''ტულონი'' და ''ბრივი'' მეოთხედფინალში

AutoSharing Option
ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან ორმა, "ტულონმა" და "ბრივამ" ევროთასების გათამაშებაში, პლეი ოფში თამაშის უფლება ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. დანარჩენი კი, მეოთხედფინალში გასვლის რეალურ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის" თასის" გათამაშების A ჯგუფში აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" სტუმრად წააგო მესამეადგილოსან უელსურ "კარდიფ ბლუზთან" - 9:14. ჩვენებურთა გუნდი მარცხის მიუხედავად 11 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და ბოლო ტურში, ერთი კვირის თავზე, შინ ინგლისურ "ნორსჰემპთონს" მასპინძლობს.

ინგლისელებმა შინ შოტლანდიური "ედინბურგი" მშრალი ანგარიშით - 37:0 დაამარცხეს და
პლეი ოფის საგზური ერთი ტურით ადრე მოიპოვეს. კასტრელებმა უმოტივაციო "ნორსჰემპთონის" ძლევა თუ მოახერხეს, შანსი ექნებათ, მეოთხედფინალში, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანნი გავიდნენ.

კარდიფთან მატჩში ფეიქრიშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძე კი მოედანზე ხუთი წუთის შემდეგ გამოჩნდა.

A ჯგუფი
კარდიფი-კასტრი 14:9, ნორსჰემპთონი-ედინბურგი 37:0
სატურნირო მდგომარეობა
ნორსჰემპთონი - 21 ქულა, კასტრი - 11, კარდიფი - 10, ედინბურგი - 7
VI ტური
კასტრი-ნორსჰემპთონი, ედინბურგი-კარდიფი


B ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ დაამარცხა პარიზული "მეტრო რასინგი" -28:17 და 14 ქულით მეორე ადგილზეა. სატურნირო ცხრილს კი სათავეში უდგას ირლანდიური "ლენსტერი", რომელმაც შინ ინგლისურ "სარასენზს" მოუგო - 43:20. ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო.

"ვულკანები" ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშებიან "სარასენზს"და გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება "ლენსტერის" გასვლითი მატჩის შედეგზე პარიზში, "მეტრო რასინგათან". თუ ირლანდიელებმა მოიგეს, მაშინ შესაძლოა, "კელერმონი" მეოთხედფინალში როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდეს.

B ჯგუფი
კლერმონი-მეტრო რასინგი 28:17, ლენსტერი-სარასენზი 43:20
სატურნირო მდგომარეობა
ლენსტერი- 19 ქულა, კლერმონი - 14, მეტრო რასინგი - 9, სარასენზი - 6.
VI ტური
მეტრო რასინგი-ლენსტერი, სარასენზი-კლერმონი


C ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი ირლანდიური "მანსტერი" 32:16 და პლეი ოფში თამაშის უფლება ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ტულონელებს ამაში ინგლისური "ლონდონ აირიშიც" დაეხმარა, რომელმაც შინ დაამარცხა მესამეადგილოსანი უელსური "ოსფრიზი" 24:12. ამდენად, "ტულონი" მეტოქეთაგან მიუწვდომელი გახდა.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე არბიტრმა გაასინბინა. ტულონელთა შორის ყველაზე შედეგიანი, ტრადიციულად, ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი გახლდათ. მან ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (22 ქულა).

C ჯგუფი
ტულონი-მანსტერი 32:16, ლონდონ აირიში-ოსფრიზი 24:12
სატურნირო მდგომარეობა
ტულონი - 17 ქულა, მანსტერი - 11, ოსფრიზი - 10, ლონდონ აირიში - 9.
VI ტური
მანსტერი-ლონდონ აირიში, ოსფრიზი-ტულონი


"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში პლეი ოფის საგზური ერთი ტურით ადრე გაინაღდა B ჯგუფში მოასპარეზე ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივმა". ჩვენებურთა გუნდმა ბოლოსწინა ტურში შინ ესპანური "ელ სალვადორი" გაანადგურა - 52:3.

ბრიველებს 23 ქულა დაუგროვდათ და მეორეადგილოსან ინგლისურ "სეილ შარქსს" შვიდი ქულით უსწრებენ. კაკოვინი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

"სეილ შარქსმა" შინ მოუგო იტალიურ "პადოვას" 54:0 და ახლა საუკეთესო მეორე ადგილისთვის იბრძვის.

B ჯგუფი
ბრივი-ელ სალვადორი 52:3, სეილ შარქსი-პადოვა 54:0
სატურნირო მდგომარეობა
ბრივი - 23 ქულა, სეილ შარქსი - 16, პადოვა - 5, ელ სალვადორი - 4.
VI ტური
პადოვა-ბრივი, ელ სალვადორი-სეილ შარქსი


C ჯგუფში მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად დაამარცხა ინგლისური "ნიუკასლი" - 6:0. ჩვენებურთა გუნდს 17 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მას ორი ქულით ჩამორჩება ინგლისური "ექსეტერი", რომელმაც შინ მოუგო ფრანგულ "ბურგუენს" - 17:6.

ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. "მონპელიე" შინ მიიღებს უშუალო კონკურენტ "ექსეტერს" და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გააღწევს.

"ნიუკასლთან" მატჩში შველიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ერთი წუთის შემდეგ მოედანზე ჩხაიძეც გამოჩნდა, გორგოძეს, ჟღენტს და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

C ჯგუფი
ნიუკასლი-მონპელიე 0:6, ექსეტერი-ბურგუენი 17:6
სატურნირო მდგომარეობა
მონპელიე - 17 ქულა, ექსეტერი - 15, ნუკასლი - 9, ბურგუენი - 6.
VI ტური
მონპელიე-ექსეტერი, ბურგუენი-ნიუკასლი


ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელიც E ჯგუფში ასპარეზობს, შინ წააგო "ლა როშელთან" - 17:28, თუმცა პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს. შეყლაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "გლოსტერმა" სტუმრად მოუგო იტალიურ "როვიგოს" 55:7. ბოლო ტურში "აჟენი" სტუმრად სწორედ "გლოსტერს" ეთამაშება, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.

E ჯგუფი
აჟენი-ლა როშელი 17:28, როვიგო-გლოსტერი 7:55
სატურნირო მდგომარეობა
ლა როშელი - 19 ქულა, გლოსტერი - 16, აჟენი - 15, როვიგო - 0
VI ტური
ლა როშელი-როვიგო, გლოსტერი-აჟენი





.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული