მამუკა გორგოძე: "მონპელიეს" ხელმძღვანელობამ თავის თავს დააბრალოს...

AutoSharing Option
ახალი სეზონიდან ფრანგული "მონპელიესა" და საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ტულონში" ითამაშებს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ტულონელებთან შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი და მომავალი წლის ზაფხულიდან ისეთი მოთამაშეების მხარდამხარ იასპარეზებს, როგორებიც ჯონი ვილკინსონი, ბრაიან ჰაბანა, ბაკის ბოთა, დრიუ მიჩელი და სხვები არიან. რაც მთავარია, ლაჟვარდოვან სანაპიროსთან კიდევ უფრო მიახლოებულ "გულივერას" (გორგოძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) ახალ კლუბში ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძეც დახვდებიან.

მანამდე კი, ტრავმის გამო რამდენიმეთვიანი უქმობის შემდეგ, მამუკა გორგოძე "მონპელიეს" გასულ კვირას დაუბრუნდა.
"ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუ კი, ბუნებრივია, "ტულონზე" ლაპარაკით დავიწყეთ:

- დიახ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ივლისიდან "ტულონში" ვითამაშებ. ხელშეკრულება 3+1 სისტემით გაფორმდება.

- ლიდერთან განშორებას "მონპელიე" ადვილად ვერ დათანხმდებოდა...
- გუნდის დატოვება რომ გადავწყვიტე, "მონპელიეს" ხელმძღვანელობამ თავის თავს უნდა დააბრალოს. როცა გუნდს დასჭირდა, მეორე ხაზში თამაშზე უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ ამის გამო მწვრთნელთან მაინც მქონდა უთანხმოება. ალბათ, ამანაც იმოქმედა...

სხვათა შორის, "მონპელიეს" ქომაგები ჩემი გაშვების გამო კლუბის ხელმძღვანელობაზე ძალიან გაბრაზდნენ.

- თავად არ გაგიჭირდება მშობლიურ კლუბთან განშორება? მეცხრე წელია, მონპელიეში ცხოვრობ...
- მეგონა, "მონპელიედან" ვერასოდეს წავიდოდი და კარიერასაც აქვე დავასრულებდი, მაგრამ... წლებია, აქ ვარ და ვფიქრობ, უკვე "გადავიზარდე" ამ გუნდისთვის. თავს რაც უნდა კარგად გრძნობდეს, წლების შემდეგ სპორტსმენს ახალი სისხლი, ახალი მოტივაცია სჭირდება.

შემართება არასდროს მაკლდა, მაგრამ შედარებით ასაკოვანი მოთამაშეებისგან ვიცი - რაც უნდა მონდომებული იყო, ახალ გუნდში მაინც სხვაგვარად ხარ მოტივირებული.

- არჩევანი მაინცდამაინც "ტულონზე" რატომ შეაჩერე, შენი გადაბირება ხომ "კლერმონსა" და "პერპინიანსაც" სურდათ?
- მათ გარდა, "სტად ფრანსეც" აქტიურობდა. სპორტული თვალსაზრისით, "ტულონი" და "კლერმონი" "პერპინიანს" ნამდვილად სჯობია, ამ ორ კლუბს შორის კი უპირატესობა მაინც "ტულონს" მივანიჭე. ჯერ ერთი, "კლერმონმა" ხელშეკრულების გაფორმება შედარებით მოკლე ვადით (2+1 წელი) შემომთავაზა. თანაც, ტულონი საცხოვრებლადაც უფრო მომწონს - სამხრეთული, მზიანი ქალაქია. ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ცხოვრება ჩემი ოჯახის წევრებსაც მოსწონთ.

ტულონელებს გუნდის შემადგენლობაც "კლერმონზე" უკეთესი ჰყავთ. დღეს "ტულონი" უძლიერესი კლუბია - შარშან "ჰაინეკენის თასი" მოიგო და "ტოპ-14"-ის ფინალის მოგებამდეც ცოტა დააკლდა.

- გამოდის, გადაწყვეტილება ზღვისა და მზის "ხათრითაც" მიგიღია...
- ბუნების მოყვარული ვარ და ნადირობაც მიყვარს, მაგრამ მთას მაინც ბარი, თბილი ჰავა მირჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე არ ვგიჟდები, კოტ-დ'აზური - კანი და ნიცა ძალიან მიყვარს... სხვათა შორის, კოტ-დ'აზური, ანუ ლაჟვარდოვანი სანაპირო, სწორედ ტულონიდან იწყება.

- "ტულონს" 2011 წელსაც შეუთანხმდი, საბოლოოდ კი მაინც "მონპელიეში" დარჩი და ტულონური კლუბის მულტიმილიონერი მფლობელი მურად ბურჯელალი ძალიან გააბრაზე. ჩანს, ბურჯელალს წყენამ უკვე გაუარა და, როგორც იქნა, დაგითანხმა...
- თავად მითხრა, იმ ამბის გახსენება აღარც მინდა, ცხოვრებაში იმდენი რამ მინახავს, მათთან შედარებით ეგ არაფერია და ძალიან გაგვიხარდება, ჩვენთან თუ წამოხვალო. ისიც იცის, რომ მაშინ "მონპელიემ" ყველაფერი გააკეთა ჩემს შესანარჩუნებლად. იმდენი მიჩიჩინეს, რომ წახვიდე, გუნდი დაიშლებაო, დამიყოლიეს...

როცა შეთანხმებას მივაღწიეთ, ბურჯელალმა ისიც მითხრა, როგორც იქნა, მეღირსება, შენ და ბოთა (მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი, სამხრეთაფრიკელი მორაგბე ბაკის ბოთა. - ავტ.) ერთად გნახოთ მოედანზეო.

- მურად ბურჯელალი მართლაც ისეთი ექსცენტრიკული კაცია, როგორადაც ფრანგულ პრესაში ახასიათებენ?
- მეც თავისებური მეგონა, მაგრამ ეს უმდიდრესი ადამიანი მთლიანად რაგბიზეა გადართული, ამით ცხოვრობს და რა გასაკვირია, ამბიციურიც რომ იყოს?

- ქართველი მორაგბეების ნახვა საფრანგეთის "ტოპ-14"-ის თითქმის ყველა კლუბში შეიძლება, მაგრამ "ტულონში" კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავაც რომ დაგხვდებიან, ესეც ხომ დიდი პლუსია?
- რა თქმა უნდა. ისინი რომ არა, შესაძლოა, "ტულონში" გადასვლას არც დავთანხმებოდი. როცა გუნდში ქართველი მხვდება, უკვე ერთი ნაბიჯით წინ ვარ (იცინის). სასიხარულოა, ქართველები საფრანგეთის თითქმის ყველა ძლიერ კლუბში რომ თამაშობენ, მაგრამ სიმართლე ვთქვათ - წამყვან პოზიციებზე ისევ მხოლოდ პირველხაზელები არიან. ძლიერ გუნდში კონკურენციაც დიდია. თანაც, რაც უნდა ბევრს ვარჯიშობდე, თუ სათამაშო პრაქტიკა არა გაქვს, წინსვლა ძნელია...

იხილედ სტატია სრულად

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები! მაგარი კაცი ხარ შენთან ვართ ყველა და ყველა მორაგბეს გვერდით გიდგევართ
levani
14:21 22-10-2013
0
მიდით ბიჭებო...ერის ყველაზე გულიანი,მამაცი და საამაყო შვილები ხართ ...მთელი რაგბის სამყარო... თქვენი გამარჯვებები ე რ ი ს გამარჯვებებია!!!

რაგბი მომავალი ქართველი თაობებისათვის ცხოვრების წესად უნდა აქციოთ...არა მარტო შევიდეთ მსოფლიო რაგბის ელიტაში,არამედ იქ ადგილიც მტკიცედ უნდა განვიმტკიცოდ!!!...

თქვენ,ძიუდოისტები და კალათბურთელები აძლევთ ჯერ-ჯერობით ქართველ ხალხს გამარჯვების გემოს!!!...რაც მომავალში ერის გამარჯვების საწინდარი იქნება ...

უდიდეს პატივს გცემთ!!!
glaxuna
18:32 22-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული