ლეგიონი: ლიდერი ისევ ქართველი მორაგბეების "ლიონია"

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან კვლავ შესანიშნავად ასპარეზობს გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი", რომელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობას ინარჩუნებს.

ლიონელებმა მე-10 ტურში შინ დაამარცხეს "ბურგუენი" - 22:6. სტუმრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. შესვენების შემდეგ ჩვენებურთა გუნდის უპირატესობა საგრძნობი გახდა და მატჩიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. კოლელიშვილი საქართველოს ნაკრებში გაისარჯა, კავთიძე განაცხადში არ იყო.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი"
- 43:14. ტარბელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ ორი ქულის სხვაობით მოიგეს - 16:14, თუმცა შესვენების შემდეგ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და ჰაერივით საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს.

მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძემ მოედანზე 23 წუთით მეტი დაჰყო, ნაცარაშვილი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძემ და დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრებში იასპარეზეს.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" შინ დაამარცხა "ნარბონი" - 28:24 და ოდნავ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. თოდუამ სრულად ითამაშა, თეთრაშვილი მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა.

ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" ფრე გაახერხა სტუმრად "მონ დე მარსანთან" - 11:11. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

II დივიზიონი
X ტური
პო-აჟენი 12:11, ოში-ბურგ ან ბრესი 16:11, კარკასონი-დაქსი 18:16, ლა როშელი-კოლომიე 37:13, მონ დე მარსანი-ბეზიე 11:11, ტარბი-ორიაკი 43:14, ალბი-ნარბონი 28:24, ლიონი-ბურგუენი 22:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 41 ქულა, 2. ლა როშელი - 38, 3. აჟენი - 32, 4. პო - 30, 5. ორიაკი - 27, 6. კოლომიე - 24, 7. ბურგუენი - 24, 8. ნარბონი - 24, 9. ტარბი - 23, 10. მონ დე მარსანი - 20, 11. ბეზიე - 18, 12. დაქსი - 17, 13. ალბი - 17, 14. კარკასონი - 15, 15. ბურგ ან ბრესი - 14, 16. ოში - 14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული