TimeLine: თვალისმომჭრელი ნათება

AutoSharing Option
არის გამოთქმა - თვალი აქეთ-იქით გაურბისო, ამას წინათ ისეთ სახელოსნოში მოვხვდი, თვალი კი არ გარბოდა, კედლებზე წრეებს ურტყამდა, ერთ ნამუშევართან შეჩერებას ვერ ასწრებდა, მეორისკენ მიექანებოდა. თავიდანვე დავაკვირდი საშუალო ზომის მედალიონს, რომელიც მუზეუმსა და წიგნებში მქონდა ნანახი - ბორჯღალის გამოსახულებით.

რადგან კართან ახლოს იყო, ბევრი ვითმინე და მასპინძელს დამშვიდობებისას ვკითხე მედალიონის (თუ დისკოს) რაობა.

- ზუსტად ასეთი, რამდენიმე დისკო თრიალეთშია აღმოჩენილი. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულით თარიღდება. ეს იყო ქალის გულსაკიდი, - მოკლედ განმიმარტა პაატა ღონღაძემ და მედალიონი გადაატრიალა...

რატომ მოხვდა ეს
ნამუშევარი სპორტულ გაზეთ "ლელოში" და არა, ვთქვათ, "ისტორიანში"? ამის მიზეზი სწორედ ის არის, რაც მედლის მეორე მხარეს ეხატა.

რადგან სიტყვა "ბორჯღალი" ვახსენეთ, ბევრი ამას მორაგბეებს დაუკავშირებს. მართალიც იქნება - მედლის მეორე მხარეზე "დიდი ათი" ეწერა. სწორედ ასე ჰქვია საქართველოს სარაგბო ჩემპიონატს, რომლის დასრულების შემდეგ პრიზიორები ოთხი ათასი წლის წინანდელი დისკოს თანამედროვე ვარიანტს ჩამოიკიდებენ. ჩემპიონები ოქროსგან დამზადებულს, მეორეადგილოსნები - ვერცხლისას, ხოლო მესამეადგილოსნები - ბრინჯაოსას.

სხვათა შორის, ისტორიული ორიგინალი სწორედ ბრინჯაოსია და, სავარაუდოდ, ქურუმებს რელიგიური რიტუალის შესრულებისას უმშვენებდა გულმკერდს. ძველად უაზროდ გულზე არავინ არაფერს დაიბნევდა. ბრინჯაოს დისკოსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

სიმბოლური დატვირთვა აქვს მორაგბეებისთვისაც. ვფიქრობ, რაგბის ყველა ქართველმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, საიდან მოდის, რატომ უყვარდათ ძველ ქართველებს ეს ნიშანი და რატომ აირჩიეს მაინცდამაინც რაგბის კავშირის სიმბოლოდ.

"ვიკიპედიაში" ვკითხულობთ:

"ბორჯღალი" ქართველური წარმოშობისაა და მისი შესატყვისია მეგრული ბარჩხალი (თვალისმომჭრელი) - ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში "ბჟა ბარჩხალია" იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.

ზოგი მკვლევარი "ბორჯღალის" განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: ბორჯ მეგრულად დროს, ჟამს აღნიშნავს, ხოლო ღალ(ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, ბორჯღალ - დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ღალ მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია."

თუნდაც ამ ორი აბზაცის წაკითხვა საკმარისია საიმისოდ, რომ ვთქვათ: მორაგბეებს სწორი არჩევანი გაუკეთებიათ: რაგბი ხომ საქართველოში მუდმივ მოძრაობაშია წინსვლისკენ, ერთ-ერთი "ბჟა ბარჩხალია" არცთუ ისე განათებულ ქართულ ყოფაში და ერთა თასზე...

მოდით, მედალიონზე ბორჯღალის სხივები დავითვალოთ: ერთი, ორი... შვიდი. რატომ შვიდი და არა ათი? - რაგბის ჩემპიონატში ხომ ათი გუნდი თამაშობს? ამ კითხვაზეც ისტორია გვპასუხობს:

"ქართული სტანდარტული ბორჯღალი 7 ქიმიანია (თუმცა მოგვიანებით შემოსული 8, 9, 10 და 12 ქიმიანი ვარიაციებიც გვხვდება).

არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი ლეგენდის მსგავსი ვერსია, რომ ეს არ მომხდარა შემთხვევით: ქართველთა კოსმოგონიით სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი: "არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა". ღმერთის სამყოფლის მისტიკურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი - მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, მზე."

დასკვნის სახით საქართველოს რაგბის კავშირს შეგვიძლია არჩევანი მოვუწონოთ. პრიზიორებისთვის განკუთვნილი მედალი ისტორიულია, შინაარსიანი და რაც მთავარია - ეფექტური.

ვახტანგ ტყეშელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა საინტერესო სტატიისათვის
Temo
16:56 28-01-2017
0
სამწუხაროა მაგრამ, ბევრგან ბორჯღალი უკუღმა ხატია, ზოგიერთ კუპიურაზეც კი და ხურდა ფულზე
ababa
14:22 29-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული