიე, ოიონაქსი-ტულონი, ბაიონი-ბიარიცი, კასტრი-მეტრო რასინგი, გრენობლი-ბრივი, პერპინიანი-ტულუზი, კლერმონი-ბორდო.

II დივიზიონი
მეორე დივიზიონში ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი უდგას. ამათგან ლიდერის, გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი" ჯერაც დაუმარცხებელია.

ჩვენებურთა ამ გუნდმა ერთ-ერთ კონკურენტს, იქამდე დაუმარცხებელ "პოს" უმასპინძლა და 39:7 მოუგო.

კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, რვა წუთით ადრე თამაშში კავთიძე ჩაერთო.

* * *
"ლიონს" კვალში უდგანან ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" და ტარიელ რატიანიძის "აჟენი". ლაროშელელებმა სტუმრად მოუგეს თორნიკე ლომიძის "ოშს" - 17:13. "აჟენმა" კი შინ უშუალო კონკურენტი "ბურგუენი" დაამარცხა - 29:12.

რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
ლიდერთა შორის გაერია გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი".

ჩვენებურთა ამ გუნდმა მეოთხე ტურში ყველაზე "ქართულ ფრანგულ კლუბს", კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბის" მოუგო - 42:19.

ჩხაიძემ სრულად ითამაშა და 26-ე წუთზე ლელო გაიტანა, ნემსაძე 79-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა 25 წუთით ადრე ჩაერთო თამაშში.

"ალბის" შემადგენლობაში ფულბეკის პოზიციაზე ითამაშა საქართველოს ნაკრების გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში ის სწორედ ამ პოზიციაზე ირჯებოდა და ურიგო არ იქნება, ოდინდელ ამპლუას ნაკრებშიც თუ დაუბრუნდება.

თოდუა 55-ე წუთზე შეცვალეს; ძირითად შემადგენლობაში იყო თეთრაშვილიც, რომელიც თამაშს პირველი ტაიმის დასრულებისთანავე გამოეთიშა.

* * *
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა თამაზ მჭედლიშვილის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" - 34:7.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა და 79-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა, ნაცარაშვილი 47-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელმაც სტუმრად წააგო "დაქსთან" - 13:27, რითაც ლანგედოკელების მდგომარეობა გაუარესდა.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი. IV ტური
ორიაკი-ბურგ ან ბრესი 34:7, ოში-ლა როშელი 13:17, დაქსი-ბეზიე 27:13, ტარბი-ალბი 42:19, ლიონი-პო 39:7, ნარბონი-მონ დე მარსანი 19:13, კოლომიე-კარკასონი 29:13, აჟენი-ბურგუენი 29:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 18 ქულა, 2. ლა როშელი - 14, 3. აჟენი - 14, 4. კოლომიე - 13, 5. პო - 13, 6. ტარბი - 11, 7. ორიაკი - 10, 8. ბურგუენი - 9, 9. ბეზიე - 9, 10. ნარბონი - 8, 11. დაქსი - 8, 12. ოში - 6, 13. მონ დე მარსანი - 6, 14. ბურგ ან ბრესი - 6, 15. კარკასონი - 5, 16. ალბი - 1.

V ტური
აჟენი-ნარბონი, ალბი-კოლომიე, ბეზიე-ლიონი, ბურგუენი-ტარბი, კარკასონი-ორიაკი, ბურგ ან ბრესი-დაქსი, მონ დე მარსანი-ოში, პო-ლა როშელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული