ქართული ლეგიონი: ევროთასებმა ეკვატორი გადალახა

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ამ უქმეებზე ჯგუფური ტურნირის მეორე წრე დაიწყება.

ყველაზე პრესტიჟულ, "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს ოთხი ინარჩუნებს. თუმცა გუნდებს სამ-სამი შეხვედრა აქვთ გასამართი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

A ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" 8 ქულით მეორე ადგილზეა და სტუმრად ეთამაშება უელსურ "ოსფრიზს", რომელმაც აქამდე სამივე თამაში წააგო და აუტსაიდერია.

განვლილ ტურში კასტრელებმა უელსურ გუნდს შინ მოუგეს, თუმცა ეს დიდი ბრძოლის ხარჯზე მოახერხეს. ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდება ამჟამინდელი დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც ჯგუფში
მეორე ადგილის დასაკავებლად "კასტრს" ყველა თამაშის მოგება სჭირდება. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაშია.

B ჯგუფში ლიდერი კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონია". ჩვენებურთა გუნდს ათი ქულა აქვს და უახლოესი მდევარი, უელსური "კარდიფი" ერთი ქულით ჩამორჩება.

მეოთხე ტურში ტულონელები შინ მიიღებენ ინგლისურ "ექსეტერს", რომელსაც, სავარაუდოდ, დაამარცხებენ კიდეც, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილის ბედი, ვფიქრობთ, მომდევნო ტურში გადაწყდება, როცა "ტულონი" უელსელებს შინ მიიღებს.

მიქაუტაძე გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, ჩილაჩავა განაცხადში არ არის.

C ჯგუფში ორხელისუფლებიანობაა. ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზსა" და ინგლისურ "სარასენზს" 10-10 ქულა აქვთ.

ჩვენებურთა გუნდმა განვლილ ტურში სენსაციური მარცხი იწვნია შინ ირლანდიური "ქონოთისგან" და ახლა რევანში აქვს ასაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტულუზელთა მდგომარეობა უკიდურესად გართულდება. ბრეგვაძემ ტრავმა მოიშუშა და, სავარაუდოდ, ირლანდიაში ითამაშებს.

D ჯგუფის ლიდერი ასევე "ქართული გუნდია". დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" 10 ქულა აქვს, თუმცა საბოლოო წარმატების მისაღწევად წინ დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს. მომდევნო ტურში "ვულკანები" სტუმრად ეთამაშებიან უელსურ "ჰლანეჰლის", რომელიც 6 ქულით მესამე ადგილზეა.

ზირაქაშვილი ტრავმირებულია.

ამავე ჯგუფში 6 ქულით ბოლო ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელიც სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "ჰარლიქვინზს". მარცხის შემთხვევაში პარიზელები პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსსაც დაკარგავენ.

E ჯგუფში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" შინ მიიღებს ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს", რომელთანაც ერთი კვირის წინათ სტუმრად საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში დამარცხდა. მონპელიელები ხუთი ქულით მესამე ადგილზე არიან, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში პირველობის თეორიულ შანსს მაინც შეინარჩუნებენ.

F ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია. გიორგი ჟღენტის "პერპინიანი", რომელიც ექვსი ქულით მესამე ადგილზეა, შინ ეთამაშება პირველადგილოსან ირლანდიურ "მანსტერს".

კატალონიელები, გამარჯვების შემთხვევაში, საგრძნობლად გაიუმჯობესებენ სატურნირო მდგომარეობას და პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი ექნებათ.

გაცილებით უარესადაა დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგის" მდგომარეობა. შოტლანდიური კლუბი 4 ქულით ბოლო ადგილზეა და სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "გლოსტერს", რომელთანაც განვლილ ტურში შინ წააგო. ქართველი მორაგბეები ტრავმირებულნი არიან და ვერ ითამაშებენ.

ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
ოსფრიზი-კასტრი, ლენსტერი-ნორსჰემპთონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 13 ქულა, 2. კასტრი - 8, 3. ნორსჰემპთონი - 5, 4. ოსფრიზი - 1.

B ჯგუფი
გლაზგო-კარდიფი, ტულონი-ექსეტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 10 ქულა, 2. კარდიფი - 9, 3. ექსეტერი - 7, 4. გლაზგო - 5.

C ჯგუფი
სარასენზი-ზებრე, ქონოთი-ტულუზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 10 ქულა, 2. ტულუზი - 10, 3. ქონოთი - 9, 4. ზებრე - 0.

D ჯგუფი
ჰლანეჰლი-კლერმონი, ჰარლექვინზი-მეტრო რასინგი
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 7, 3. ჰლანეჰლი - 6, 4. მეტრო რასინგი - 6.

E ჯგუფი
ბენეტონი-ალსტერი, მონპელიე-ლესტერი
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 13 ქულა, 2. ლესტერი - 11, 3. მონპელიე - 5, 4. ბენეტონი - 0.

F ჯგუფი
პერპინიანი-მანსტერი, გლოსტერი-ედინბურგი
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 10 ქულა, 2. გლოსტერი - 8, 3. პერპინიანი - 6, 4. ედინბურგი - 4.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თანაბრად აქვთ.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი", რომელიც C ჯგუფშია, 10 ქულით მეორე ადგილზეა. ბრიველები მეოთხე ტურში შინ მიიღებენ რუმინეთის "ბუქარესტს" და, სავარაუდოდ, პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებენ. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ არიან.

ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე" E ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილზეა.

პარიზელები შინ მიიღებენ ინგლისურ "ლონდონ აირიშს" და გამარჯვების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ლიდერობა წაართვან.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ბიარიცი-ვორსტერი, სეილ შარქსი-ოიონაქსი
სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 10 ქულა, 2. ბიარიცი - 9, 3. ოიონაქსი - 6, 4. ვორსტერი - 3.

B ჯგუფი
ბორდო-ნიუპორტი, ბასი-მოლიანო
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 13 ქულა, 2. ნიუპორტი - 10, 3. ბორდო - 5, 4. მოლიანო - 0.

C ჯგუფი
ბრივი-ბუქარესტი, კალვიზანო-ნიუკასლი
სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 10 ქულა, 2. ბრივი - 10, 3. ბუქარესტი - 6, 4. კალვიზანო - 2.

D ჯგუფი
ვიადანა-ბაიონი, ვოსფსი-გრენობლი
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 14 ქულა, 2. ბაიონი - 10, 3. გრენობლი - 5, 4. ვიადანა - 0.

E ჯგუფი
ლუზიტანოსი-პრატო, სტად ფრანსე-ლონდონ აირიში
სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 14 ქულა, 2. სტად ფრანსე - 9, 3. პრატო - 6, 4. ლუზიტანოსი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული