ქართული ლეგიონი: ქართული ექვსეული ისევ მოწინავეა

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ორი ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში შეჯიბრება მე-14 ტურის შეხვედრებით განახლდება. ამ ტურით ჩემპიონატის მეორე წრე გაიხსნება.

პირველი კი დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" მოიგო. ქართველ მორაგბეთა გუნდები ლიდერები არიან და სატურნირო ცხრილის პირველი ექვსი საფეხური უჭირავთ.

როგორც უკვე ვთქვით, "კლერმონი" პირველ ადგილზეა და მე-14 ტურში შინ მიიღებს აუტსაიდერ ბასკურ "ბიარიცს".

ამ უკანასკნელმა ბოლო ხანს თამაშის ხარისხი გამოასწორა და ოდნავ წამოეწია კონკურენტებს, თუმცა სტუმრად "ვულკანებთან" გამარჯვება ძალიან გაუჭირდება. როგორც ჩანს, "ბიარიცს" სერიოზული კრიზისი აქვს, რადგან გუნდიდან წასვლას აპირებს
ლიდერი, ქართული წარმოშობის ფრანგი, ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.

"კლერმონი" ევროთასებზეც წარმატებით ასპარეზობს და ნაკლებად სავარაუდოა, ბასკებთან დაპირისპირებაში წაიფორხილოს. მით უფრო, რომ ტრავმა მოიშუშა და, გამორიცხული არ არის, "ბიარიცთან" ითამაშოს კიდეც დავით ზირაქაშვილმა.

"ვულკანებს" ოთხი ქულით ჩამორჩება ქართველ მორაგბეთა ერთბაშად სამი გუნდი. მეორე საფეხური სატურნირო ცხრილში ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" უკავია, რომელსაც, ისევე, როგორც შარშან, ქვეყნის ჩემპიონობა და "ჰაინეკენის თასის" მფლობელობა აქვს მიზნად დასახული.

ტულონელები ორივე ფრონტზე ჯერჯერობით წარმატებით იბრძვიან, თუმცა ფინიშამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და რაიმეს გადაჭრით პროგნოზირება ძალიან ძნელია.

"ტულონი" მე-14 ტურში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" მასპინძლობს, რომელიც მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა.

მონპელიელებმა "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში პლეი ოფში გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგეს და, სავარაუდოდ, მთელ კონცენტრაციას საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრებზე მოახდენენ.

საგულისხმოა, რომ ევროთასების ბოლო მატჩში ფაბიენ გალტიემ ინგლისური "სეილ შარქსის" წინააღმდეგ სათამაშოდ თითქმის სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა და წამყვანი მოთამაშეების უმრავლესობას სულის მოთქმისა და ძალების მოკრების საშუალება მისცა, რასაც ვერაფრით ვიტყვით "ტულონზე". ერთი სიტყვით, თამაში საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს და ვნახავთ, გაამართლებს თუ არა გალტიეს სტრატეგია.

მიქაუტაძე, გორგოძე და ნარიაშვილი, სავარაუდოდ, ითამაშებენ. ჩილაჩავა, მართალია, ჯანმრთელადაა, მაგრამ ასპარეზობა იშვიათად უწევს.

საქართველოს ნაკრების პირველხაზელს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მსურველები ინგლისური გუნდები: "გლოსტერი" და "ვორსტერი" არიან.

36 ქულით მესამე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც მე-14 ტურში შინ მიიღებს გიორგი ჟღენტის "პერპინიანს".

კასტრელები საშინაო არენიდან გახარებულს არავის უშვებენ და არც ახლა იქნება მოულოდნელი, თუ კატალონიურ გუნდს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს დაძლეული კრიზისი, შინ გაწბილებულს გაისტუმრებენ.

"პერპინიანი" 30 ქულით მე-10 ადგილზეა და, მეტოქისგან განსხვავებით, ვერც ევროთასებზე ყოჩაღობს. ამას ისიც დაერთო, რომ ტრავმა მიიღო გუნდის წამყვანმა პირველხაზელმა გიორგი ჟღენტმა. ეს კი კატალონიელებს სახარბიელო მდგომარეობაში არ აყენებს.

მესამე "ქართული გუნდი", რომელიც ლიდერ "კლერმონს" ოთხი ქულით ჩამორჩება, ფრანგული რაგბის გრანდი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზია", რომელიც მე-14 ტურში შინ მიიღებს მეცხრეადგილოსან "ბორდოს". ტულუზელებმა თითქოს პოზიციები დათმეს, რაც ძირითადად, მათი წამყვანი მოთამაშეების ხშირი ტრავმებითაა გამოწვეული. თუმცა, ყველა პრობლემის მიუხედავად, ჩვენებურთა გუნდი მაინც ახერხებს მოწინავეთა რიგებში ყოფნას, როგორც ევროპულ, ისე საშინაო არენაზე.

წესით, შინ "ბორდოსთან" მოგება "ტულუზს" არ უნდა გაუჭირდეს. ამდენად, ბრეგვაძეს, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა, ალბათ მეტი სათამაშო დრო მიეცემა. კაკოვინი დაშავებულია და ვერ ითამაშებს.

"ქართული გუნდების" ამ ტრიოს ერთი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე".

პარიზელებმა ნელ-ნელა შეძლეს კრიზისიდან გამოსვლა და წლეულს პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ. ჩვენებურთა გუნდი მე-14 ტურში შინ ეთამაშება "გრენობლს". "ალპელებს" მეტოქეზე ორი ქულით ნაკლები აქვთ და მე-7 ადგილზე არიან.

ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ თამაში უშეღავათო იქნება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "გრენობლი" მაინც სახლის გუნდია და სტუმრად თამაშისას იშვიათად აღწევს წარმატებას.

ნიშანდობლივია, რომ "სტად ფრანსე" წარმატებით ასპარეზობს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაშიც, რაც იმის დასტურია, რომ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი და ადამიანური რესურსი გააჩნია.

ჯერჯერობით დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი", რომელიც შინ მიიღებს დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს". ეს პარიზული გუნდი, მეტოქისგან განსხვავებით, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. "მეტრო რასინგს" 31 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.

I დივიზიონი
XIV ტური
სტად ფრანსე-გრენობლი, ტულონი-მონპელიე, ოიონაქსი-ბაიონი, კლერმონი-ბიარიცი, კასტრი-პერპინიანი, ბრივი-მეტრო რასინგი, ტულუზი-ბორდო.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 40 ქულა, 2. ტულონი - 36, 3. კასტრი - 36, 4. ტულუზი - 36, 5. სტად ფრანსე - 35, 6. მონპელიე - 34, 7. გრენობლი - 33, 8. მეტრო რასინგი - 31, 9. ბორდო - 30, 10. პერპინიანი - 30, 11. ბრივი - 28, 12. ოიონაქსი - 25, 13. ბაიონი - 25, 14. ბიარიცი - 17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული