ქართული ლეგიონი: ორხელისუფლებიანობა ისევ ძალაშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ეს ტური ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა ორივე ლიდერმა, "ტულონმა" და "კლერმონმა" წააგო, თუმცა სატურნირო ცხრილში ისევ ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა.

საფრანგეთისა და ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ მიიღო ფრანგული რაგბის გრანდი, ვასილ კაკოვინის "ტულუზი" და დამარცხდა - 24:34.

ტულონელთა წაბორძიკება რეგულარული გათამაშების ფინიშის სწორს სენსაციად უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ ტულუზელები ბოლო ხანს დიდად ვერ ბრწყინავენ.

თამაშის პირველი ტაიმი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა. ტულონელები მეტოქეს
38-ე წუთამდე მშრალი ანგარიშით 18:0 უგებდნენ. სტუმრები გონს სწორედ პირველი ნახევრის ბოლოდან მოეგნენ და თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც - 25:24. "ტულონმა" ხელიდან გაშვებული ინიციატივა ვეღარ დაიბრუნდა და ისე დამარცხდა, პრემიალური ქულაც ვერ აიღო.

ჩილაჩავა თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, გორგოძე მოედანზე 11 წუთის შემდეგ გამოჩნდა, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო, კაკოვინი ტრავმირებულია.

"ტულონს" ახლა 61 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა დაუგროვდა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს", რომელმაც სტუმრად წააგო ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსესთან" - 26:40.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ პარიზელებმა მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს. შინაურ კედლებში მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს და დამსახურებული, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

"სტად ფრანსე" ლიდერებს ამ მოგების შემდეგ ორი ქულით ჩამორჩება. ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა, ზირაქაშვილი თამაშში რვა წუთის შემდეგ ჩაერთო, ექვს წუთში კი მასპინძელთა პირველი ხაზი ჟვანიამ გააძლიერა. ის ამჯერად ბურჯის პოზიციაზე გაისარჯა. კოლელიშვილი ტრავმირებულია.

თანაქალაქელებს ოთხი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 12:6. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ტრავმა მოირჩინა და "ბაიონთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ის 58-ე წუთზე შეცვალეს.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით სძლია აუტსაიდერ "ლიონს" - 45:17. ქართველი შერკინების ბურჯი, რომელიც დიდი ხანია ძირითადი პირველხაზელია, ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი", რომელმაც სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" - 3:24. ჟღენტი და შველიძე თამაშში ერთდროულად, 50-ე წუთიდან ჩაერთნენ. ეს უკანასკნელი მატჩის არბიტრმა 72-ე წუთზე სინბინში გაუშვა. ასეიშვილს არ უთამაშია.

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" - 22:21. ყაულაშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს, ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
XXI ტური
ბაიონი-მეტრო რასინგი 6:12, სტად ფრანსე-კლერმონი 40:26, ბორდო-ლა როშელი 21:22, მონპელიე-ლიონი 45:17, ოიონაქსი-ბრივი 24:3, ტულონი-ტულუზი 34:24, გრენობლი-კასტრი 12:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 61 ქულა, 2. კლერმონი - 61, 3. სტად ფრანსე - 59, 4. მეტრო რასინგი - 55, 5. ტულუზი - 53, 6. ოიონაქსი - 49, 7. მონპელიე - 48, 8. გრენობლი - 48, 9. ბორდო - 46, 10. ლა როშელი - 44, 11. ბაიონი - 41, 12. ბრივი - 40, 13. კასტრი - 38, 14. ლიონი - 34.

XXII ტური
ლა როშელი-სტად ფრანსე, მეტრო რასინგი-მონპელიე, ბრივი-ლიონი, კლერმონი-ოიონაქსი, ტულუზი-ბაიონი, გრენობლი-ტულონი, კასტრი-ბორდო.

* * *
II დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა. აქ ისევ დამაჯერებლად ლიდერობს გიორგი ნაცარაშვილის "პო", რომელსაც ამჟამად 83 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანს" 11 ქულით უსწრებს.

25-ე ტურში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე ლიდერის დამარცხება შეძლეს - 22:15 და მეორე პოზიციაზე გამყარდნენ. ნაცარაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 69-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიშვილსა და ბასილაიას არ უთამაშიათ.

საგულისხმოა, რომ პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს ქართველ მორაგბეთა კიდევ სამი გუნდი. ესენია: "აჟენი", "ორიაკი" და "ალბი". თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" შინ საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში დაამარცხა "კარკასონი" - 46:31 და ახლა 66 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ამდენივე ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "დაქსი" - 42:6. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე და ხატიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"აჟენისა" და "ორიაკის" დუეტს სამი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მე-6 საფეხური უკავია ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბის". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა "ნარბონი" - 17:13. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, მაისურაძეს არ უთამაშია.

სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე დაეშვა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასი", რომელმაც სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ბურგუენთან" - 20:25.

ყუფარაძე აშვეთიამ 48-ე წუთზე შეცვალა, იმავდროულად, დატოვა მოედანი დადუნაშვილმაც, სუთიაშვილი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, ახობაძეს არ უთამაშია.

გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "კოლომიესთან" - 17:34. მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძე 18 წუთით ადრე გამოჩნდა მოედანზე.

II დივიზიონი
XXV ტური
აჟენი-კარკასონი 46:31, ალბი-ნარბონი 17:13, ორიაკი-დაქსი 42:6, ბეზიე-მონტობანი 38:13, ბურგუენი-მასი 25:20, კოლომიე-ტარბი 34:17, პერპინიანი-პო 22:15, მონ დე მარსანი-ბიარიცი 23:15.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 83 ქულა, 2. პერპინიანი - 72, 3. მონ დე მარსანი - 68, 4. აჟენი - 66, 5. ორიაკი - 66, 6. ალბი - 63, 7. ბიარიცი - 62, 8. მონტობანი - 58, 9. კოლომიე - 57, 10. ბეზიე - 55, 11. კარკასონი - 50, 12. ტარბი - 49, 13. ბურგუენი - 41, 14. ნარბონი - 38, 15. დაქსი - 37, 16. მასი - 35.

XXVI ტური
პო-მონ დე მარსანი, მონტობანი-აჟენი, კარკასონი-ბეზიე, კოლომიე-ორიაკი, დაქსი-მასი, ნარბონი-პერპინიანი, ტარბი-ალბი, ბიარიცი-ბურგუენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული