კობაურის ლელო და ბელქანიას წითელი

AutoSharing Option
სანამ ექვსი ერისა და ერთა თასის გათამაშებაში მეორე ტურის ბატალიები მიმდინარეობდა, საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა. პლეი ოფში, ანუ მოწინავე ექვსეულში მოხვედრისთვის ბრძოლას ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი განაგრძობს.

ტურის ცენტრალური მატჩი მონპელიეში გაიმართა. წლეულს შესანიშნავად მოასპარეზე მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიემ" ქვეყნის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" დაამარცხა - 29:9.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, მაგრამ მაქსიმუმს, რასაც "ვულკანები" გამორჩნენ, მე-4 წუთზე გატანილი ერთადერთი საჯარიმოა. მოგვიანებით მონპელიელებმა თამაში სათავისო კალაპოტში გადაიყვანეს და ტაიმი 15:3
მოიგეს.

მეორე ნახევარი პირველის იდენტურად დაიწყო, იმ განსხვავებით, რომ კლერმონელებმა ორი საჯარიმოს გატანა შეძლეს და 51-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირეს - 9:15.

მერე ისევ "მონპელიე" დომინირებდა და უაღრესად მნიშვნელოვან საშინაო მატჩში გაიმარჯვა. მონპელიელი ქართველებიდან მხოლოდ ჟღენტმა ითამაშა, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე და შველიძე განაცხადში არ იყვნენ, ჩხაიძე საქართველოს ნაკრებში გაისარჯა, ზირაქაშვილმა "კლერმონის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა.

"მონპელიეს" ახალ 52 ქულა აქვს და მესამე ადგიზეა, მას სამი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსანი, დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელმაც შინ მოუგო დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივს" - 22:16.

ბრიველებმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გასწიეს და ტაიმი მინიმალური სხვაობით 9:10 წააგეს. შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა მაინც იძალეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. ქუბრიაშვილი და ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივე ერთდროულად, 55-ე წუთზე შეცვალეს. კაკოვინი "ბორჯღალოსანთა" რიგებში ესპანეთის ნაკრებს არბევდა.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარშია, სტუმრად დამარცხდა ჩემპიონობის მაძიებელ "მეტრო რასინგთან" - 13:20. გიორგაძე განაცხადში არ იყო, ფეიქრიშვილმა საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელიც "ბრივის" მსგავსად, სახიფათო, გასავარდნ ზონაში იმყოფება, სტუმრად წააგო ვიცე ჩემპიონ "პერპინიანთან" - 18:31. შეყლაშვილი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.

I დივიზიონი
XVIII ტური
ლა როშელი-ტულუზი 19:22, ტულონი-ბრივი 22:16, პერპინიანი-აჟენი 31:18, მეტრო რასინგი-კასტრი 20:13, ბაიონი-ბურგუენი 24:7, მონპელიე-კლერმონი 29:9, სტად ფრანსე-ბიარიცი 31:18.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 60 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 53, 3. მონპელიე - 52, 4. ტულონი - 49, 5. კლერმონი - 49, 6. ბაიანი 48, 7. ბიარიცი - 48, 8. კასტრი - 47, 9. სტად ფრანსე - 44, 10. პერპინიანი - 41, 11. ლა როშელი - 28, 12. აჟენი - 28, 13. ბრივი - 27, 14. ბურგუენი - 10.

XIX ტური
ბრივი-სტად ფრანსე, ბურგუენი-პერპინიანი, ლა როშელი-მეტრო რასინგი, კლერმონი-ბაიონი, კასტრი-მონპელიე, ტულუზი-ბიარიცი, აჟენი-ტულონი



ორკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა შეჯიბრება ფედერალ 1 დივიზიონშიც. სადაც მე-16 ტურის შეხვედრებს ბევრი არაფერი შეუცვლია. ოთხი ჯგუფიდან, სამში საკმაოდ დამაჯერებლად ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდები ლიდერობენ.

A ჯგუფში დავით აშვეთიას, სანდრო ესაკიას, შალვა სუთიაშვილისა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად მორიგი გამარჯვება მოიპოვა აუტსაიდერ "სურესნესთან" მატჩში - 33:26. პარიზელებმა 68 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან "ბობინის" 15 ქულით უსწრებს.

კობაურმა, რომელიც თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, 78-ე წუთზე გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა, აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ესაკიას არ უთამაშია, სუთიაშვილი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონმა", რომელიც 52 ქულით მესამე ადგილზეა, შინ მოუგო ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონს" - 22:9. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

თემურ გელანტიას "სტრასბურმა" შინ დაამარცხა მინიმალური სხვაობით 14:13 ავთანდილ კოპალიანის "ორლეანი". გელანტია 63-ე წუთზე შეცვალეს, კოპალიანი განაცხადში არ იყო.

A ჯგუფი
ბობინი-ბურგ ან ბრესი 8:12, სურესნე-მასი 26:33, დიჟონი-ანესი 38:7, მონლუსონი-მაკონი 22:9, ნევერი-სერჟ პონტუაზი 15:10, სტრასბური-ორლეანი 14:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 68 ქულა, 2. ბობინი - 53, 3. მონლუსონი - 52, 4. დიჟონი - 47, 5. ბურგ ან ბრესი - 47, 6. ნევერი - 36, 7. ორლეანი - 35, 8. მაკონი - 31, 9. სტრასბური - 20, 10. ანესი - 20, 11. სურესნე - 12, 12. სერჟ პონტუაზი - 11.


B ჯგუფში ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" შინ მოუგო "ვალანსს" 18:6 და მეორეადგილოსან გიორგი ნემსაძის "მონტობანს" ცხრა ქულით გაუსწრო. მჭედლიშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, მალაღურაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

"მონტობანმა" კი, თავის მხრივ გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინთან" წააგო სტუმრად - 19:29. ქართველთაგან მხოლოდ ბელქანიამ ითამაშა. ის მოედანზე 47-ე წუთიდან გამოჩნდა და 78-ე წუთზე არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.

დავით კაჭარავას "ნიცამ" სტუმრად მოუგო "შატორენარს" - 16:13. "კაჭიმ" ეროვნულ ნაკრებში ითამაშა ერთა თასზე. "ნიცას" კი ახლა 41 ქულა აქვს მე-4 ადგილზეა.

B ჯგუფი
ბეზიე-ვალანსი 18:6, გროლე-ბლანიაკი 22:12, ლა სეინი-მონტობანი 29:19, შატორენარი-ნიცა 13:16, გრასი-ობენა 32:16, რომანი-ლავორი 12:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე -54 ქულა, 2. მონტობანი - 45, 3. ბლანიაკი - 43, 4. ნიცა - 41, 5. ვალანსი - 38, 6. ლავორი - 37, 7. რომანი - 36, 8. ლა სეინი - 35, 9. შატორენარი - 31, 10. ობენა - 31, 11. გროლე - 27, 12. გრასი - 16.


C ჯგუფის ლიდერმა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ" სტუმრად წააგო "ვანთან" - 3:9 და მეორეადგილოსან "ლიმოჟს" ხუთი ქულით უსწრებს.

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" კი სტუმრად წააგო "სენ ჟუნიენთან" 3:48. მაისურაძეს "ბორჯღალოსანთა" რიგებში ჰქონდა დებიუტი.

C ჯგუფი
ლანჟონი-ლიმოჟი 33:30, სენ ჟუნიენი-სენ ნაზერი 48:3, პაი დუ მედოკი-ნიორი 20:14, ტური-სენ მედარი 12:38, რიბერაკი-მარმანდი 18:19, ვანი-პერიგო 9:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 68 ქულა, 2. ლიმოჟი - 63, 3. ვანი - 55, 4. მარმანდი - 47, 5. ლანჟონი - 45, 6. სენ მედარი - 42, 7. სენ ნაზერი - 39, 8. სენ ჟუნიენი - 34, 9. რიბერაკი - 24, 10. პაი დუ მედოკი - 18, 11. ნიორი - 14, 12. ტური - 8.


D ჯგუფში დავით ბალანჩივაძის, რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილის, ლევან დათუნაშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკმა" სტუმრად წააგო "ოლორონთან" - 22:25. გიგაურმა სრულად ითამაშა, ბალანჩივაძე 57-ე წუთზე შეცვალეს, კვირიკაშვილმა, დათუნაშვილმა და ურჯუკაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.

კარლენ ასეიშვილის "ორტეზმა", რომელიც აუტსაიდერია სტუმრად წააგო "ტიროსთან" - 6:10. ასეიშვილი მოედანზე 40-ე წუთიდან გამოჩნდა.

D ჯგუფი
ლურდი-ლანამეზანი 14:9, კაორი-მოლეონი 26:23, ოლორონი-ფიჟაკი 25:22, მორლაა-ტურნეფოი 53:6, კასტანე-ლილი 24:21, ტიროსი-ორტეზი 10:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 71 ქულა, 2. კასტანე - 53, 3. ლილი - 49, 4. ლანამეზანი - 49, 5. ოლორონი - 45, 6. სენ ჟან დე ლუზი - 44, 7. ლურდი - 39, 8. მორლაა - 38, 9. მოლეონი - 36, 10. ფიჟაკი - 31, 11. ტურნეფოი - 31, 12. კაორი - 27, 13. ორტეზი -21.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული