სარაგბო ევროთასები: მამუკა გორგოძე ისევ საუკეთესოა

AutoSharing Option
ჩემპიონთა თასის გათამაშების მეორე ტურში, ისევე, როგორც "ემლინ ჩელენჯ კაპზე", ქართველ მორაგბეთა გუნდებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს, ვიდრე პირველ ტურში.

ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ყველაზე უკეთ დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ასპარეზობს. "ვულკანებმა" მეორე ტურშიც შესანიშნავად ითამაშეს, შინ "ბორდოს" სძლიეს - 49:33 და E ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობენ. ზირაქაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 65-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის ირლანდიურმა "ალსტერმა" შინ მინიმალური სხვაობით დაამარცხა ინგლისური "ექსეტერი" - 19:18. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯს არც
ამჯერად უთამაშია. "კლერმონი", მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების ამ ეტაპზე წინ კიდევ ოთხი ტურია, ამ ჯგუფის ყველაზე რეალური ფავორიტია.

C ჯგუფში მოასპარეზე მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად ინგლისურ "სეილ შარქსთან" - 15:5. ტულონელებმა 15 ქულას თავი საწყის 12 წუთში მოუყარეს. ამის შემდეგ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენებურთა გუნდმა მონაგარის გაზრდა ვერ შეძლო, თუმცა სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.

გორგოძე, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს და სპეციალური პრიზი გადასცეს, ჩილაჩავა 59-ე წუთზე შეცვალეს. აქ ინგლისური "სარასენზი" ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურშიც იზეიმა გამარჯვება. ამჯერად, შინ უელსურ "ჰლანეჰლისთან" - 44:26.

პირველი გამარჯვება მოიპოვა D ჯგუფში მოასპარეზე მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ", რომელმაც შინ დაამარცხა ირლანდიური "ლენსტერი" - 22:16. მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთნენ, მიქაუტაძე და ბაზაძე განაცხადში არ იყვნენ. ცხადია, ამ გამარჯვების შემდეგ "მონპელიეს" შანსი, დასძლიოს ჯგუფური ეტაპი, ერთიორად გაიზარდა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ყველაზე ცუდი შედეგი ჩემპიონთა თასზე ვასილ კაკოვინის "ტულუზს" აქვს. პირველ ტურში მარცხის შემდეგ ჩვენებურის ეს გუნდი ფრეს დასჯერდა შინ ინგლისურ "ვოსფსთან" - 20:20. კაკოვინს არ უთამაშია.

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
II ტური
მანსტერი-გლაზგო 38:17, ლესტერ ტაიგერსი-მეტრო რასინგი 27:17
სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 5 ქულა, 2. გლაზგო - 5, 3. ლესტერ ტაიგერსი - 4, 4. რასინგი - 0
III ტური
რასინგი-გლაზგო, მანსტერი-ლესტერ ტაიგერსი

B ჯგუფი
II ტური
ტულუზი-ვოსფსი 20:20, ზებრე-ქონოთი 7:52
სატურნირო მდგომარეობა
1. ქონოთი - 9 ქულა, 2. ვოსფსი - 7, 3. ტულუზი - 3, 4. ზებრე - 0.
III ტური
ზებრე-ტულუზი, ვოსფსი-ქონოთი

C ჯგუფი
II ტური
სეილ შარქსი-ტულონი 5:15, სარასენზი-ჰლანეჰლი 44:26
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 9 ქულა, 2. ტულონი - 4, 3. ჰლანეჰლი - 4, 4. სეილ შარქსი - 0
III ტური
სარასენზი-სეილ შარქსი, ტულონი-ჰლანეჰლი

D ჯგუფი
II ტური
კასტრი-ნორსჰემპთონი 41:7, მონპელიე-ლენსტერი 22:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 6 ქულა, 2. კასტრი - 5, 3. მონპელიე - 5, 4. ნორსჰემპთონი - 4
III ტური
ნორსჰემპთონი-ლენსტერი, მონპელიე-კასტრი

E ჯგუფი
II ტური
კლერმონი-ბორდო 49:33, ალსტერი-ექსეტერი 19:18
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ბორდო - 5, 3. ალსტერი - 4, 4. ექსეტერი - 1
III ტური
ალსტერი-კლერმონი, ექსეტერი-ბორდო

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში კვლავ განაგრძობს ყველას გაოცებას დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის კრასნოიარსკის "ენისეი". რუსულმა კლუბმა შინ უელსურ "ნიუპორტს" უმასპინძლა და 38:18 დაამარცხა.

"ენისეიმ" შედეგად 9 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში გასასვლელად წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. ორივე ქართველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ამავე ჯგუფში კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივმა" სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერი" - 25:24.

ბეკოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე შეცვალეს, ლობჟანიძემ მოედანზე 53 წუთი დაჰყო; ასეიშვილს, ისევე, როგორც ბრეგვაძეს, არ უთამაშია.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან წარმატებით ასპარეზობს ასევე A ჯგუფის ბინადარი, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელმაც მეორე ტურში შინ დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 51:24. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. ლაროშელელებმა ქულათა მაქსიმუმი აიღეს, ისევე, როგორც ინგლისურმა "გლოსტერმა". პირველობისთვის ბრძოლაც სწორედ მათ შორის გაგრძელდება.

პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შინ დამარცხდა B ჯგუფში მოასპარეზე ზაზა ნავროზაშვილის, გიორგი ჯავახიასა და თორნიკე მატარაძის "ლიონი". ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ წააგო ჯგუფის ლიდერთან, უელსურ "ოსფრიზთან" - 13:31.

მატარაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო. სხვა ქართველებს არ უთამაშიათ.

ინგლისური "ბრისტოლის" შემადგენლობაში გიორგი ნემსაძის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის გუნდი სტუმრად ეთამაშა ინგლისურ "ბასს" და 6:22 წააგო. ნემსაძე თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო. ბრისტოლელები D ჯგუფში აუტსაიდერები არიან.

E ჯგუფში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" შინ მოუგო რუმინულ "ტიმიშოარას" - 27:0. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძე თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
II ტური
ლა როშელი-ბაიონი 51:24, გლოსტერი-ბენეტონი 37:8
სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 10 ქულა, 2. გლოსტერი - 10, 3. ბაიონი - 0, 4. ბენეტონი - 0
III ტური
გლოსტერი-ლა როშელი, ბაიონი-ბენეტონი

B ჯგუფი
II ტური
ლიონი-ოსფრიზი 13:31, ნიუკასლი-გრენობლი 50:7
სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 10 ქულა, 2. ლიონი - 5, 3. ნიუკასლი - 5, 4. გრენობლი - 0
III ტური
გრენობლი-ოსფრიზი, ლიონი-ნიუკასლი

C ჯგუფი
II ტური
ენისეი-ნიუპორტი 38:18, ვორსტერი-ბრივი 24:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ენისეი - 9 ქულა, 2. ნიუპორტი - 5, 3. ბრივი - 4, 4. ვორსტერი - 2
III ტური
ენისეი-ბრივი, ვორსტერი-ნიუპორტი

D ჯგუფი
II ტური
ბასი-ბრისტოლი 22:6, კარდიფი-პო 27:12
სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 9 ქულა, 2. ბასი - 8, 3. პო - 1, 4. ბრისტოლი - 0
III ტური
კარდიფი-ბასი, ბრისტოლი-პო

E ჯგუფი
სტად ფრანსე-ტიმიშოარა 27:0, ედინბურგი-ჰარლიქვინზი 36:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 10 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 7, 3. სტად ფრანსე - 5, 4. ტიმიშოარა - 0
III ტური
ტიმიშოარა-ჰარლიქვინზი, ედინბურგი-სტად ფრანსე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა ხომ არ მოძველდა? :)))
ბესიკ, გორგოძეზე ეს როდინდელი ინფორმაციაა?
16:44 25-10-2016
0

სიახლეები პოპულარული