რაგბი. ლეგიონერები: ანტონ ფეიქრიშვილი ირლანდიური "ალსტერის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი ირლანდიურ "ალსტერში" ჩაირიცხა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი მორაგბე ერთ-ერთი უძლიერესი ირლანდიური კლუბის კვართს მოირგებს.

ქართველი მორაგბის აქტივში ეროვნულ ნაკრებში მოხვეჭილი 23 კეპია. მან "ბორჯღალოსნების" რიგებში 2015 წლის მსოფლიოს თასზე იასპარეზა. ანტონ ფეიქრიშვილი რვა წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის სხვადასხვა კლუბის ღირსებას იცავდა. ესენია: "აჟენი", "კასტრი", "ბრივი" და "ბაიონი".

ფეიქრიშვილმა "ალსტერთან" მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ამ გუნდის რიგებში 19 დეკემბრამდე ითამაშებს. ალსტერელებს ტრავმების გამო ერთბაშად სამი შერკინების ბურჯი დააკლდათ და იძულებულნი გახდნენ, როგორმე
ეს დანაკლისი შეევსოთ.

"ალსტერს მძიმე პერიოდი დაუდგა. სამი შერკინების მორაგბე: ვიენან ჰერბტსი, რიკი ლუტონი და ჯონ სიმპსონი ტრავმების გამო ვერ თამაშობენ. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო მოკლევადიანი კონტრაქტით სრულფასოვანი შემცვლელების პოვნა. ამაში ირლანდიის რაგბის კავშირი ძალიან დაგვეხმარა.

ანტონ ფეიქრიშვილი გამოცდილი მორაგბეა და, ვფიქრობთ, დიდ დახმარებას გაგვიწევს. ქართველები შერკინებაში ტრადიციულად ძლიერები არიან და ანტონიც მათგან არ განსხვავდება. ამასთან ერთად, ის საკმაოდ მობილური მორაგბეა და შეუძლია რაკსა და მოლში შესანიშნავად ითამაშოს", - თქვა "ალსტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბრინ კანინგემმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული