ზურაბ ძნელაძე: მომავალშიც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
ქუთაისის "აიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფულბეკ - ზურაბ ძნელაძეს წლეულს გამორჩეული სეზონი ჰქონდა.

19 წლის მორაგბემ ახლახან ნაკრებთან ერთად ევროპის პირველობაზე წარმატებით ითამაშა და კლუბშიც კარგად ასპარეზობდა. მიუხედავად იმისა, რომ "აიას" საქართველოს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ის მიმდინარე სეზონს წარმატებულად მიიჩნევს.

- რაგბის თამაში ქუთაისში, 27-ე რაგბის სპეციალიზირებულ სკოლაში დავიწყე. პირველი მწვრთნელი დავით გორდულაძე იყო. ოვალური ბურთით თამაში ძალიან შემიყვარდა და გადავწყვიტე, რომ რაგბის ბოლომდე გავყოლოდი.

- "აიაში" როდის მიგიწვიეს?
- "აიაში" ორი წლის წინ ამიყვანეს. მანამდე, ბესიკ ხამაშურიძის
ხელმძღვანელობით შეიქმნა რაგბის აკადემია. ერთი წელიწადი აკადემიაში ვიყავი, შემდეგ ხამაშურიძე "აიას" მოთამაშე მწვრთნელი გახდა და გუნდში მეც მიმიწვია. გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში დებიუტი მქონდა. შარშან ჩატარებულ შეხვედრებში დიდი გამოცდილება მივიღე.

- ბოლო ორი წელიწადია "აია" პროგრესის გზას ადგას, ალბათ ეს ახალი თაობის დამსახურებაცაა?
- გუნდში ჯანსაღი სიტუაციაა და დისციპლინა მაღალ დონეზეა. ყველამ თავისი საქმე იცის, ახალგაზრდები რომ კარგად შევეწყვეთ გუნდს, ეს მწვრთნელებისა და ვეტერანი მორაგბეების დამსახურებაა. ამ ორი სეზონის განმავლობაში მართლაც ბევრი რამე ვისწავლეთ. პროგრესიც აშკარაა. გასულ წელს ოთხეულში მოვხვდით, წლეულს კი ჩემპონატის ფინალში ვითამაშეთ.

- წლეულს ჩემპიონობას ისახავდით მიზნად, მაგრამ ფინალში "არმიასთან" დამარცხდით.
- სამწუხაროდ, ფინალში ვერ ვითამაშე. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი გაშორებს და ამ დროს მარცხდები, მაგრამ სეზონი მაინც წარმატებულად მიმაჩნია, რადგანაც ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო. შემდეგ, როცა რეგულარულ გათამაშებაში დაუმარცხებლად ვასპარეზობდით, დავრწმუნდით, რომ ჩემპიონობაც შეგვეძლო და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვშრომობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. ფინალში "არმიასთან" თანაბარ ბრძოლაში წავაგეთ.

- როგორ ფიქრობ, "აია" გაისადაც შეინარჩუნებს სტაბილურობას?
- ჩვენს გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ მომავალ წელსაც ჩემპიონობისათვის იბრძოლოს.

- კლუბში თამაშის პარალელურად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებების წევრიც ხარ და ალბათ, ეროვნულ გუნდში მოხვედრაზეც ოცნებობ.
- ამაზე ყველა ქართველი მორაგბე ოცნებობს და არც მე ვარ გამონაკლისი. ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სამჯერ ვითამაშე ევროპის ჩემპიონატზე. ბოლოს რუმინეთში 19-წლამდელებმა ევროპის პირველობა მოვიგეთ და მომავალ წელს გასამართი 20-წლამდელთა "მსოფლიო ალაფის" საგზური მოვიპოვეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებში ადგილი სამოავლოდაც დავიმსახურო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული