რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე საფრანგეთს ლელოთი დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში შვიდი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი ოთხი საფეხური ქართველი მორაგბეების გუნდებს უკავიათ. კიდევ ორი კი საპლეიოფო ზონასთან ახლოსაა და, სავარაუდოდ, ძალიან მალე ლიდერთა შორის უნდა გაერიოს.

გათამაშებას ისევ დავით ზირაქაშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ლიდერობს, რომელმაც შინ მიიღო "კასტრი" და უხვლელოიან ბრძოლაში 42:13 დაამარცხა. "ვულკანებმა" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყვიტეს და სატურნირო ცხრილში პოზიცია განიმტკიცეს.

კოლელიშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა, ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ნატრიაშვილი განაცხადში არ იყო.

"კლერმონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" - 17:14.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ბრიველებმა 14:3 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი უპირატესობას მთლიანად მასპინძლები დაეუფლნენ და გამარჯვების მომტანი ლელო მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაიტანეს.

ჟღენტი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, შველიძე მოედანზე 16 წუთის შემდეგ გამოჩნდა, ხინჩაგიშვილი და ასეიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

პარიზელებს ორი ქულით ჩამორჩებიან "ტულუზი" და "მონპელიე". მეშვიდე ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები წარდგნენ. ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" სტუმრად დაამარცხა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" - 33:25.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა.

საფრანგეთის ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიას, დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" სტუმრად დამარცხდა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენთან" - 23:28. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს, 26 წუთის შემდეგ მოედანი მჭედლიძემაც დატოვა, ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, მელიქიძე და თეთრაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" სტუმრად დამარცხდა "გრენობლთან" - 29:33.

ტულონელებმა მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანეს, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ოთხიდან ერთი ლელო 28-ე წუთზე გორგოძემ მიითვალა, რომელმაც სრულად ითამაშა. მიქაუტაძე მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, ჩილაჩავა ტრავმირებულია.

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" სტუმრად დამარცხდა "ბორდოსთან" - 16:21. ქართველი შერკინების ბურჯი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი. VII ტური
ბორდო-ლა როშელი 21:16, ოიონაქსი-პო 42:23, აჟენი-სტად ფრანსე 28:23, მეტრო რასინგი-ბრივი 17:14, მონპელიე-ტულუზი 25:33, კლერმონი-კასტრი 42:13, გრენობლი-ტულონი 33:29

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 28 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 24, 3. ტულუზი - 22, 4. მონპელიე - 22, 5. ბორდო - 19, 6. გრენობლი - 18, 7. ბრივი - 18, 8. ტულონი - 17, 9. ლა როშელი - 11, 10. კასტრი - 10, 11. ოიონაქსი - 10, 12. სტად ფრანსე - 9, 13. პო - 9, 14. აჟენი - 8.

მეორე დივიზიონში ისევ გურამ კავთიძისა და ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი" ლიდერობს, თუმცა ამ გუნდმა მეშვიდე ტურში სტუმრად წააგო მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკთან" - 21:23.

ორიაკელებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ და "ლიონს" ახლა სამი ქულით ჩამორჩებიან.

შარიქაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, დათუნაშვილი მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

საინტერესო გამოდგა უშუალო კონკურენტების, ლიდერთა ჯგუფში მყოფი დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანის" დაპირისპირება ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონთან". ამ ბასკურმა გუნდმა მეტოქე შინ დაამარცხა 17:14 და ახლა 22-22 ქულით მასთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

ბასილაია 42-ე წუთზე შეცვალეს, ფეიქრიშვილი თამაშში 20 წუთის შემდეგ ჩაერთო, მჭედლიშვილს არ უთამაშია.

18 ქულით მეხუთე ადგილზეა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბი", რომელმაც სტუმრად წააგო "მონ დე მარსანთან" - 9:27.

მაისურაძე 39-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და 10 წუთის შემდეგ არბიტრმა სინბინში გაუშვა.

"ალბის" ერთი ქულით ჩამორჩება ლაშა ლომიძის "ბეზიე", რომელიც სტუმრად დამარცხდა "ბიარიცთან" - 15:21. ლომიძე თადარიგში იყო და მოედანზე 44-ე წუთიდან გამოჩნდა.

გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" სტუმრად დამარცხდა "მონტობანთან" - 24:35. ნემსაძე 68-ე წუთზე შეცვალეს, კობერიძე თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი. VII ტური
ბაიონი-პერპინიანი 17:14, ბიარიცი-ბეზიე 21:15, ექსი-კარკასონი 17:16, ბურგუენი-კოლომიე 29:12, მონ დე მარსანი-ალბი 27:9, მონტობანი-ტარბი 35:24, დაქსი-ნარბონი 21:16, ორიაკი-ლიონი 23:21

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 27 ქულა, 2. ორიაკი - 24, 3. პერპინიანი - 22, 4. ბაიონი - 22, 5. ალბი - 18, 6. ბეზიე - 17, 7. კოლომიე - 17, 8. მონ დე მარსანი - 16, 9. ნარბონი - 14, 10. მონტობანი - 14, 11. ტარბი - 13, 12. დაქსი - 13, 13. ექსი - 12, 14. ბურგუენი - 11, 15. კარკასონი - 9, 16. ბიარიცი - 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული