ვიქტორ კოლელიშვილი: გაგვიმართლა, "კლერმონში" რომ მოვხვდით

AutoSharing Option
სარაგბო კლუბ "ლელოს" აღზრდილი ვიქტორ კოლელიშვილი ქართული რაგბის ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი მორაგბეა. "ვიტო" ახლახან საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "კლერმონის" სათადარიგოთა ანუ ესპუართა გუნდში ჩაირიცხა და რამდენიმე მატჩში თამაშიც მოასწრო. პერსპექტიულმა მესამეხაზელმა საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, 2009 წელს კი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. გასულ უქმეებზე მან ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების დამარცხებაშიც შეიტანა წვლილი. თუმცა "ვიტოსთან" საუბარი მისი საკლუბო კარიერით დავიწყეთ.

- საფრანგეთში, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, სინჯებზე ჩავედი. ტესტები ჩავაბარე, რამდენიმე საკონტროლო მატჩში ვითამაშე. პირობებზე
შევთანხმდით და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. სამწუხარო ისაა, რომ საფრანგეთში, წესით სექტემბერში უნდა გადავბარგებულიყავი, მაგრამ სავიზო პრობლემები წარმოიქმნა და "კლერმონის" ესპუართა გუნდს მხოლოდ დეკემბერში შევუერთდი.

- გუნდის, პირობების და ზოგადად გარემოს გამოცვლა რთული პროცესია. რამდენად იოლად გაიარე ადაპტაცია, როგორ შეეწყვე ახალ გუნდს?
- თავიდან ცოტა გამიჭირდა, რთული იყო შეგუება. თან ძნელია უცბად რომ მოცილდები შენიანებს. ყველა ძალიან მენატრებოდა, ფსიქოლოგიურად ვერ განვეწყვე. ახლა ყველაფერი დალაგდა. თან ქართველი მარტო არ ვარ, ჩემთან ერთად ესპუართა გუნდში შუამარბი გიორგი ჯიმშელაძე და პირველხაზელი გიორგი ჯაშიტაშვილი თამაშობენ.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, "კლერმონის" ესპუართა გუნდში რამდენიმე მატჩში ითამაშე. გუნდი კი საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერია...
- დიახ, რამდენიმე შეხვედრაში თამაშიც მოვასწარი და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" ლელოც გავუტანე. "კლერმონი" ტულონელებს კვალში მიჰყვება. ამჟამად მეორე ადგილზე ვართ. ახლა სამკვირიანი შესვენება გვქონდა. გათამაშება ამ უქმეებზე განახლდება და ვნახოთ რა იქნება.

- ძირითადი გუნდიდან თუ ესწრებიან თქვენ თამაშებს, გაკვირდებიან?
- ძირითადი გუნდის მწვრთნელები ყველა თამაშს ესწრებიან და ყველას აკვირდებიან. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მე და ჯაშიტაშვილი ძირითად გუნდთან ერთად გვავარჯიშეს. ჯიმშელაძეს ნეკნი ჰქონდა გატეხილი, თუმცა უკვე ჯანმრთელადაა და ვარჯიშობს.

- საფრანგეთის ჩემპიონის, "კლერმონის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილია. მასთან თუ გაქვთ ხშირი კონტაქტი?
- როგორ არა. ერთად ვვარჯიშობთ. "ზირაქა" აქ რომ არის, ჩვენთვის დიდი სტიმულია. ის ყოველთვის გვეხმარება, გვიხსნის, გვასწავლის, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ. მას კლუბში დიდი ავტორიტეტი აქვს და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

- იმედია, მომავალ სეზონში უკვე ძირითად გუნდში გიხილავთ...
- ეგ ძნელი სათქმელია. წესით ესპუარებში თამაში ასაკით მომავალ სეზონშიც მიწევს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ძირითად გუნდში მოვხვდე.

- ქართველების გარდა გუნდში კიდევ ბევრი უცხოელია?
- არა, ჩვენს გარდა გუნდში კიდევ ორი ფიჯელი და ერთი ესპანელია, ისინი უკანა ხაზის მოთამაშეები არიან.

- ცხადია, იმისთვის, რომ ოსტატობა დახვეწო კლუბში ყველა პირობაა შექმნილი...
- რა თქმა უნდა, საფრანგეთში საუკეთესო სკოლა "კლერმონს" და "ტულუზს" აქვს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა აქ რომ მოვხვდით. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს უნიკალური შანსი გამოვიყენოთ, ცოდნა გავიღრმავოთ. რაც ყველაზე მთავარია, აქ დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული რეჟიმის დაცვას. ყველა დონეზე უმაღლესი რანგის პროფესიონალები მუშაობენ და როგორ გამოიჩენ თავს, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

- როგორც ვხვდები, თავისუფალი დრო ცოტა გაქვთ, მაგრამ როცა მოიცლით ხოლმე რას აკეთებთ, რით ერთობით?
- ძირითადად თანაგუნდლებთან ვიკრიბებით. მერე ერთად ქალაქშიც გავდივართ ხოლმე, ცოტა რომ განვიტვირთოთ, სხვა რამეზეც რომ ვიფიქროთ. ისე კი, თავისუფალი დრო აქ დიდი ფუფუნებაა.

- კარგ თამაშთან ერთად იმითაც გამოირჩეოდი, რომ საკმაოდ ექსტრავაგანტური, ეფექტური ვარცხნილობა გქონდა. თავი რატომ გადაიპარსე?
- აქ ასეთი ტრადიციაა. როცა პირველ მატჩში თამაშობ ანუ დედბიუტანტი ხარ, უცნაურ ვარცხნილობას გიკეთებენ. ეს იმისთვის, რომ მოედანზე გასული სხვებისგან განსხვავდებოდე და მაყურებელი მიხვდეს, რომ ახალი ხარ, ანუ ამის მერე მაგათიანი ხდები, ერთგვარი ნათლობის რიტუალია. ჰოდა, ადგნენ და თმა ნახევრად გადამპარსეს. მერე სულ ასე ხომ არ ვივლიდი, ავდექი და სულ გადავიპარსე.

- მოდით, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. რა მოხდა პორტუგალიაში?
- არ ვიცი, ალბათ გუნდმა თამაშის აწყობა ვერ მოახერხა. თანაც მსაჯიც მაინცდამიანც არ გვწყალობდა. სხვა მხრივ, ვფიქრობ მწვრთნელებს სწორი გზით მიჰყავთ ნაკრები. ერთა თასის გათამაშებაში პირველ ადგილზე ვართ. გუნდის თამაშის სტილი და ხარისხიც საგრძნობლად შეიცვალა. ყველაფერი ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვითარდება და საბოლოოდ, მაინც დრო გვიჩვენებს, განვითარების რამდენად სწორი გეზი გვაქვს აღებული.







.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული