ტურის ცენტრალური მატჩი მარსელში გაიმართა. "ველოდრომზე" მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონმა" მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიეს" უმასპინძლა.
თამაშში ექვსმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. მათგან ერთი, მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. და კიდევ, 69-ე წუთიდან "მონპელიეს" პირველი ხაზი მთლიანად ქართული იყო.
აი, რას წერს ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლომპიკი"
"გორგოძე - 7,5 ბალი. ის ისევ ძალიან კარგი იყო, როგორც "კლერმონთან" შეხვედრაში. ქართველი ახლა დიდებულ ფორმაშია. სამუ მანოასთან ერთად დერეფანში იგებდა ყველაფერს, პირველი ლელოს დასკვნით ფაზაშიც აქტიური როლი ითამაშა. მან ასე უნდა განაგრძოს სხვა თამაშებშიც".
პირველი ლელო "ტულონმა" 33-ე წუთზე გაიტანა. დერეფანი "მონპელიეს" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში გორგოძემ მოიგო. ტულონელებმა მოლი შეკრეს, მიაწვნენ, მამუკა მოლის ბოლოში აღმოჩნდა და თანაგუნდელ ჟილემ ჟირადოს წამოეშველა. როცა ლელოს ხაზი გადაკვეთეს, თითქოს ბურთი ორივეს ეჭირა ხელში. გარკვევით არაფერი ჩანდა. თუმცა, როცა თანაგუნდელები გორგოძეს ულოცავდნენ, ის ჟირადოსკენ მიანიშნებდა, მან გაიტანაო. ვინ იცის? ჩვენთვის ლელო გორგოძის ანგარიშზეა.
- ვინ დადო "ტულონის" პირველი ლელო, მამუკა გორგოძემ თუ გირადომ? [VIDEO]
ჩილაჩავა და მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველი 50-ე წუთზე შეცვალეს, მონპელიელთა მეორეხაზელმა კი სამი წუთით მეტი ითამაშა; ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი მოედანზე ერთდროულად, 46-ე წუთიდან გამოჩნდნენ.
საფრანგეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭ შალვა მამუკაშვილს, რომელმაც მოედანზე 11 წუთი დაჰყო.
"ტულონმა" ზედიზედ ორი მოგების შედეგად, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ეს მაშინ, როცა გუნდის თითქმის ნახევარი დამტვრეულია. ესენი არიან: მაა ნონუ, მატიო ბასტარო, ვინსენ კლერი, მეთ გიტო, დრიუ მიტჩელი, აიუმი გორომარუ და ჯეიმზ ოკონორი.
* * *
მე-7 ტურის შემდეგ შეიცვალა გათამაშების ლიდერი. ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელის" ნაცვლად სათავეში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" მოექცა. "ვულკანებმა" შინ მიიღეს "კასტრი" და 29:19 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს - 13:11. ხოლო მას შემდეგ, რაც შესვენების დასრულებისთანავე თამაშში ზირაქაშვილი ჩაერთო, შერკინებაც დალაგდა და მასპინძლებმა უაღრესად საჭირო გამარჯვება მიითვალეს. კოლელიშვილს არც ამჯერად უთამაშია.
* * *
"ლა როშელმა" კი, ამ დროს სტუმრად წააგო ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსესთან" - 26:31. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. * * *
ნელ-ნელა მიუახლოვდა ლიდერთა ჯგუფს ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ იოლად სძლია "გრენობლს" - 31:3. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა "მიდი ოლიმპიკს" ის სიმბოლურ ნაკრებში დაესახელებინა. * * *
"ტულუზის" მსგავსად, 18 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივი", რომელმაც შინ სძლია საფრანგეთის ჩემპიონ "მეტრო რასინგს" - 25:16. ასეიშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, სხვა ქართველები განაცხადში არ იყვნენ. TOP 14. VII ტური
კლერმონი-კასტრი 29:19
ბაიონი-ლიონი 22:22
პო-ბორდო 28:30
ტულუზი-გრენობლი 31:3
ბრივი-რასინგი 25:16
სტად ფრანსე-ლა როშელი 31:26
ტულონი-მონპელიე 28:6
ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) ძირითადში (53 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (50 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (46 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (53 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (46 წთ)
შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (69 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (52 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (49 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (40 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხაში არ იყო
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 7 4 2 1 +73 23(3)
2. ლა როშელი 7 4 1 2 +47 22(4)
3. ტულონი 7 4 0 3 +25 20(4)
4. მონპელიე 7 4 0 3 +52 19(3)
5. ტულუზი 7 4 0 3 +10 18(2)
6. ბორდო 7 4 0 3 +4 18(2)
7. ბრივი 7 4 1 2 -20 18(0)
8. კასტრი 7 3 1 3 +40 16(2)
9. სტ.ფრანსე 7 3 1 3 +13 16(2)
10. პო 7 3 0 4 -17 15(3)
11. რასინგი 7 3 0 4 -22 14(2)
12. ლიონი 7 2 2 3 -36 13(1)
13 ბაიონი 7 1 2 4 -60 8(0)
14. გრენობლი 6 1 0 6 -109 6(2).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"