პლეი ოფში სამმა გააღწია

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფური ტურნირი დასრულდა. ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან მეოთხედფინალში სამი, "ტულონი", "ბრივი" და "მონპელიე", გავიდა.

"ჰაინეკენის თასის" გათამაშების A ჯგუფში პლეი ოფში გასვლის შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც ბოლო ტურში შინ მიიღო პირველადგილოსანი, უმოტივაციო ინგლისური "ნორსჰემპთონი".

მიუხედავად ამისა, ჩვენებურთა გუნდმა სტუმრებს ვერაფერი დააკლო და 12:23 წააგო. გიორგაძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი კი მოდანზე შვიდი წუთის შემდეგ გამოჩნდა.

საბოლოოდ "კასტრს" 11 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილს დასჯერდა. მას სამი ქულით გაუსწრო უელსურმა "კარდიფ ბლუზმა",
რომელმაც სტუმრად მოუგო შოტლანდიურ "ედინბურგს" - 21:14.

A ჯგუფი
კასტრი-ნორსჰემპთონი 12:23, კარდიფი-ედინბურგი 21:14
სატურნირო მდგომარეობა
ნორსჰემპთონი - 25 ქულა, კარდიფი - 14, კასტრი - 11, ედინბურგი - 8.

B ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" ბოლო ტურში, სტუმრად სძლია ინგლისურ "სარასენზს" - 24:14. "ვულკანებმა" 19 ქულით მეორე ადგილი კი დაიკავეს, მაგრამ ეს მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ზირაქაშვილი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო ირლანდიურმა "ლენსტერმა", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად მოუგო ფრანგულ "მეტრო რასინგს" - 36:11.

B ჯგუფი
სარასენზი-კლერმონი 14:24, მეტრო რასინგი-ლენსტერი 11:36
სატურნირო მდგომარეობა
ლენსტერი - 24 ქულა, კლერმონი - 19, მეტრო რასინგი - 9, სარასენზი - 6.

C ჯგუფში წარმატებით იასპარეზა დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა". ჩვენებურის გუნდმა პლეი ოფის საგზური ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა და ბოლო ტურში, მისი თამაში სტუმრად უელსურ "ოსფრიზთან" უბრალო ფორმალობა იყო.


მიუხედავად ამისა, ტულონელები პირველ ტაიმში დიდი მონდომებით გაისარჯნენ და 17:9 მოიგეს. თუმცა შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მატჩში გარდატეხის შეტანა და მეოთხედფინალისტი გუნდი 29:17 დაამარცხეს. ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყო.

"ტულონმა" 17 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მას ერთი ქულით ჩამორჩა ირლანდიური "მანსტერი", რომელმაც შინ მოუგო ინგლისის "ლონდონ აირიშს" - 28:14.

C ჯგუფი

მანსტერი-ლონდონ აირიში 28:14, ოსფრიზი-ტულონი 29:17
სატურნირო მდგომარეობა
ტულონი - 17 ქულა, მანსტერი - 16, ოსფრიზი - 14, ლონდონ აირიში - 9.

ბოლო ტური "ემლინ ჩელენჯ კაპზე" ბექა შეყლაშვილის "აჟენის" მატჩით გაიხსნა. ჩვენებურის გუნდმა, რომელიც E ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად ითამაშა ინგლისურ "გლოსტერთან" და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 7:60. აჟენელებმა საბოლოოდ 15 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა.

ჯგუფში პირველი ადგილი მეორე ფრანგულმა კლუბმა "ლა როშელმა" დაიკავა, რომელმაც ბოლო ტურში შინ გაანადგურა აუტსაიდერი იტალიური "როვიგო" - 71:17.

E ჯგუფი

გლოსტერი-აჟენი 60:7, ლა როშელი-როვიგო 71:17
სატურნირო მდგომარეობა
ლა როშელი - 24 ქულა, გლოსტერი - 21, აჟენი - 15, როვიგო - 0.

B ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა", რომელმაც ექვსი თამაშიდან ექვსივე მოიგო. ბრიველებმა ბოლო მატჩში სტუმრად დაამარცხეს იტალიური "პადოვა" - 24:10. ჩვენებურთა გუნდს 27 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე გასულ ინგლისურ "სეილ შარქსს" ექვსი ქულით გაუსწრო.

კაკოვინი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

"სეილ შარქსმა" სტუმრად მოუგო ესპანურ "ელ სალვადორს" - 50:5 და მეოთხედფინალში საუკეთესო მეორე ადგილით გავიდა.

B ჯგუფი

პადოვა-ბრივი 20:24, ელ სალვადორი-სეილ შარქსი 5:50
სატურნირო მდგომარეობა
ბრივი - 27 ქულა, სეილ შარქსი - 21, პადოვა - 6, ელ სალვადორი - 4.

C ჯგუფში პირველი ადგილი არავის დაუთმო მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ". ჩვენებურთა გუნდს პირველ ადგილს ინგლისური "ექსეტერი" ეცილებოდა. ბოლო ტურში მონპელიელებმა სწორედ ინგლისელებს უმასპინძლეს.


პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური სხვაობით 17:16 მოიგეს. მეორე ტაიმში მათ ანგარიშში სხვაობის გაზრდა შეძლეს და მატჩის დასრულებამე ექვსი წუთით ადრე ხუთი ქულით დაწინაურდნენ - 30:25. "მონპელიემ" მაინც მოახერხა ძალების მობილიზება და შეცვლაზე შესულმა გარემარბმა კვენტინ დუმაირუმ გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა, მგეზავმა რაფაელ ლაგარდმა გარდასახა - 32:30, ასე დასრულდა ეს შეხევდრა და ქართველთა გუნდმა მეოთხედფინალში გაიკაფა გზა.

შველიძე თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძე მოედანზე რვა წუთის შემდეგ გამოჩნდა, გორგოძეს, ჟღენტს და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრანგულ "ბურგუენსა" და ინგლისურ "ნიუკასლს" შორის დიდთოვლობის გამო გადაიდო.

C ჯგუფი

მონპელიე-ექსეტერი 32:30, ბურგუენი-ნიუკასლი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
მონპელიე - 21 ქულა, ექსეტერი - 16, ნიუკასლი - 9, ბურგუენი - 6.







.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული