ბათუმი XV-მ ქართული რაგბის პრესტიჟი დაიცვა

AutoSharing Option
"შავი ზღვის თასის" გათამაშების მეორე ტურს ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. რუმინული კლუბი "არადი", რომელიც პირველ ტურში "ლოკომოტივთან" მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა, "ბათუმი XV"-ს ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ითამაშებდა.

სატურნირო ვითარებისა და კონკრეტულად ამ მატჩის შედეგის გარდა, საინტერესო იყო, რეალურად რას წარმოდგენდა რუმინული გუნდი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრებით იყო გაძლიერებული. "არადმა" კატალინ ფერკუ, სტელიან ბურეა და ვალენტინ კალაფეტეანუ "ლოკომოტივთანაც" ათამაშა და გამარჯვებას სწორედ მათი ოსტატობის წყალობით მიაღწია.

შეძლებდა თუ არა ბათუმელთა გუნდი მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების განეიტრალებას და მისთვის
საკუთარი თამაშის თავს მოხვევას? აი კითხვა, რომელიც მატჩის წინ ყველას აწუხებდა. უნდა ითქვას, რომ ლევან მგელაძის ბიჭებმა მოლოდინს გადააჭარბეს, მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში თამაშის საკუთარ პირობებს კარნახობდნენ და 30:17 მოუგეს.

"ბათუმი XV"-მ შესანიშნავი რაგბი აჩვენა. ზღვისპირელები ყურადღებით ირჯებოდნენ დაცვაში, ისე, რომ ფეხმარდ ფერკუს განავარდების საშუალებას არ აძლევდნენ. შერკინება მობილურად, უშეცდომოდ და, რაც მთავარია, უკანა ხაზთან სინქრონულად მოქმედებდა. თვალშისაცემი იყო თამაშის უწყვეტობაც, რაც რუმინულ გუნდს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

ერთი სიტყვით, ტურნირის ჩატარების მთავრი მიზანი, გარკვეულიყო, რა დონისაა ამჟამინდელი შინაური რაგბი, მიღწეულია. ტურნირის მონაწილე სხვა კლუბებისგან განსხვავებით ქართული გუნდები უფრო განსწავლული და ფიზიკურად უფრო მძლავრები ჩანან.

არადა, "შავი ზღვის თასის" გათამაშებაზე მოვლინებულმა ირბ-ის მეთალყურემ, 1987 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ახალზელანდიელმა სტივ მაკდაუელმა თამაშის მერე თქვა:

"ცუდია, რომ ტურნირი იმ დროს ტარდება, როცა საქართველოს ჩემპიონატში შესვენებაა. ქართველ მორაგბეებს აშკარად ეტყობათ, რომ მეტი შეუძლიათ. ამიტომ კარგი იქნება, თუ მომავალში შეჯიბრება სეზონის მსვლელობისას ჩატარდება, გუნდები სათანადო ფორმაში იქნებიან და უკეთეს რაგბისაც ითამაშებენ".

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით "შავი ზღვის თასის" გათამაშებაში სწორედ ქართული გუნდები გამოირჩევიან და ტურნირის ფინალიც, სავარაუდოდ, ქართული იქნება.

თამაში ბათუმელების შეტევით დაიწყო, თუმცა ანგარიში მე-4 წუთზე "არადის" ცხრა ნომერმა კალაფეტიანუმ გახსნა საჯარიმოთი - 3:0. სამ წუთში "ბათუმი XV"-მ ლელოთი უპასუხა. ჩვენმა მორაგბეებმა საკუთარი დერეფანი მეტოქის ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან მოიგეს, მოლი შეკრეს და ათიოდ მეტრი გაიარეს, მერე თამაში რაკში გადავიდა. მორკინალებმა რამდენიმე დარტყმით კიდევ უფრო შეავიწროვეს მეტოქე და ნელ-ნელა ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ. ლელომდე ხუთიოდ მეტრიღა იყო დარჩენილი. ცხრა ნომერმა გიორგი როხვაძემ ბურთი რაკიდან გამოიტანა და მარცხნივ, გრძელი ფრთისკენ დაიძრა. მოულოდნელად, ხელის მალული მოძრაობით ბურთი უკან შემოაბრუნა და შეტევაში უკნიდან ჩართული ფულბეკი ბესიკ ხამაშურიძე გარღვევაზე გაიყვანა. "ანტილოპამ" მეტოქის ხაზი გაჭრა და ლელო კარის ძელთან გაიტანა. გარდასახვა მგეზავმა დავით კიკნაძემ დაარტყა ზუსტად - 7:3.

მეორე ლელო ჩვენმა გუნდმა მე-20 წუთზე გაიტანა, და ისიც ხანგრძლივი, ლამაზი შეტევის შედეგი იყო. მეტოქის მიერ ფეხით დაკიდებული ბურთი გარემარბმა სანდრო ნიჟარაძემ, მოედნის საკუთარ ნახევარზე მაღალ ნახტომში დაიჭირა. მართალია, იქვე შებოჭეს, მაგრამ ბურთის შენარჩუნება შეძლო და იერიშიც იქიდან დაიწყო.

"ბათუმი XV"-ის მორაგბებმა მოწინააღმდეგის დაცვა რამდენჯერმე გაჭრეს, გამოვყოფდით მესამეხაზელებს დავით გუგუშვილს და გიორგი თხილაიშვილს, ბრწყინვალედ ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი. მათ შეჩერებას რუმინელები ვერაფრით ახერხებდნენ. შეტევის რამდენიმე ფაზის შემდეგ მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შეიქმნა, რაც როხვაძემ დროულად შენიშნა. რაკიდან ბურთი კიკნაძეს გაუტანა, ამან უფრო მარცხნივ, კიდისკენ გარემარბი გიორგი შკინინი მოძებნა, რომელსაც ლელოში შერბენა აღარ გასჭირვებია. კიკნაძემ გარდასახვა ისევ ზუსატად დაარტყა - 14:3.

თერთმეტი ქულით დაწინაურებამ, როგორც ჩანს, ჩვენი გუნდი ოდნავ მოადუნა, ამას ისიც დაერთო, რომ არბიტრმა განზრახ უხეშობისთვის მგეზავი დავით კიკნაძე გაასინბინა და კაცნაკლულნი დავრჩით. "არადმა" ეს უპირატესობა გამოიყენა. მშვენიერი კომბინაციაა გაათამაშა და მესამეხაზელმა სტელიან ბურეამ ლელო გაგვიტანა. კალაფეტეანუმ გარდასახა - 10:14. სამ წუთში შუამარბმა თორნიკე აშვეთიამ საჯარიმოთი სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა - 17:10. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ბათუმი XV"- ს მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია. მეტიც, 62-ე წუთისთვის ანგარიშში სხვაობამ 17 ქულასაც მიაღწია. 50-ე წუთზე ჯერ კიკნაძემ გაიტანა საჯარიმო - 20:10, მერე კი მოედნის სიღრმიდან ხამაშურიძის მიერ წამოწყებული იერიში მორკინალებმა მარცხენა ფრთაზე განაგრძეს. ლელომდე ორი მეტრიღა რჩებოდა, როცა რუმინელთა მეორეხაზელმა ვიორელ სტოიკიცამ რაკში ბურთი აგვართვა, ის იყო სამიოდ ნაბიჯი გადადგა, რომ ჩვენმა მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა ბურთი ხელიდან გამოსტაცა და გაოგნებულ რუმინელებს შორის ლელომდე ისე გაიარა, შეჩერება არავის უცდია. კიკნაძემ გარდასახა - 27:10.

ბოლო ათ წუთში არადელები საგრძნობლად გააქტიურდნენ და ერთი ლელოს გატანაც შეძლეს, რაზეც კიკნაძემ საჯარიმოთი უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:17.

1 სექტემბერს "ბათუმი XV" თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელებმა პირველი თამაში წააგეს, ჯგუფში პირველადგილოსანი სწორედ ამ მატჩში გამოვლინდება. გამარჯვების შემთხვევაში "ლოკომოტივი" ფინალში ითამაშებს.


ბათუმი XV-არადი 30:17

ბათუმი XV (15-9) ხამაშურიძე, ნიჟარაძე, აშვეთია, ხონელიძე, შკინინი, კიკნაძე, როხვაძე (ბეგაძე 69). (1-8) გურეშიძე, (გოგიშვილი 64), ბრეგვაძე, ხოსიტაშვილი (მოქია 63), ძაგნიძე (არჩუაშვილი 13), ბერიძე, რევიშვილი (კალმახელიძე 74), თხილაიშვილი, გუგუშვილი.
3ლ: ხამაშურიძე, შკინინი, არჩუაშვილი. 3გ: კიკნაძე. 3ს: აშვეთია კიკნაძე (2).
სინბინი: კიკნაძე.

არადი (15-9)
ფერკუ, გობჟილა, იფტოდე, სტოიკიცა, სტრუნა (ბელტაცუ 58), ანდრეა, კალაფეტეანუ (კონაკე 65). (1-8) ცერუსი, მაქსიმი (ბეკა 61), გრინდეი, დენჩანუ (კატარჯუ 70), მორარუ, პურიჩე, ბურეა, ფლორეა.
2ლ: ბურეა, სტოიკიცა. 2გ,ს: კალაფეტეანუ

მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი (საქართველო)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული