ქართული ლეგიონი: ერთის გარდა, ყველამ წააგო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების ლიდერმა, ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონმა" მარცხი განიცადა, ჩვენებურთა გუნდმა სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური მაინც შეინარჩუნა.

"ლიონმა" მოულოდნელად დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" - 10:37. ტარბელების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 17 ქულის სხვაობით მოიგეს - 20:3, რაც, ფაქტობრივად, მატჩის ბედის გადაწყვეტას ნიშნავდა.

მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძე მოედანზე ათი წუთით ადრე გამოჩნდა;
ჩხაიძეს, კოლელიშვილსა და კავთიძეს არ უთამაშიათ.

საპლეიოფო ხუთეულში ადგილს ინარჩუნებს ტარიელ რატიანიძის "აჟენი", რომელიც სტუმრად მის ყოფილ გუნდთან, "დაქსთან" დამარცხდა - 18:23. რატიანიძე განაცხადში არ იყო.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" 33 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ორიაკელებმა მე-13 ტურში შინ წააგეს "ლა როშელთან" - 9:16. სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე შეძლეს, როცა ანგარიში საყაიმო იყო - 9:9. ლელო დამიენ კლერმა გაიტანა. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

მეორე დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან ქართველ მორაგბეთა გუნდები: "ბეზიე", "ალბი", "ბურგ ან ბრესი" და "ოში". მე-13 ტურში ოთხივე მათგანმა წააგო. ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" სტუმრად დამარცხდა "ბურგუენთან" - 13:19. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილის და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" შინ წააგო "მონ დე მარსანთან" - 25:29.
ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

ასევე შინ დამარცხდა თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი". ჩვენებურთა გუნდმა "კოლომიეს" წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლო - 12:15. მჭედლიძემ და შარიქაძემ სრულად ითამაშეს, სულუაშვილი განაცხადში არ იყო.

თორნიკე ლომიძის "ოში" სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება. გასკონელებმა სტუმრად დიდი ანგარიშით წააგეს "ნარბონთან" - 0:59. ლომიძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

II დივიზიონი
XIII ტური
პო-კარკასონი 38:7, ორიაკი-ლა როშელი 9:16, ბურგუენი-ბეზიე 19:13, ნარბონი-ოში 59:0, ტარბი-ლიონი 37:10, ბურ ან ბრესი-კოლომიე 12:15, ალბი-მონ დე მარსანი 25:29, დაქსი-აჟენი 23:18.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 51 ქულა, 2. პო - 43, 3. ლა როშელი - 42, 4. აჟენი - 41, 5. ბურგუენი - 37, 6. ორიაკი - 33, 7. ნარბონი - 33, 8. კოლომიე - 32, 9. ტარბი - 29, 10. მონ დე მარსანი - 28, 11. დაქსი - 25, 12. ბეზიე - 24, 13. ალბი - 21, 14. კარკასონი - 20, 15. ბურგ ან ბრესი - 17, 16. ოში - 16.

XIV ტური
აჟენი-ლიონი, ოში-დაქსი, ბეზიე-ნარბონი, ბურგუენი-ალბი, კარკასონი-ბურგ ან ბრესი, კოლომიე-ორიაკი, მონ დე მარსანი-პო, ლა როშელი-ტარბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული