ქართული ლეგიონი: ქართველთა ორი გუნდი ჩემპიონთა თასის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში, ჩემპიონთა თასზე საუკეთესო რვა გუნდს შორის ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იყო, რომელთაგან ნახევარფინალში ორმა, "ტულონმა" და "კლერმონმა" გააღწია.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" შინ დაუპირისპირდა ინგლისურ "ვოსფსს" და 32:18 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვება მატჩის პირველივე წუთებიდან ეჭვს არ იწვევდა. "ტულონმა", როგორც ევროპის სუპერგუნდს სჩვევია, დამაჯერებლად ითამაშა და მეტოქეს იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა.

გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს; ჩილაჩავა თადარიგში გახლდათ, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა; მიქაუტაძე
განაცხადში არ იყო.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" ასევე შინ სძლია ინგლისურ "ნორსჰემპთონს" - 37:5. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ "ვულკანებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. ჩვენებურთა ამ გუნდმა საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჩამოიცილა გზიდან და გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახდა. მით უფრო, რომ "კლერმონი" ნახევარფინალში შინ მიიღებს ინგლისურ "სარასენზს", რომელმაც სტუმრად დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" - 12:11.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილს და ხინჩაგიშვილს არ უთამაშიათ.

ნახევარფინალში ისევ შინ ითამაშებს "ტულონიც". მისი მეტოქე ირლანდიური "ლენსტერი" იქნება, რომელმაც საკუთარ მოედანზე ინგლისური "ბასი" დაამარცხა - 18:15.

"ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეოთხედფინალში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ვერ გააღწიეს.

ჩემპიონთა თასი
მეოთხედფინალი
ტულონი-ვოსფსი 32:18, კლერმონი-ნორსჰემპთონი 37:5, მეტრო რასინგი-სარასენზი 11:12, ლენსტერი-ბასი 18:15

ნახევარფინალი
ტულონი-ლენსტერი
კლერმონი-სარასენზი

ჩელენჯ კაპი
მეოთხედფინალი
გლოსტერი-ქონოთი 14:7, ნიუპორტი-კარდიფი 25:21, ექსეტერი-ნიუკასლი 48:13, ლონდონ აირიში-ედინბურგი 18:23.

ნახევარფინალი
გლოსტერი-ექსეტერი
ედინბურგი-ნიუპორტი

ევროტურნირების პარალელურად, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში 26-ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ისევ დამაჯერებლად ლიდერობს ქართველი შერკინების ბურჯის, გიორგი ნაცარაშვილის "პო". ჩვენებურის ეს გუნდი შინ ეთამაშა "მონ დე მარსანს" და 30:15 მოუგო. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.

"პო" ახლა 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანს". იმ შემთხვევაში, თუ "პომ" მომდევნო ტურში შინ "მონტობანი" პრემიალური ქულით დაამარცხა, ჩვენებურის გუნდი პირველი დივიზიონის საგზურს დროზე ადრე გაინაღდებს.

"პერპინიანი" კი სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 21:31 და ჯერ კიდევ ბრძოლა მოუწევს მეორე ადგილის შესანარჩუნებლად. ქართველ მორაგბეებს ამ მატჩში არ უთამაშიათ.

ასევე 16 ქულით ჩამორჩება "პოს" და მესამე ადგილზეა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელმაც სტუმრად სწორედ "მონტობანს" მოუგო - 33:23. ქართველი მორაგბეებისთვის ადგილი შემადგენლობაში არც ამჯერად აღმოჩნდა.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობენ "ორიაკი" და "ალბი". ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკმა" სტუმრად წააგო "კოლომიესთან" - 11:15.

შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

ბექა შეყლაშვილის "ალბიმ" ასევე სტუმრად წააგო გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბთან" - 23:28. მირცხულავამ, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს, მე-11 წუთზე ლელო გაიტანა, ნემსაძემ სრულად ითამაშა, შეყლაშვილი მოედანზე 45-ე წუთიდან გამოჩნდა, კობერიძე განაცხადში არ იყო.

შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, დავით აშვეთიას, ვახტანგ ახობაძისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასიმ" სტუმრად წააგო "დაქსთან" - 10:37. დადუნაშვილი მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და მე-5 წუთზე შეცვალეს, ყუფარაძის ნაცვლად აშვეთია 47-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, იმავდროულად გამოჩნდა მოედანზე სუთიაშვილიც, ახობაძეს არ უთამაშია.

"მასი" ახლა 35 ქულით ბოლო ადგილზეა და დივიზიონის დატოვების ყველაზე რეალური კანდიდატია.

პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგა ლაშა ლომიძის "ბეზიემ", რომელმაც სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 14:23. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XXVI ტური
პო-მონ დე მარსანი 30:15, მონტობანი-აჟენი 23:33, კარკასონი-ბეზიე 23:14, კოლომიე-ორიაკი 15:11, დაქსი-მასი 37:10, ნარბონი-პერპინიანი 31:21, ტარბი-ალბი 28:23, ბიარიცი-ბურგუენი 40:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 88 ქულა, 2. პერპინიანი - 72, 3. აჟენი - 72, 4. მონ დე მარსანი - 68, 5. ბიარიცი - 67, 6. ორიაკი - 67, 7. ალბი - 64, 8. კოლომიე - 61, 9. მონტობანი - 59, 10. ბეზიე - 55, 11. კარკასონი - 54, 12. ტარბი - 53, 13. დაქსი - 42, 14. ნარბონი - 42, 15. ბურგუენი - 41, 16. მასი - 35.

XXVII ტური
პო-მონტობანი, ბეზიე-ნარბონი, მასი-აჟენი, მონ დე მარსანი-ტარბი, ალბი-ორიაკი, ბიარიცი-კარკასონი, ბურგუენი-კოლომიე, პერპინიანი-დაქსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის. ვიდეოებსაც თუ დადებთ კარგი იქნება, ან ლინკებს მაინც რომ თუნდაც იუტუბზე ვნახოთ.
ამადეუსი
14:24 07-04-2015
0

სიახლეები პოპულარული