ქართველი მორაგბეების ტრანსფერები: რამდენიმე ჯერ უგუნდოდაა

AutoSharing Option
ფოტოზე: დიმა ბასილაია უგუნდოდაა, კონსტანტინე მიქაუტაძე "მონპელიეში" წავიდა
საფრანგეთის ჩემპიონატი წლეულს ჩვეულებრივზე გვიან დასრულდა. მიზეზი შარშან ინგლისში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება იყო. შესაბამისად, სატრანსფერო სეზონიც ოდნავ გაიწელა.

ცხადია, ჯერ ყველა ჩვენი მორაგბე "დაბინავებული" არ არის, მაგრამ გარკვეული სურათი უკვე შექმნილია.

ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა ბასკურმა "ბაიონმა", რომელშიც ქართველი შერკინების ბურჯი (N3) ანტონ ფეიქრიშვილი ასპარეზობდა. მან გუნდი დატოვა, თუმცა, სად განაგრძობს კარიერას, ჯერაც უცნობია. სამაგიეროდ, ბასკურ გუნდში საფრანგეთის ჩემპიონ "მეტრო რასინგიდან" გადაბარგდა კიდევ ერთი პირველხაზელი (N1) დავით ხინჩაგიშვილი.

აქტიური
სპორტული კარიერა დაასრულა "ბრივის" შერკინების ქართველმა ბურჯმა გოდერძი შველიძემ, რომელიც იქვე მწვრთნელად იმუშავებს. ბრიველებს გამოემშვიდობა კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი გიორგი ჟღენტი. მისი მომავალი გუნდი უცნობია.

"ბრივში" ჩაირიცხა თბილისის "არმაზისა" და საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე. აქვე განაგრძობს კარიერას პირველხაზელი სოსო ბეკოშვილი, რომელმაც შარშანდელი სეზონი ფედერალ 1 დივიზიონის "შამბერიში" გაატარა.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" დაემატა 20 წლის ქართველი შერკინების ბურჯი ბექა კაკაბაძე.

"ტულონისა" და საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, კონსტანტინე მიქაუტაძის "მონპელიეში" გადასვლის თაობაზე ინფორმაცია კარგა ხნის წინათ გავრცელდა და ეს სიახლე არაა. მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის ეს გუნდი საკმაოდ ამბიციურია და მომავალ სეზონშიც, სავარაუდოდ, პირველობისთვის იბრძოლებს.

"ტულონი" დატოვა შერკინების ქართველმა კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა. სად განაგრძობს ის კარიერას, ჯერ უცნობია.

"პოდან" მეორედივიზიონელ "კარკასონში" გადავიდა პირველხაზელი გიორგი ნაცარაშვილი.

TOP 14
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი), მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზაშვილი (სამივე - ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე (სამივე - მონპელიე), გაგი ბაზაძე, ლექსო ყაულაშვილი (ორივე - ლა როშელი), ზურაბ ჟვანია, გიორგი მელიქიძე (ორივე - სტად ფრანსე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), კარლენ ასეიშვილი, ვასილ ლობჟანიძე, სოსო ბეკოშვილი (სამივე - ბრივი), დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ბექა კაკაბაძე (კლერმონი).

მეორე დივიზიონშიც რამდენიმე ქართველმა მორაგბემ გამოიცვალა კლუბი. ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "მასი" დატოვა და "აჟენში" ჩაირიცხა პირველხაზელი ვახტანგ ახობაძე. შეგახსენებთ, რომ თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის გუნდი გასულ სეზონში პირველ დივიზიონში ასპარეზობდა.

"ალბიდან" მეორე დივიზიონში აღზევებულ "ვანში" გადაბარგდა მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე.

კატალონიური "პერპინიანი" დატოვეს პირველხაზელმა გიორგი მჭედლიშვილმა და მესამეხაზელმა დიმა ბასილაიამ. ჯერჯერობთ ორივე უგუნდოდაა.

ასევე უცნობია, სად განაგრძობს კარიერას შერკინების ბურჯი ასტამურ იოსელიანი, რომელმაც გასული სეზონი "ნარბონში" გაატარა.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიური "გლაზგო" დატოვა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. ის "ყოჩების" გაზრდილია და, სავარაუდოდ, კარიერას სწორედ ამ გუნდში განაგრძობს.

PRO D2
ზაზა ნავროზაშვილი, გიორგი ჯავახია, თორნიკე მატარაძე (სამივე - ლიონი), გიორგი ზაქაშვილი (ექსი), გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი), ვახტანგ მაისურაძე, დავით ბეჟიაშვილი (ვანი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ლევან დათუნაშვილი, მერაბ შარიქაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი (სამივე - ორიაკი), ბექა შეყლაშვილი (ალბი), ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი), თამაზ მჭედლიძე, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე (სამივე - აჟენი), შალვა სუთიაშვილი, ლაშა თავბერიძე, საბა ქართველიშვილი (სამივე - ანგულემი), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიონი ტოპ-14-ში არ გადასულა? : )))
zangura
14 ივლისი 2016 13:54
0
გაგი ბაზაძე აღარ არის ლაროშელის წევრი
Gio
14 ივლისი 2016 13:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული