მამუკა გორგოძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მბოჭავია

AutoSharing Option
ფოტოზე: მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ორივე ლიდერმა, "სტად ფრანსემ" და "ტულონმა", რომლებიც ქართველ მორაგბეთა გუნდებია, მარცხი განიცადა, თუმცა მოწინავე პოზიციებს მაინც ინარჩუნებს.

ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ" სტუმრად ითამაშა "ლიონთან", რომელიც პირველი დივიზიონის დებიუტანტია და დარჩენისთვის იბრძვის.

პარიზელებმა ბოლო ორ ტურში გამოვლენილი სიმძლავრე ვერ აჩვენეს და 9:12 დამარცხდნენ.

გაუგებარია, რატომ არ იყო განაცხადში შერკინების ქართველი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბოლო ტურებში გუნდში საუკეთესო გახლდათ. ქუბრიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში
ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს.

ისევ წააგო მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა".

საფრანგეთისა და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი სტუმრად დამარცხდა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიესთან" - 12:16. მონპელიელებს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად უხელმძღვანელა ცნობილმა სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტმა ჯეკ ვაითმა.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა მოედანზე შვიდი წუთის შემდეგ გამოჩნდა, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო. მამუკა გორგოძემ მატჩში 18 ბოჭვა განახორციელა და ტურის საუკეთესო მბოჭავი გახდა.

სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში სძლია ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" - 12:9. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივმა". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა გიორგი ჟღენტის "ბაიონი" - 25:9. შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე ის ასეიშვილმა შეცვალა, ფეიქრიშვილსა და ჟღენტს არ უთამაშიათ.

სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე დაეშვა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელმაც სტუმრად წააგო "კასტრთან" - 15:30. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე შეცვალეს, ოცი წუთის შემდეგ ისევ მოედანზე დაბრუნდა და 67-ე წუთზე გაასინბინეს.

I დივიზიონი
XV ტური
ლიონი-სტად ფრანსე 12:9, მეტრო რასინგი-ბორდო 12:9, გრენობლი-ოიონაქსი 33:19, კასტრი-ლა როშელი 30:15, ბრივი-ბაიონი 25:9, მონპელიე-ტულონი 16:12, კლერმონი-ტულუზი 24:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 45 ქულა, 2. ტულონი - 43, 3. მეტრო რასინგი - 41, 4. კლერმონი - 41, 5. გრენობლი - 38, 6. ბორდო - 36, 7. მონპელიე - 35, 8. ტულუზი - 33, 9. ბრივი - 31, 10. ლიონი - 30, 11. ოიონაქსი - 29, 12. კასტრი - 28, 13. ბაიონი - 28, 14. ლა როშელი - 25.

XVI ტური
სტად ფრანსე-კასტრი, ტულონი-მეტრო რასინგი, ბაიონი-ლიონი, ბორდო-გრენობლი, ოიონაქსი-მონპელიე, ტულუზი-ლა როშელი, კლერმონი-ბრივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული