საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

AutoSharing Option
საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეებს შორის თანამშრომლობა დიდი ხნის წინ დაიწყო და ირლანდიელები ქართველი მსაჯების მომზადებაში დღესაც აქტიურად გვეხმარებიან. ბუნებრივია, ახალი შეთანხმება უფრო ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლოა, ირლანდიელები მწვრთნელების გადამზადებაშიც დაგვეხმარონ.

მემორანდუმს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ირლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა მოაწერეს. შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდა.

"გვქონდა მოლოდინი, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა და შედეგი სახეზეა. ისეთი სარაგბო
ქვეყანა, როგორიც ირლანდიაა, გამოთქვამს სურვილს, ითანამშრომლოს საქართველოსთან.

ჩვენი მხრიდან, გვაქვს შეთავაზება, რომ გვეწვიონ ირლანდიური საკლუბო და სანაკრებო გუნდები, გაიმართოს ერთობლივი ვარჯიშები, მოეწყოს ტურნირები. ეს, რა თქმა უნდა, ქართული რაგბის განვითარებას ხელს შეუწყობს", - თქვა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"მემორანდუმი ხელშეკრულება არაა, თუმცა ესაა იმ სურვილების დეკლარირება, რომელიც ჩვენ და ირლანდიის რაგბის კავშირს გაგვაჩნია. მათთან მემორანდუმის გარეშეც გვქონდა თანამშრომლობა და ირლანდიელები დიდი ხანია მსაჯების მომზადებაში გვეხმარებიან. ვფიქრობთ, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ირლანდიაში ჩვენი მწვრთნელები, ფიზმომზადების მწვრთნელები და სხვა სპეციალისტები მოემზადონ".

ფილიპ ბრაუნმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში კიდევ არაერთხელ მოუწევს სტუმრობა. ირლანდია, საფრანგეთის მსგავსად, 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობაზე აცხადებს პრეტენზიას და მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ სრკ-ის წარმომადგენლებთან მათი განაცხადის პრეზენტაცია გაიმართა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული