რა ხედვები აქვს ლოსაბერიძეს და როგორ წარმოუდგენია რუსული რაგბის განვითარება, ამასთან დაკავშირებით ის გაზეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ იცის, როგორ უნდა დაამარცხონ რუსმა მორაგბეებმა "ბორჯღალოსნები".
ჩვენ კი ინტერვიუს რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს გთავაზობთ.
- ბოლო წლებში სულ რუსულ რაგბიში ხართ. ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი როდის და რატომ გაგიჩნდათ?
- წლებია, ამ თანამდებობაზე ალტერნატივა არ ყოფილა. 2003 წლიდან ვიაჩესლავ კოპიევი იყო ფედერაციის პრეზიდენტი და ყოველ წელს
კოპიევის თამადობით, ფედერაციის თანამშრომლების 90% რაგბისგან ძალიან შორს მყოფი ჩინოვნიკია. არადა, სწორედ ჩინოვნიკებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. ამიტომაც გადავწყვიტე პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.
- 1993 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთვის აღარ მოუგია. რუსები როგორ უყურებენ ამ სტატისტიკას?
- ალალად გეტყვით: ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები კიდევ კარგა ხანს ვერ მოუგებს საქართველოს! აქაურებს ხშირად ვეუბნები, თუ საქართველოს დაამარცხებთ, მერე შეიძლება რამეზე ლაპარაკი-მეთქი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაც სწორედ ისაა, საქართველოს და რუმინეთის დამარცხებაზე ვიფიქროთ. ქართველი ვარ და სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები, მაგრამ, ჯერჯერობით, არა მყავს საჭირო შემადგენლობა. ტყვია-წამალი არის, მსროლელები - არა. რაც შეეხება საქართველოსთან მუდმივ წაგებას, აქ ამაზე გული არ შესტკივათ, არ აინტერესებთ... წააგეს 0:100? მერე რა?! 25 წელიწადია, ვაგებთ, მაგრამ... ვისაც აინტერესებდა, მოიგო არჩევნები, მოვიდა და საქმის გაკეთებასაც აპირებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- ქართველი მორაგბეებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლიაო, თქვით. რას გულისხმობდით?
- ქუთაისის "აია" ჩემი საყვარელი გუნდია, ქალაქის მეორე გუნდის - "ბაგრატის" შექმნაშიც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. ავთო იობიძე, დუგლას კავთელაშვილი ჩემი მეგობრები არიან და შეძლებისდაგვარად, ვეხმარებოდი "ბაგრატს" - ფინანსურად, ფორმით, ინვენტარით. მინდა, რუსეთიდან რამდენიმე ლეგიონერი ჩავიდეს "ბაგრატში" და სეზონის ბოლომდე საქართველოში ითამაშონ. აკადემიაშიც მსურს რამდენიმე სპეციალისტის გამოგზავნა, ასევე, საქართველოში შეკრებებისა და თამაშების გამართვა. "რაგბი ევროპის" მატჩის გარდა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზეც ვგეგმავ ჩამოსვლას, რათა რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი დავამყარო საქართველოს რაგბის კავშირთან.
- ქართველი მორაგბეების გადაბირებასაც ხომ არ აპირებთ რუსეთში?
- ვაპირებ, მაგრამ ისეთი მორაგბეების, ვინც ძმები ცნობილაძეებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ისევე ითამაშებს, როგორც რუმინეთთან ან ესპანეთთან შეხვედრებში. აქამდე მხოლოდ ერთმა - პავლე კვერნაძემ ითამაშა. სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეა... ასე რომ, ქართველს მხოლოდ იმ პირობით წამოვიყვან, თუ საქართველოსთანაც ითამაშებს. რაგბიში პოლიტიკა არ არსებობს და არც უნდა იყოს! კარგი იქნება, ქართველებმა თუ ასახელეს რუსეთი...
- რუსეთისთვის კი იქნება კარგი, მაგრამ ამის გამო სამშობლოში რომ გაგინაწყენდებიან?
- არა მგონია... დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და საქართველო და რუსეთიც აღადგენენ ურთიერთობას!
- მაგრამ როგორ უნდა ითანამშრომლო და "იმეგობრო" ქვეყანასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს?
- შეიძლება ჩვენ შევცდით რაღაცაში, შესაძლოა, რუსეთი და ამის გამო ტრადიციული კავშირი გაწყდა... მაგრამ ვიმეორებ - ადრე თუ გვიან, ყველა მდინარე დაუბრუნდება ძველ კალაპოტს...
- 12 მარტს "დინამო არენაზე" საქართველო-რუსეთია. რას ელით მომავალი მატჩისგან?
- საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ვუყურებ, თანაც მეც 9-ნომერი ვიყავი და ვიცი პატარა ეშმაკობები, რაც საქართველოს ნაკრებს არ მოსწონს. ასე რომ, რუსეთის ნაკრების მწვრთნელსა და მოთამაშეებს აუცილებლად მივცემ დარიგებას, როგორ ითამაშონ ქართველების წინააღმდეგ.
- რას ეტყვის რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძე თავის სამშობლოს?
- განსაკუთრებულად მოვიკითხავ ქართულ სარაგბო სამყაროს, საქართველოს კი მშვიდობიან წელს, წარმატებასა და გაერთიანებას ვუსურვებ! აქვე ჩემს გულისტკივილსაც გაგიმხელთ: ერთადერთი ქართველი ვარ რუსული რაგბის სათავეში, ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში, საქართველოში კი ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე...
არც ერთ რუსს, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, ფიქრობენ, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ჩვენი ერები ისევ დაახლოვდნენ და დღეს არსებული პრობლემებიც მოგვარდეს.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge