ქართული ლეგიონი: საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ჩვენებურთა ხუთი გუნდი იბრძოლებს

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ ნარიაშვილი და დავით ზირაქაშვილი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ექვსი გუნდი განაგრძობს.

აქედან ხუთი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "ტულონი", "კლერმონი", "ტულუზი", "სტად ფრანსე", "მეტრო რასინგი" და "ოიონაქსი". ამათგან პირველი ორი პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებს, დანარჩენი ოთხი კი ერთმანეთთან ბრძოლაში გაარკვევს კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობას.

პირველ დივიზიონს "ლიონი" და "ბაიონი" დატოვებენ.

ბოლო ტურში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ მიიღო "ოიონაქსი" და 46:17 დაამარცხა.

ჩილაჩავა თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. ტულონელებმა რეგულარული გათამაშება
მოიგეს და ახლა ნახევარფინალში მომავალ მეტოქეს დაელოდებიან.

"ტულონს" ერთი ქულით ჩამორჩა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" - 29:17.

ზირაქაშვილი და ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივე ერთდროულად, 63-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილი ტრავმირებულია.

რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელმაც ბოლო ტურში შინ მოუგო "ბორდოს" - 23:22.

არადა, ტულუზელები სეზონის განმავლობაში აუტსაიდერის პოზიციაზეც კი იყვნენ. თუმცა, გი ნოვემ და კომპანიამ მაინც შეძლეს ლიდერთა მარაქაში დაბრუნება და ახლა ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები არიან. კაკოვინი, მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელდა, განაცხადში არ იყო.

ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ" სტუმრად მშრალი ანგარიშით წააგო გიორგი ჟღენტის, კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივთან" - 0:27. შედეგად, ბრიველებმა პირველ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს. პარიზელებმა კი მეორე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგეს.

ასეიშვილი 49-ე წუთზე შველიძემ შეცვალა, ჟღენტმა მოედანი ხუთი წუთის შემდეგ დატოვა; ძირითად შემადგენლობაში იყო ქუბრიაშვილიც, რომელიც 47-ე წუთზე შეცვალეს; იმავდროულად, თამაშში ჟვანიაც ჩაერთო, ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

კიდევ ერთმა პარიზულმა გუნდმა, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" შინ დაამარცხა "კასტრი" - 53:10. ქართველი შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონი
XXX ტური
ბაიონი-ლა როშელი 45:12, ბრივი-სტად ფრანსე 27:0, ლიონი-გრენობლი 29:24, მონპელიე-კლერმონი 17:29, მეტრო რასინგი-კასტრი 53:10, ტულონი-ოიონაქსი 46:17, ტულუზი-ბორდო 23:22.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 76 ქულა, 2. კლერმონი - 75, 3. ტულუზი - 70, 4. სტად ფრანსე - 70, 5. მეტრო რასინგი - 65, 6. ოიონაქსი - 62, 7. ბორდო - 61, 8. მონპელიე - 55, 9. ლა როშელი - 54, 10. გრენობლი - 53, 11. ბრივი - 53, 12. კასტრი - 52, 13. ბაიონი - 52, 14. ლიონი - 41.

პლეი ოფი
ტულუზი-ოიონაქსი
სტად ფრანსე-მეტრო რასინგი


* * *
წარმატებით იასპარეზეს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მეორე დივიზიონში. გიორგი ნაცარაშვილის "პომ" რეგულარულ გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური ავტომატურად მოიპოვა.

მეორე გუნდი, რომელიც ელიტაში აღზევდა, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენია", რომელმაც ფინალში "მონ დე მარსანს" უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით მოუგო - 16:15.

II დივიზიონი
ფინალი
აჟენი-მონ დე მარსანი 16:15

* * *
ფედერალ 1 დივიზიონში ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა. გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილმა" შინ მოუგო "ნევერს" - 23:10. განმეორებით შეხვედრაში, 13-ქულიანი უპირატესობა ლილელებისთვის, ვფიქრობთ, საკმარისი უნდა იყოს.

მეორე წყვილში საბა ქართველიშვილის "შამბერიმ" შინ სძლია ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსს" - 24:10.

ფედერალ 1
ნახევარფინალი
ლილი-ნევერი 23:10
შამბერი-ექსი 24:10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული