პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ნაკრების და ზოგადად ქართული რაგბის სამომავლო გეგმების შესახებ:
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიაში გამოსვლას არ შევაფასებ. ეს არაერთხელ გავაკეთე. საყოველთაო აღიარებით, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სერიოზული პროგრესი განიცადა. გამოჩნდა, რომ მეტი შეგვეძლო. ყველა ის შეცდომა, რაც მსოფლიოს თასზე ასპარეზობისას დავუშვით, პირდაპირ კავშირშია მაღალი დონის გუნდებთან თამაშის
საქართველოს ნაკრებში მწვრთნელების შეცვლამ მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე წლინახევრით ადრე მოგვიწია. იმ დროისთვის ყველა მწვრთნელი დაკავებული იყო. სწორედ მაშინ მივმართეთ დახმარებისთვის რიჩი დიქსონს, რომელიც საქართველში სრულიად სხვა მისიით იმყოფებოდა. ის IRB-მ საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტად და განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად მოავლინა.
რიჩი დიქსონი იმ პერიოდისთვის უკვე კარგად იცნობდა ქართულ რაგბის და მალე აუღო ალღო საქართველოში არსებულ რეალობას.
საგულისხმო იყო ის დეტალიც, რომ მას ჰქონდა შოტლანდიის ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება. დიქსონმა თავისთვის საკმაოდ ძნელი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა. მან ძალიან მოკლე დროში შეძლო შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბის შექმნა, რომლის მოქნილმა მუშაობამაც განაპირობა ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრების ღირსეული ასპარეზობა.
ნაკრების ყველა მწვრთნელს კონტრაქტი მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულებისთანავე დაუმთავრდა. ჯონ მაგლტონმა ავსტრალიურ "მელბურნ რებლზთან" გააფორმა ხელშეკრულება. ჩვენ გუნდთან მუშაობა დაასრულა ფიზმომზადების მწვრთნელმა გარეთ ადამსონმაც. დონ კასკი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მსოფლიოს თასის დაწყების წინ შეუერთდა გუნდს, თუმცა მანამდეც ბევრს აკეთებდა ქართული რაგბისთვის და მომავალშიც გააკეთებს.
ბუნებრივია, ახლა წინ ახალი მიზნები გვაქვს. მსოფლიოს თასის შემდეგ გათამაშებაში მთავარი ამოცანა იქნება ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. ინგლისში ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილზე უნდა გავიდეთ, რაც მომდევნო მოსფლიოს თასის საგზურს ავტომატურად მოგვცემს.
პროგრამა მაქსიმუმი კი მეორე ადგილისთვის და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა იქნება. ჩვენ სწორედ ასეთი, ამბიციური მიზნები უნდა დავისახოთ. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება, რადგან, როგორც ახალ ზელანდიაში გამოჩნდა, ელიტურ და მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის სათამაშო კლასში სხვაობა მცირდება, ჩვენი უშუალო კონკურენტები სწრაფად ვითარდებიან. ამიტომ მიზნის მისაღწევად მეტი ძალისხმევა და მატერიალური ბაზა იქნება საჭირო.
ჩვენ რიჩი დიქსონთან ერთად ვითათბირეთ, ერთობლივად გავაანალიზეთ ყველაფერი და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის უნდა მოვიწვიოთ მწვრთნელთა ახალი შტაბი. თვითონ რიჩი დიქსონი კი განაგრძობს მუშაობას რაგბის კავშირის კონსულტანატად. ამასთან ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მიიღოს რაგბის განვითარების რეგიონალური ცენტრის სტატუსი. რაც ითვალისწინებს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ირანისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის სპეციალისტების მომზადებას. თუ ეს განხორციელდება, ამ პროექტის ხელმძღვანელიც დიქსონი იქნება.
რაც შეეხება ახალ მწვრთნელებს, არ გვინდა ვიჩქაროთ და შეცდომა დავუშვათ. საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ძალიან ბევრ, თანაც საკმაოდ ცნობილ სპეციალისტს სურს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი გუნდის ახალი თავკაცი უნდა აკმაყოფილებდეს.
ესენია: პირველ რიგში მისი ასაკი უნდა იყოს ორმოციდან სამოც წლამდე, კარიერა ამ დროისთვის აღმავალი, ბოლო ათი წლის განმავლობაში სამწვრთნელო საქმიანობაში არ უნდა ჰქონდეს პაუზა მაქსიმუმ ერთ წელიწადზე მეტი. ამასთან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდაში, მას უნდა მოჰყვეს თან თავის ქვეყანაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. უნდა იყოს ამბიციური. ხელფასის ოდენობა, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა იყოს მთავარი. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ნაკრები მოამზადოს საიმისოდ, რომ მსოფლიოს თასზე წარმატებას მიაღწიოს.
ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის პიროვნულ თვისებებზე. ის უნდა იყოს კარგი პედაგოგი და ფსიქოლოგი. ამასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნლობა აქვს იმას, თუ როგორ შეეგუება აქაურობას. ერთი სიტყვით, ჩვენ რამდენიმე კანდიდატურა გვყავს შეგულებული, დრო ფიქრისთვის კი საკამირისად, დეკემბრის ბოლომდე გვაქვს. მოვიფიქრებთ და გადავწყვეტთ.
თუ რაგბის კავშირის მომავალი ყრილობა გადაწყვეტს, რომ მუშაობა ამჟამინდელმა გუნდმა უნდა განაგრძოს, მაშინ რიჩი დიქსონიც ამ გუნდის წევრად დარჩება, მას ექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი რაგბის კავშირის მუშაობაში.
ვფიქრობ, ამჟამად ქართული რაგბი გზაგასაყარზე დგას. ერთი გზა არის განვითარების, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრები წინ დიდ ნახტომს გააკეთებს. ეს ყველამ ერთად, ქვეყანამ უნდა შეძლოს, ქართული რაგბი მთელი ქვეყნის მოსავლელია. თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ დაიწყება სტაგნაცია, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ რეგრესი მოჰყვება. ცხადია, ეს მეორე გზა ჩვენს მიერ არც განიხილება. საამისოდ კი მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.
მიმაჩნია, რომ შემდეგი წელიწადი საქართველოს ნაკრებში უნდა დაეთმოს ექსპერიმენტებს. ახალმა მწვრთნელებმა უნდა გამოსცადონ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მორაგბე. იმ მოთამაშეთა რიცხვი კი, საიდანაც ნაკრების წევრებს ვირჩევთ, ორმოციდან ასამდე უნდა გაიზარდოს. ვფიქრობთ, რომ თაობათა ცვლა ეროვნულ გუნდში უმტკივნეულოდ ჩაივლის.
შემდეგ ოთხწლიან ციკლში დიდი ყურადღეება დაეთმობა განათლებას. საქმეს უნდა აკეთებდეს პროფესიონალი. ეს კი განათლების გარეშე შეუძლებელია. უნდა მოვამზადოთ რაც შეიძლება მეტი მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები, მსაჯები, მენეჯერები.
მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ მოვიზიდოთ თანხა შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებისთვის. ქართულ რაგბის ვერ ექნება სერიოზული პროგრესი, თუ არ განვითარდება ეროვნული ჩემპინატი. ამისთვის კი საჭიროა არსებობდეს თანაბარ, კარგ პირობებში მყოფი მინიმუმ ხუთი ან ექვსი გუნდი.
ქართული კლუბები არსებობენ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საპრიზო თანხებით. ამას აუცილებლად უნდა შეუერთდეს კერძო სექტორიც.
მინიმალური ინვენსტიციაც კი საკმარისია, რომ კლუბმა ძალიან მალე საკმაოდ სერიოზული წინსვლა, პროგრესი განიცადოს. თუ ეს არ მოხდება, მორაგბეთა გადინება ისევ გაგრძელდება.
მინდა მივმართო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, დაინტერესდით ქართული რაგბით! ეს არის ქართული პროექტი. სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობების აღზრდის პროექტი.
დიდ ყურადღებას დავუთმობთ მასმედიასთან ურთიერთობას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თამაში გადაიცეს პირდაპირ ეთერში, ინტერნეტით, საკაბელო თუ ჩვეულებრივი ტელევიზიებით. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო იოლად მოვიზიდოთ რაგბიში სპონსორები.
ძალიან ბევრი სამუშაოა ახალგაზრდობასთან. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები გავზარდოთ სწორად, როგორც სათამაშო ტექნიკის თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურად და მენტალურად. ჩვენ შეგვიძლია უახლოეს პერიოდში რაგბის მოთამაშეთა რიცხვი 30 ათასამდე ავიყვანოთ, თუ ცხადია, გაგრძელდება ინფრასტრუქტურის განვითარება, გაკეთდება მოედნები. ასევე, რაოდენობასთან ერთად უნდა გავზარდოთ ხარისხიც.
რიჩი დიქსონი, საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი:
"ჩემთვის დიდი პატივი იყო მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს ახალზელანდიური ამბების აქტიურად და კარგად გაშუქებისთვის. ამასთან იქ მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩემი საქმიანობა მომავალში საქართველოს რაგბის კავშირში.
ჩვენმა ნაკრებმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა, ჩვენ თამასა არა მარტო საჩვენოდ ავწიეთ, არამედ სხვა გუნდებიც ისე გვიყურბენ, როგორც ჩამოყალიბებულ, ძლიერ ნაკრებს.
არგენტინასა და იტალიას დიდი დრო დასჭირდათ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბებისთვის, ამ ქვეყნებმა ყველა თავისი რესურსი გამოიყენეს და როცა ელიტის კარი შეაღეს, ის მოთამაშეები, რომლებმაც ეს მოახერხეს, უკვე საკმაოდ ასაკოვანნი იყვნენ. ამიტომ საწყის ეტაპზე მათ წარუმატებლობა განიცადეს.
ჩვენ არ გვინდა იგივე შეცდომა გავიმეოროთ. ჩემი საქმიანობა საქართველოში უნდა გაგრძელდეს სხვა მიმართულებით. ძალიან დიდი სამუშაო უნდა ჩავატაროთ, რათა მომავალი თაობები სათანადოდ გავზარდოთ, რათა არ მოხდეს წყვეტა, როცა ელიტაში შევაბიჯებთ.
საქართველოს ნაკრებში შეიძლება მოვიდეს ახალი მწვრთნელები, შეიქმნას ახალი სამწვრთნელო შტაბი. ჩვენ ყველანი მათ გვერდში უნდა დავუდგეთ. ყოველთვის აღტაცებით გავიხსენებ ჩემი ცხოვრების იმ ეტაპს, როცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა გვჭირდება ისეთი მწვრთნელები, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანენ. განვითარების ეს გზა უნდა განვაგრძოთ, თუ გვსურს საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ რაგბის ერად.
წინ რთული სამუშაო გველის. რაგბი კარგი ფანჯარაა ქვეყნისთვის მსოფლიოს ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად. ამ საქმის კეთებაში ყველაზე დიდი საფრთხე, შესაძლოა, მოუთმენლობა იყოს. სულსწრაფები თუ ვიქნებით, ქართული რაგბი ალივით ამოვარდება და მალევე ჩაქრება. მერე ყველა იკითხავს - რა დაემართა ქართულ რაგბის?
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, აჩქარების გარეშე უნდა მივყვეთ დასხულ გეგმას. ელიტის კარზე სულ მუდამ უნდა ვაკაკუნოთ და როცა გაგვიღებენ, ისე მყარად უნდა შევაბიჯოთ, რომ თამამად ვთქვათ, ჩვენ მოვედით და არსად წასვლას არ ვაპირებთ.
ახლა ყველა ციდან მიწაზე უნდა დავეშვათ და ერთად ვიმუშაოთ. ოცნებამ წინ არ უნდა გაუსწროს ობიექტურ რეალობას. 90 წლის ასაკში ინვალიდის ეტლში მჯდომარე ტელევიზორში ელიტაში მოთამაშე საქართველოს ნაკრებს რომ ვნახავ, ვიტყვი: ეს საქართველომ, ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ შეძლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ღმერთმა დაგიფაროს რას ამბობ კაცო....))))
კაი ხალხია რაგბის კავშირში პროფესიონალი და პატიოსანი და მართლა გვერდში დგომა ჭირდება ამ ხალხს
ფეხბურთში კიდე იმაზე ხოცავენ ერთმანეთს, მწვრთნელი ნაკრებში დავტოვოთ, თუ არა. თითქოს, ეგ რამეს შეცვლის:)