უკვე ცნობილია, რომ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს, "ჰაინეკენის თასზე": "კლერმონმა", "ტულონმა" და "ტულუზმა". "ემლინ ჩელენჯ კაპზე" "ბრივს", სავარაუდოდ, წინ ვერავინ დაუდგება, "სტად ფრანსემ" კი პორტუგალიურ "ლუზიტანოსს" ასი ქულით უნდა მოუგოს.
A ჯგუფში პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებდა ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი".
ჩვენებურის გუნდმა ეს შესაძლებლობა ბოლოსწინა ტურში შინ, გათამაშების ფავორიტ ირლანდიურ "ლენსტერთან" მარცხის გამო დაკარგა - 22:29.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ნორსჰემპთონმა" სტუმრად მოუგო უელსურ "ოსფრიზს" - 29:17. ფეიქრიშვილი
პირველობა არავის დაუთმო B ჯგუფში მოასპარეზე ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა". მურად ბურჯელალის ვარსკვლავური გუნდი ევროთასებზე ბევრად უკეთ თამაშობს, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატში.
ტულონელებმა ბოლოსწინა ტურში უელსურ "კარდიფს", რომელიც უშუალო კონკურენტი იყო, ნიცას "ალიანს რივიერაზე" უმასპინძლეს და 43:20 მოუგეს.
უელსელებმა "ტულონს" წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც მხოლოდ ორი ქულის სხვაობით წააგეს - 13:15. შესვენების შემდეგ მასპინძელთა შერკინება მძლავრად ამუშავდა და არბიტრმა მათ სასარგებლოდ სამი საჯარიმო ლელო დააფიქსირა.
ცხადია, ამან მეტოქე საბოლოოდ გატეხა, რასაც ოთხი კარდიფელის გასინბინებაც მოჰყვა. შედეგად, "ტულონი" უკვე მეოთხედფინალისთვის მოემზადება.
მიქაუტაძე თადარიგში იყო და თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავას არ უთამაშია. ამავე ჯგუფში შოტლანდიურმა "გლაზგომ" სტუმრად მოუგო ინგლისურ "ექსეტერს" - 15:10.
ფაქტობრივად, პლეი ოფშია ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზიც", რომელმაც შინ, პრინციპულ მატჩში უშუალო კონკურენტი ინგლისური "სარასენზი" დაამარცხა - 21:11. ბოლო ტურში ტულუზელები სტუმრად ეთამაშებიან აუტსაიდერ იტალიურ "ზებრეს".
ცხადია, ამ მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ძნელი გამოსაცნობი არ არის. ქართველი მორაგბეები ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ.
"ტულონის" მსგავსად, დამაჯერებლად მოიგო D ჯგუფი დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა".
"ვულკანებმა" ბოლოსწინა ტურში, სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს უშუალო კონკურენტი ინგლისური "ჰარლიქვინზი" - 16:13 და პლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდეს.
მასპინძლებმა ჩვენებურის გუნდს პირველი ტაიმი ათი ქულის სხვაობით მოუგეს - 13:3. თითქოს ინგლისელებს წარმატების მიღწევა აღარ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა "კლერმონმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავად ორგანიზებული გუნდია და შესვენების შემდეგ მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცა, თვითონ კი ზუსტად იმდენი ქულის აღება შეძლო, რამდენიც გამარჯვებისთვის საკმარისი იქნებოდა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში მოასპარეზე დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" შინ წააგო უელსურ "ჰლანეჰლისთან" - 13:19 და ბოლო ადგილზე დამკვიდრდა. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.
E ჯგუფში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" უმოტივაციოდ იყო დარჩენილი.
სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რომ ფაბიენ გალტიემ ირლანდიაში, ჯგუფის ლიდერ "ალსტერთან" სათამაშოდ თითქმის სათადარიგო გუნდი წაიყვანა. მასპინძლებმა, ცხადია, მეტოქე დაამარცხეს - 27:16 და ლიდერობა განიმტკიცეს.
ნარიაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, გორგოძე განაცხადში არ იყო. ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" სტუმრად მოუგო იტალიურ "ბენეტონს" - 34:19.
F ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდები - დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" და გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ლიდერმა, ირლანდიურმა "მანსტერმა" სტუმრად მოუგო ინგლისურ "გლოსტერს" - 20:7 და მეტოქეთაგან მიუწვდომელი შეიქნა.
"ედინბურგმა" კი "პერპინიანს" შინ მოუგო - 27:16 და ახლა მეორე ადგილზეა. ქართველი მორაგბეები ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ.
ჰაინეკენის თასი
A ჯგუფი
კასტრი-ლენსტერი 22:29, ოსფრიზი-ნორსჰემპთონი 17:29
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 17 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 13, 3. კასტრი - 9, 4. ოსფრიზი - 5.
VI ტური
ლენსტერი-ოსფრიზი, ნორსჰემპთონი-კასტრი
B ჯგუფი
ტულონი-კარდიფი 43:20, ექსეტერი-გლაზგო 10:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 20 ქულა, 2. კარდიფი - 13, 3. გლაზგო - 10, 4. ექსეტერი - 8.
VI ტური
გლაზგო-ტულონი, კარდიფი-ექსეტერი
C ჯგუფი
ტულუზი-სარასენზი 21:11, ქონოთი-ზებრე 20:3
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 19 ქულა, 2. სარასენზი - 15, 3. ქონოთი - 13, 4. ზებრე - 0.
VI ტური
ზებრე-ტულუზი, სარასენზი-ქონოთი
D ჯგუფი
ჰარლიქვინზი-კლერმონი 13:16, მეტრო რასინგი-ჰლანეჰლი 13:19
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 19 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 12, 3. ჰლანეჰლი - 10, 4. მეტრო რასინგი - 7.
VI ტური
კლერმონი-მეტრო რასინგი, ჰლანეჰლი-ჰარლიქვინზი
E ჯგუფი
ალსტერი-მონპელიე 27:16, ბენეტონი-ლესტერ ტაიგერზი 19:34
სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 22 ქულა, 2. ლესტერი ტაიგერზი - 20, 3. მონპელიე - 6, 4. ბენეტონი - 0.
VI ტური
ლესტერი-ალსტერი, მონპელიე-ბენეტონი
F ჯგუფი
ედინბურგი-პერპინიანი 27:16, გლოსტერი-მანსტერი 7:20
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 18 ქულა, 2. ედინბურგი - 12, 3. გლოსტერი - 9, 4. პერპინიანი - 7.
VI ტური
მანსტერი-ედინბურგი, პერპინიანი-გლოსტერი
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში სამი "ქართული გუნდიდან" ერთს თითქმის გარანტირებული აქვს პლეი ოფში თამაში; მეორეს რეალური შანსი აქვს; მესამეს კი, ისე ჩანს, რომ არც თავიდან ჰქონია პრეტენზია.
გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა", რომელიც C ჯგუფში ასპარეზობს, გადამწყვეტი გამარჯვება სტუმრად უშუალო კონკურენტთან, ინგლისურ "ნიუკასლთან" მატჩში მოიპოვა - 9:7 და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.
ბოლო ტურში ბრიველები შინ მიიღებენ აუტსაიდერს, იტალიურ "კალვიზანოს" და, ცხადია, იოლად გაუსწორდებიან. შველიძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.
E ჯგუფში ორხელისუფლებიანობაა. ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსეს", ინგლისური "ლონდონ აირიშის" მსგავსად, 19 ქულა აქვს. პარიზელებმა ბოლოსწინა ტურში შინ მოუგეს იტალიურ "პრატოს" - 31:3. ლონდონელებმა კი ასევე შინ დაამარცხეს დიდი ანგარიშით პორტუგალიური "ლუზიტანოსი" - 79:3. ჟვანია თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყო. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად "სტად ფრანსეს" პორტუგალიელების ასი ქულის სხვაობით დამარცხება მართებთ.
პირველ ადგილზე გასვლის ყველანაირი შანსი გადაეწურა B ჯგუფის ბინადარ ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს". მართალია, ჩვენებურის გუნდმა შინ იტალიურ "მოლიანოს" სძლია - 64:7, მაგრამ ინგლისური "ბასი" მას 9 ქულით უსწრებს. ნავროზაშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.
ემლინ ჩელენჯ კაპი
V ტური
A ჯგუფი
ოიონაქსი-ბიარიცი 28:24, სეილ შარქსი-ვორსტერი 21:3
სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 19 ქულა, 2. ბიარიცი - 15, 3. ოიონაქსი -11, 4. ვორსტერი - 3.
VI ტური
ვორსტერი-ოიონაქსი, ბიარიცი-სეილ შარქსი
B ჯგუფი
ნიუპორტი-ბასი 13:30 ბორდო-მოლიანო 64:7
სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 23 ქულა, 2. ბორდო - 14, 3 ნიუპორტი - 10, 4. მოლიანო - 0.
VI ტური
ბასი-ბორდო, მოლიანო-ნიუპორტი
C ჯგუფი
ნიუკასლი-ბრივი 7:9, კალვიზანო-ბუქარესტი 11:23
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 18, 2. ნიუკასლი - 15 ქულა, 3. ბუქარესტი - 10, 4. კალვიზანო - 2.
VI ტური
ბრივი-კალვიზანო, ნიუკასლი-ბუქარესტი
D ჯგუფი
ბაიონი-ვოსფსი 13:26, ვიადანა-გრენობლი 19:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 22 ქულა, 2. ბაიონი - 15, 3. გრენობლი - 7, 4. ვიადანა - 2.
VI ტური
გრენობლი-ბაიონი, ვოსფსი-ვიადანა
E ჯგუფი
სტად ფრანსე-პრატო 31:3, ლონდონ აირიში-ლუზიტანოსი 79:3
სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 19 ქულა, 2. სტად ფრანსე - 19, 3. პრატო - 11, 4. ლუზიტანოსი - 0.
VI ტური
ლუზიტანოსი-სტად ფრანსე, პრატო-ლონდონ აირიში
* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი "კარკასონი" - 35:10.
კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, კავთიძეს არ უთამაშია.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 23:17 და საპლეიოფო ხუთეულს ახლა ხუთი ქულით ჩამორჩება.
ნემსაძემ სრულად ითამაშა, შეყლაშვილი თამაშის დასაწყისშივე, მე-13 წუთზე დაშავდა და შეცვალეს, ჩხაიძემ მოედანი 41-ე წუთზე დატოვა, მირცხულავამ თამაშში 11 წუთით მეტი დაჰყო.
"ტარბის" მსგავსად, 38 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელიც შინ დამარცხდა უშუალო კონკურენტ "ნარბონთან" - 29:32.
დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.
მერაბ შარიქაძისა და თამაზ მჭედლიძის "ბურგ ან ბრესმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ბურგუენთან" - 20:13.
მიუხედავად ამისა, ჩვენებურთა გუნდი მაინც სახიფათო ზონაშია. შარიქაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მჭედლიძე ტრავმირებულია.
II დივიზიონი
XVI ტური
ტარბი-ბეზიე 23:17, ორიაკი-ნარბონი 29:32, ოში-პო 12:9, ბურგ ან ბრესი-ბურგუენი 20:13, ლიონი-კარკასონი 35:10, კოლომიე-დაქსი 20:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 61 ქულა, 2. პო - 50, 3. აჟენი - 49, 4. ლა როშელი - 46, 5. ნარბონი - 43, 6. კოლომიე - 41, 7. ბურგუენი - 39, 8. ტარბი - 38, 9. ორიაკი - 38, 10. დაქსი - 31, 11. მონ დე მარსანი - 31, 12. ბეზიე - 30, 13. ალბი - 29, 14. ბურგ ან ბრესი - 25, 15. ოში - 22, 16. კარკასონი - 21.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"