გორგოძის მორიგი ლელო და სინბინი

AutoSharing Option
საფრანგეთში ახალი, 2011 წლის სპორტული სეზონი მორაგბეებმა გახსნეს. ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან სამმა მოიგო, სამმა კი მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ ოთხი "ქართული გუნდი" მოწინავე ექვსეულშია და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ, პარიზულ "მეტრო რასინგთან" - 16:28. მარცხის მიუხედავად, ჩვენებურთა გუნდმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი მაინც შეინარჩუნა. თუმცა, მონპელიელებს და პარიზელებს თანაბარი, 45-45 ქულა დაუგროვდათ.

"მონპელიემ", გასვლით შეხვედრაში, მეტოქეს
წინააღმდეგობა პირველი ტაიმის 35-ე წუთამდე გაუწია. ამ დროისთვის მასპინძლები მხოლოდ სამი ქულით იგებდნენ - 6:3 და არბიტრმა მამუკა გორგოძე, მეტოქის ჰაერში შებოჭვისთვის, მოედნიდან ათი წუთით გააძევა. პარიზელებმა ეს "საჩუქარი" შესანიშნავად გამოიყენეს, ლიდერის გარეშე დარჩენილ მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს და ანგარიშში სხვაობა ჩვიდმეტ ქულამდე გაზარდეს - 20:3.

შესვენების შემდეგ გორგოძეს და კომპანიას მდგომარეობის გამოსასწორებლად ცდა არ დაუკლია. მამუკამ 63-ე წუთზე ლელოც გაიტანა, თუმცა დაწინაურებულ მასპინძელთა გუნდს ვეღარ წამოეწივნენ.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე თამაშში 33-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძეს და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა აუტსაიდერ "ბურგუენთან" - 34:9. "ვულკანები" საგრძნობლად დასუსტებულ მეტოქეს თითქმის სათადარიგო გუნდით დაუხვდნენ. სხვა ლიდერებთან ერთად, მწვრთნელებმა ზირაქაშვილსაც დასვენების საშუალება მისცეს.

"კლერმონს" დღესდღეობით 45 ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილზეა. საფრანგეთის ჩემპიონები ნელ-ნელა პოულობენ თავიანთ თამაშს და ყველას ნათლად აგრძნობინეს, რომ ტიტულის დათმობას არ აპირებენ.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ბასკური "ბიარიცი" - 38:26.

თამაში საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. ბასკებმა მასპინძლები პირველ ტაიმში დაჯაბნეს კიდეც, თუმცა მხოლოდ ორი ქულის სხვაობით მოიგეს - 16:14.

მეორე ნახევარში ტულონელები მთელი სიმძლავრით ამოქმედდნენ, მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და მეტად საჭირო გამარჯვება მიითვალეს.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე ახალზელანდიელმა კარლ ჰეიმენმა შეცვალა.

"ტულონივით" 40 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი", რომელმაც სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ "ტულუზთან" - 16:23. კასტრელებმა მეტოქეს ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს და პირველი ტაიმი ფრედ -13:13 დასრულდა.

შესვენების შემდეგ "ტულუზმა" მაინც იმძლავრა. საფრანგეთის ნაკრების წევრმა ტიერი დუსოტუარმა სტუმრებს ლელო გაუტანა, რომელიც მგეზავმა დავიდ სკრელამ გარდასახა, მანვე ერთი საჯარიმოც გაიტანა, რაზეც კასტრელებმა ასევე ერთი საჯარიმოთი უპასუხეს.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო. გიორგაძე განაცხადში არ იყო.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა შინ ბასკურ "ბაიონთან" - 21:3. აჟენელებმა შესანიშნავად ითამაშეს და 64-ე წუთამდე მშრალი ანგარიშით 14:0-ს იგებდნენ. "ბაიონმა", რომელსაც პლეი ოფში თამაშზე აქვს პრეტენზია, დასკვნით ათ წუთში სცადა მეტოქის გატეხვა, მაგრამ ვერას გახდა.

"აჟენს" ახლა 24 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", რომელსაც "აჟენის" მსგავსად დივიზიონის დატოვება ემუქრება, სტუმრად დამარცხდა "პერპინიანთან" - 16:23.

ბრიველებმა ქვეყნის ვიცე- ჩემპიონებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი ტაიმი ფრედ 10:10 დასრულდა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარის დასაწყისშივე შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. კატალონიელებმა სტუმრებს ერთი ლელო და ორი საჯარიმო გაუტანეს, რაზეც ჩვენებურთა გუნდმა მხოლოდ ორი საჯარიმოთი უპასუხა.

"ბრივი" ამჟამად 22 ქულით მე-12 ადგილზეა. კაკოვინი თადარიგში იყო და თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილს არ უთამაშია.

საფრანგეთი. I დივიზიონი
XV ტური
ტულონი-ბიარიცი 38:26, პერპინიანი-ბრივი 23:16, აჟენი-ბაიონი 21:3, კლერმონი-ბურგუენი 34:9, ლა როშელი-სტად ფრანსე 26:26, მეტრო რასინგი-მონპელიე 28:16, ტულუზი-კასტრი 23:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 51 ქულა, 2. მონპელიე - 45, 3. მეტრო რასინგი - 45, 4. კლერმონი - 43, 5. კასტრი - 40, 6. ტულონი - 40, 7. ბიარიცი - 39, 8. ბაიონი - 36, 9. სტად ფრანსე - 35, 10. პერპინიანი - 33, 11. აჟენი - 24, 12. ბრივი - 22, 13. ლა როშელი - 21, 14. ბურგუენი -10.

XVI ტური
ბრივი-კლერმონი, მონპელიე-პერპინიანი, ბიარიცი-აჟენი, ბაიონი-კასტრი, ბურგუენი-ლა როშელი, სტად ფრანსე-ტულუზი, მეტრო რასინგი-ტულონი.




.

მკითხველის კომენტარები / 1 /
18 წლის ქუთაისელი გაგი ბაზაძე აახალგაზრდული რაგბის ამერიკის ეროვნული ნაკრების წევრად ჩარიცხესვულიცავთ მას ამ დიდ გამარჯვებას
megobrebi
19:23 11-01-2011
0

სიახლეები პოპულარული