დავით ზირაქაშვილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
2010 წელი ისტორიის საკუთრება გახდა, თუმცა გასული სეზონის შედეგების შეჯამება, ანალიზი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ცხადია, შეუძლებელია, ყველა ქომაგის, ან თუნდაც რაგბის სპეციალისტის მოსაზრება ბოლომდე ერთმანეთს დაემთხვეს. ამიტომ, სხვადასხვა სარაგბო თემის მიერ დასახელებულ სიმბოლურ ნაკრებებში არცთუ ცოტა განსხვავებაა.

ახლახან, ინგლისურმა გაზეთმა "ლონდონ ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბის, 2003 წლის მსოფლიოს თასის მფლობელის, ვილ გრინვუდისეული მსოფლიოს 2010 წლის სიმბოლური ნაკრების ვერსია, სადაც პოზიციების მიხედვით საუკეთესოთა გარდა, მეორე და მესამე ნომერი მორაგბეებიცაა დასახელებული.

სასიხარულოა, რომ
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" შერკინების პირველხაზელი, საქართველოს 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენი და მორაგბე, დავით ზირაქაშვილი შერკინების მარჯვენა ბურჯის (#3) პოზიციაზე მეორე ნომრად დასახელდა.

გრინვუდმა მას მხოლოდ ფრანგი ნიკოლა მასი ამჯობინა.

აღსანიშავია, რომ შერკინების მარჯვენა ბურჯის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე ძნელად სათამაშო ამპლუაა. მით უფრო საამაყოა, რომ მსოფლიოს საუკეთესოთა შორის სწორედ ამ პოზიციაზე მოთამაშე ქართველი მორაგბე მოხვდა.

ზირაქაშვილს, გრინვუდის ვერსიით, კვალში უდგანან უელსელი ადამ ჯოუნზი და ინგლისელი დენ კოლი.

რაც შეეხება სიმბოლური ნაკრების ძირითად შემადგენლობას, აქ როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი, ხუთი მორაგბე ახალ ზელანდიას ჰყავს, ერთით ნაკლები მიავლინა ავსტრალიამ, ორ-ორი მორაგბე მოხვდა ინგლისიდან და სამხრეთ აფრიკიდან, თითო კი - საფრანგეთიდან და ტონგადან.

2010 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები
15. ქართლი ბეილი (ავსტრალია), 14. კრის ეშტონი (ინგლისი), 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ (ორივე-ახალი ზელანდია), 11. ჯეიმზ ოკონორი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია (სამივე-ავსტრალია). 1. სოანე ტოგაუიჰა (ტონგა), 2. ბისმარკ დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა), 3. ნიკოლა მასი (საფრანგეთი), 4. ბრედ თორნი (ახალი ზელანდია), 5. ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა), 6. ტომ კროფტი (ინგლისი), 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი (ახალი ზელანდია).




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული