შავი ზღვის თასი. ლელომ მოგებით დაიწყო, როგორ დაამთავრებს?

AutoSharing Option
"შავი ზღვის თასის" გათამაშების პირველი დღე შესანიშნავი გამოდგა. ქართულ-უკრაინული და ქართულ-რუმინული დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, უღრესად საინტერესოდ წარიმართა. საქართველოს ჩემპიონის თბილისის "ლელოსა" და ოდესის "კრედო 63"-ის მატჩის წინ ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე შეკრებილ რაგბის ქომაგს და ტურნირში მონაწილე გუნდებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და თბილისის მერმა გიორგი უგულავამ მიმართეს. კაპიტნებმა ასპარეზობის დროშა აღმართეს და თამაშიც გახურდა.

საქართველოს ჩემპიონმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა და 28:10 მოუგო, თუმცა ვერაფრით ვიტყვით, რომ ეს იოლად მოახერხა. ოდესელებმა, რომელსაც ქართველი სპეციალისტი ზაზა ლეჟავა წვრთნის,
საკმაოდ კარგი, მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ოღონდ ეგ არის, ცოტა მოძველებულ ყაიდაზე ბურთაობენ და ტექნიკაშიც ოდნავ მოიკოჭლებენ.

"ლელომ" დასაწყისშივე აგრძნობინა მეტოქეს, რომ ფავორიტია და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა. სტუმრები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და თბილისელთა ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა - 3:0.
"კრედო 63"-მა საპასუხო შეტევა წამოიწყო და ანგარიშის გქავითვაც მალევე შეეძლო, თუმცა ცხრა ნომერმა მიკოლა დელიერგიევმა საჯარიმო ვერ გაიტანა.

მოწინააღმდეგის შერკინება ჩვენ გუნდს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა და უპირატესობის მოპოვებას ვერაფრით ახერხებდა. თუმცა მე-18 წუთზე ლელოელებმა ოდესელთა მორიგი წესის დარღვევა კარგად გამოიყენეს და ყიასაშვილმა საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა - 6:0.
ორ წუთში თბილისელთა გარემარბ გოდერძი ჯოგლიძის მახვილგონივრულ გადაწყვეტილებას ლელო მოჰყვა. "ბაჩიმ" მეტოქის მიერ ფეხით მოგერიებული ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე აიღო. ოდნავ გაირბინა, ფეხითვე გადაიკიდა, დაეუფლა, მაგრამ უმალვე შებოჭეს.

რაკიდან ბურთი იქვე, მეორეხაზელ ლაშა აზალაძეს გაუტანეს, რომელმაც ათიოდე მეტრით წინ წაიწია, ისევ რაკი, ახლა მოკლე დარტყმა პირველხაზელმა მიხეილ სუჯაშვილმა განახორციელა. ოდესელთა დაცვის ხაზი აირია, მარცხენა ფრთაზე დაუცველი დიდი სივრცე დარჩა. ერთდროულად შენიშნა "ლელოს" ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ და რაკიდან დროულად გამოტანილი ბურთი შუამარბ ირაკლი ჩხიკვაძეს გაატანა, რომელიც ტურნირის პირველი ლელო დააფიქსირა. ყიასაშვილმა გარდასხვა ვერ გაიტანა - 11:0.

ოდესელებს საპასუხო ლელოს გასატანად დიდი დრო არ დასჭირვებიათ. 24-ე წუთზე მასპინძლებმა საკუთარ ნახევარზე თამაშის წესი დაარღვიეს. სტუმრებმა ბურთი აუტში გადაიტანეს. ლელოდან ხუთ მეტრში, დერეფანში აგდებული ბურთი სუფთად მოიგეს. მართალია,
მოლი ვერ შეკრეს, მაგრამ მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმით ჩვენები საგრძნობლად შეავიწროვეს და ბოლოს შერკინების კვაჭმა ალექსანდრ პოლიანსკიმ ბურთი ლელოში შეიტანა. დელიერგიევმა გარდასხვა გაიტანა - 7:11.

ოთხქულიანი სხვაობა საკამოდ მყიფე უპირატესობაა. ამიტომ "ლელო" მაქსიმალურად ეცადა შესვენებაზე მეტ-ნაკლებად მშვიდად წასულიყო. ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე თბილისელებმა კიდევ ერთი შესანიშნავი, სალელოვე შეტევა განახორციელეს. შერკინებიდან გამოტანილი ბურთით მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმის წყალობით მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში შეაღწიეს. მერე კაჭარავამ მარცხნივ, გრძელ ფრთაზე იერიშში ჩართო შუამარბი ალექსანდრე მანჯავიძე, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და კიდისკენ გარემარბ ლექსო გუგავას გადააწოდა. ლექსოს წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. ყიასაშვილმა ისევ ვერ გარდასახა - 16:7, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახევარში ოდესელბი საგრძნობლად გააქტიურდნენ და დროის დიდი ნაწილი შეტევებში გაატარეს, თუმცა მაქსიმუმი, რასაც გამორჩნენ, ერთი საჯარიმო იყო, რომლიც მგეზავმა სერგეი მონასტრიოვი 68-ე წუთზე გაიტანა, როცა "ლელო" უკვე 21:7-ს იგებდა. 57-ე წუთზე ჩვენებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს, ხელდახელ შესანიშნავად იბურთავეს, ჯერ მარცხნიდან შეუტიეს, მერე იერიშის მიმართულება შეცვალეს და მარჯვნივ ჩხიკვაძე მოძებნეს. ამან სამ მოწინააღმდეგეს გვერდი აურა და მეორე ლელო მიითვალა. ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 70-ე წუთზე დაფიქსირდა. თბილისელთა მორიგი კონტრიერიში ისევ ფრთაზე ბურთის ჩათამაშებით და გუგავას ლელოთი დასრულდა. გარდასხვა ამჯერად გარემარბმა გოდერძი ჯოგლიძემ დაარტყა და გაიტანა - 28:10.
სამწუხაროდ, "ლელოს" მგეზავმა ლაშა ბაირამაშვოლმა არბიტრისგან ორჯერ ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. ბაირამაშვილი, სავარაუდოდ, მომდევნო თამაშს გამოტოვებს.

ლევან მაისაშვილი, "ლელოს" მთავარი მწვრთნელი:
"დაძაბული თამაში იყო, ოდესელთა გუნდი საკმაოდ მებრძოლი გამოდგა, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია. შედეგით, ცხადია, კმაყოფილი ვარ. მორაგბეებმა, დავალების სრულად შესრულება ვერ შეძლეს. გვქონდა გარკვეული ხარვეზები. ვეცდებით, გამოვასწოროთ.

ზაზა ლეჟავა, "კრედო 63"-ს მთავარი მწვრთნელი:
"საქართველოს ჩემპიონს ვეთამაშეთ და რა გასაკვირია, რომ გაგვიჭირდა. ვცდილობთ თამაში დავხვეწოთ, შერკინება უფრო მობილურად ავამოქმედოთ, თამაშის უწყვეტობას მივაღწიოთ. "ლელომ" გამოცდილებით, გვაჯობა, ტექნიკაშიც ქართველები უკეთესად გამოიყურებიან. საერთო ჯამში თამაშითაც, მსაჯობითაც და იმ გარემოთიც, რაც აქ სუფევს, ძალიან კმაყოფილი ვარ.

ლელო-კრედო 63 28:10
ლელო (15-9) ყიასაშვილი (ლომინაძე 79), ჯოგლიძე, ჩხიკვაძე (ანდღულაძე 78), მანჯავიძე, გუგავა, ბაირამაშვილი. (1-8) ასეიშვილი (ლომიძე 55), ჭყონია (მამუკაშვილი 60), სუჯაშვილი (სანიკიძე 69), აზალაძე, შალამბერიძე (გაჩეჩილაძე 21), კოლელიშვილი, დაუშვილი (სარდანაშვილი 71), ზ.მაისურაძე (ი.მაისურაძე 71)
4ლ: ჩხიკვაძე (2), გუგავა (2). 2ს: ყიასაშვილი. გ: ჯოგლიძე.
სინბინი: ბაირამაშვილი
გაძევება: ბაირამაშვილი
კრედო 63 (15-9) მარკოზაშვილი (აზანოვი 21), ტაკუნოვი, გეგიძე, პ.მასიუკოვი, დ.მასიუკოვი, მონასტირიოვი, დელიერგიევი (კიკაჩეიშვილი 57). (1-8) ჩაიკა, პოლიანსკი (ვასილაკი 41), ვერტილეცკი, რადჩუკი, კულაკივსკი, ნოვოკრეშჩენოვი, ფედიშინი, კირსანოვი
ლ: პოლიანსკი. გ: დელეგირიევი. ს: მონასტირიოვი.
მსაჯი: დ.ფრესინიანუ (რუმინეთი)



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული