ქართული რაგბი 2011 - ხიდი წარსულსა და მომავალს შორის

AutoSharing Option
"ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრები ამაყები არიან თავისი გუნდით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როცა ოთხიდან სამი თამაში წავაგეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი პოზიცია მსოფლიოს რაგბიში მაღლდება. ამას შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება სჭირდება. 2011 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის გამოსვლა უნდა იყოს ხიდი წარსულსა და მომავალს შორის" - ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის თამაშის შეფასებისას წარმოთქვა.

ქართული რაგბისთვის წლევანდელი სეზონი მართლაც წარმატებული გამოდგა. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავად იასპარეზეს და თამამად შეიძლება ითქვას,
რომ პლანეტის სარაგბო თემში მყარად დაიმკვიდრეს ადგილი. წარმატებული გამოდგა სეზონი ასაკობრივი ნაკრებებისთვის. ორ ასაკობრივ ჯგუფში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპაში პირველობა არავის დაუთმეს. გარკვეულწილად საკმაოდ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ქართული რაგბის საშინაო მეორნეობაშიც, ამთავითვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამედ იასპარეზა, რაც ქართულ სპორტში, სათამაშო სახეობებში უნიკალური მოვლენაა. ეს თავისთავად დიდი წარმატებაა.

მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოს ნაკრებმა კანადის, სამოას, ტონგას და სხვა ქვეყნების ეროვნულ გუნდებთან ერთად, საგრძნობლად შეამცირეს განსხვავება ელიტარულ და ეგრეთ წოდებულ მეორე ეშელონის ქვეყნების სათამაშო დონეს შორის. რომ არა ელიტარულ გუნდებთან თამაშის გამოცდილების სიმწირე, ეს სხვაობა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა. ერთი სიტყვით, საყოველთაო აღიარებით, ქართული რაგბი ყველაზე სწრაფად პროგრესირებს მთელს მსოფლიოში.

"ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავად ითამაშეს. მოედანი ამაყებმა, მაგრამ გულდაწყვეტილებმა დატოვეს, რადგან ყველა გრძნობდა, რომ მეტი შეგვეძლო. აკი ჩვენი გუნდის ასპარეზობამ ახალი ზელანდიისა და მსოფლიოს რაგბის ლეგენდას სერ ბრაიან ლოჰორს ათქმევინა:
"მსოფლიოში სამი სარაგბო ერი არსებობს. ესენია: ახალი ზელანდია, უელსი და საქართველო".

ლოჰორი, რომელმაც "ოლ ბლექსს" მსოფლიოს თასი 1987 წელს მოაპოვებინა, სიტყვებს ჰაერში არ ისვრის. ეს ყველაფერი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ მასტერტონში ხდებოდა, სადაც საქართველოს ნაკრებს განაკუთრებული სითბო და სიყვარული აგრძნობინეს.

არ მახსენდება და მსოფლიოს სპორტის ისტორიაში, ალბათ, არც ყოფილა შემთხვევა, რომ უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის გუნდისთვის პატივისცემის ნიშნად ვინმეს აღლუმი მოეწყო. ეს ახალ ზელანდიაში მოხდა. მასტერტონელებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩა, ქუინზ სტრიტი გადაკეტეს და საქართველოს ნაკრების საპატივცემულოდ აღლუმი გამართეს.

ადგილობრივებმა ჯერ საქართველოს დროშებით მორთული მანქანებით ჩაიარეს, მათ მასტერტონის სარაგბო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მიჰყვნენ.

ქალაქის მოსახელობა უკლებლივ ქუინზ სტრიტზე შეკრებილიყო. "ბორჯღალოსნები" ქართულ ჩოხებში წარსდგნენ მასტერტონული პუბლიკის წინაშე. მათმა გამოჩენამ აქაურებზე უდიდესი ეფექტი მოახდინა.

ახლახან კი რაგბის კავშირს მასტერტონის მერის წერილი მიუვიდა, სადაც ზუსტად არის აღნიშნული თუ რა გამარჯვებას მიაღწია საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში:
"ვაირარაპას მრავალ სხვა მცხოვრებლებთან ერთად 2 ოქტომბერს მეც ჩავედი პალმერსტონში არგენტინის ნაკრებთან თქვენი თამაშის საყურებლად. წინა უქმეებზე "ოლ ბლექსსაც" გაუჭირდა არგენტინის გუნდის მოგერიება. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კარგად ასპარეზობდა თქვენი ნაკრები უმაღლეს დონეზე".

მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელები მოეწვიათ. ცხადია, ყოფილ თავკაცს და მის ასისტენტს ათასი მადლობა გადაუხადეს და თქვეს, რომ საქართველოს ნაკრებს სამომავლოდ უფრო მაღლი მიზნები აქვს დასახული და საამისოდ შესაბამის კვალიფკაციის მწვრთნელებია საჭირო.

ახალი მწვრთნელების შერჩევა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, უამრავ კანდიდატს შორის არჩევანი საბოლოოდ ახალზელანდიელ სპეციალისტებზე შეჩერდა. "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იქნება, მას დაეხმარება შერკინების მწვრთნელი კრის გიბსი. ჩვენს ეროვნულ გუნდში იმუშავებენ ასევე ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე.

საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს წლეულს საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე ითამაშებს. ერთი წლით უმცროსებმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და გაისად ელიტურ ქვეყნებთან ერთად ჩაებმებიან კონტინენტის პირველობაში, რომელიც პირველად ჩატარდება.

წლეულს 18-წლამდელებთან დავით ჩავლეიშვილი და მამუკა ტყეშელაშვილი მუშაობდა, 19-წლამდელებთან კი პირველად უცხოელი სპეციალისტი იან სმიტი დავნიშნეთ, რომელსაც ასისტენტობას ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები ირაკლი ჭყონია, ზურა ამონაშვილი და ლადო კილასონია უწევდნენ.

აშკარად ამაღლდა საქართველოს ჩემპონატის დონეც. თუნდაც სეზონის მიწურულს გამართული ორი შესნიშნავი ფინალი რად ღირს. თასისთვის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის ჩემპიონი და უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდი იდგა. თუმცა ეს თამაშს არაფრით ეტყობოდა. მოედანზე დაძაბული, თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ამსთან ერთად, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მსოფლიოს თასზე ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ცხრა მორაგბემ ითამაშა.

ჩემპიონატის მშვენება კი ფინალური მატჩი იყო, "არმიასა" და "აიას" დაპირისპირებაში იყო ყველაფერი, თავდადებული ბრძოლა, ინტრიგა, მოთამაშეთა მაღალი სათამაშო კლასი.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების გაფართოება გახდა საჭირო. თუ აქამდე ეროვნულ ჩემპიონატში პირველობისთვის რვა გუნდი ასპარეზობდა, მომავალი წლიდან ჩემპიონის ტიტულს ათი გუნდი შეეცილება.

გაიზრდება გუნდების რაოდენობა პირველ ლიგაშიც. აქ 18 გუნდი ითამაშებს, რომლებსაც ორ ჯგუფად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში გაანაწილებენ. ამასთან ერთად, შეიცვლება გათამაშების სისტემაც და ამიერიდან, შეჯიბრება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ჩატარდება.

წლეულს საგრძნობლად გაუმჯობესდა სარაგბო ინფრასტრუქტურა. "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" და "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე ჩატარდა "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება. საქართველომ აშშ-ს. კანადის, ურუგვაის, ზიმბაბვეს, იაპონიის, სამოასა და რუსეთის ნაკრებებს უმასპინძლა. ტურნირმა IღB-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში საქართველოს რაგბის კავშირს უფრო მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობაც ანდონ.

დღესდღეობით, მიმდინარეობს და მომავალი წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს სატდიონების მშენებლობა მარტყოფში, ასპინძაში, რუსთავში, ქუთაისში და დიდ დიღომში. გაისადვე დაიწყება მშენებლობა ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავსა და გორში.

რაგბის კავშირს განზრახული აქვს დაიწყოს მოლაპარაკება რეგიონებში ადგილობრივ მმართველობასთან, რათა თუნდაც სოფლებში არსებულ მარტივი მოედნები კეთილმოაწყონ, ააშენონ გასახდელები, საშხაპეები. ეს რაგბის მასობრივ სპორტად გადააქცევს.

სარაგბო სეზონის გვირგვინი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად "ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელის მამუკა გორგოძის დასახელება იყო. საგუსლისხმოა, რომ ასეთივე აღიარება 2010 წელს კიდევ ერთ მორაგბეს დავით ზირაქაშვილს ერგო წილად.

გორგოძეს ეს აღიარება, ცხადია, კანონზომიერი იყო. წლეულს მან შესანიშნავად იასპარეზა როგორც "ბორჯღალოსანთა" რიგებში, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში. მამუკა ფრანგულმა მედიამ, ჯერ სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა", ხოლო მერე, ოდნავ მოგვიანებით ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა.

"ძალიან გახარებული ვარ. სპორტსმენისთვის ამაზე დიდი ჯილდო, როცა საუკეთესოდ შენი ქვეყანა გაღიარებს, სხვა რა უნდა იყოს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო" - როგორც ყოველთვის ლაკონური იყო კომენტარისას ქართული რაგბის, მთლიანად ჩვენი სპორტის სიამაყე.

ბოლოს, წლის მონაგარის შეჯამება, შორეული ახალი ზელანდიიდან, ქალაქ მასტერტონიდან რაგბის კავშირში მისული წერილის ამონარიდით გვინდა დავასრულოთ. აი რას წერს მასტერტონის მერი:
"მასტერტონისა და ვაირარაპას რეგიონის მოსახლეობის სახელით მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ სითბოსთვის, რომელიც გამოიჩინა საქართველოს ნაკრებმა თითოეული ჩვენგანის მიმართ.

ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა თქვენმა ეროვნულმა სამოსმა. ბედნიერი ვარ, რომ პირადად დავესწარი ქართულ წვეულებას, რომელიც გლადსტონის ვენახში მოაწყვეთ ჩვენთვის.

თქვენ და ქართველი მორაგბეები თქვენი ქვეყნის შესანიშნავი ელჩები იყავით."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული