ქართული რაგბი: ახალი წელი უხვი სიახლეებით

AutoSharing Option
2012 წლიდან ქართული რაგბის განვითარებაში იწყება ახალი, ოთხწლიანი ციკლი. წლევანდელი სეზონი, უწინდელზე შედარებით მართლაც განსხვავებული იქნება.

საქართველოს რაგბის კავშირი ბევრი სიახლის დანერგვას გეგმავს, თუმცა რაღა გეგმავს, კონკრტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და ისღა დაგვრჩენია ახალი სეზონის დასაწყისს დაველოდოთ. მანამდე კი საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელ ნიაზ მამრიკიშვილს განვლილი სეზონის ავ-კარგსა და მომავლის გეგმებზე, უკვე განხორციელებულ სიახლეებზეც ვესაუბრეთ.

- საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის კალენდარში საერთაშორისო ტურნირების განრიგმა საკმაოდ სერიოზული კორექტივები შეიტანა. თბილისში გამართულმა "მსოფლიოს ახალგაზრდულმა ალაფამ" და მსოფლიოს თასის გათამაშებამ, საკმაოდ დააზარალა ქართული კლუბები, დიდი
გავლენა იქონია თამაშის ხარისხზე. განსაკუთრებით იზარალა თბილისის "ლელომ", რომელმაც ეროვნულ ნაკრებში სამი მორაგბე მიავლინა. თუმცა არც ქუთაისის "აიასა" და თბილისის "ლოკომოტივისთვის" ჩაუვლია ამ ამბავს უკვალოდ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ 2012 წლიდან შევცალოთ სეზონის გამართვის დრო და გადავიდეთ შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპზე.

- მოდით, საქართველოს განვლილი ჩემპიონატი შევაფასოთ. საერთო აღიარებით ის უწინდელზე უკეთესი გამოვიდა. რით იყო გამორჩეული?
- საქართველოს ჩემპიონატში "არმიას" გამოჩენამ წინა წლებში დამკვიდრებული იერარქია დაარღვია. ის რომ, თბილისის "აკადემიამ" საბოლოოდ ბოლსოწინა მეშვიდე ადგილი დაიკავა და ბოლომდე ინარჩუნებდა პლეი ოფში მოხვედრის შანსს, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონემ მოიმატა და განსხვავება გუნდებს შორის საგრძნობლად შემცირდა.

ამის დასტურია ისიც, რომ ქუთაისის "აიამ", რომელმაც რეგულარული გათამაშება დამაჯერებლად მოიგო, საბოლოოდ, პლეი ოფში ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლო. ამასთან ერთად, ისეთი ტრადიციების მქონე გუნდი, როგორიცაა თბილისის "ყოჩები" ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, თუმცა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში გავიდა და აშკარა ფავორიტს, უკვე გაჩემპიონებულ "არმიას" სულ ცოტა ტაიმნახევრის განმავლობაში უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია.

- როგორც უკვე თქვით, ქუთაისის "აიამ" რეგულარული გათამაშება დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო, რატომ?
- ვფიქრობ, რაც მოხდა აბსოლუტურად ობიექტური იყო. "არმიამ" დამსახურებულად გაიმარჯვა. ის, რომ ამ გუნდის მესვეურებმა ერთი სეზონის განმავლობაში ძლიერი, კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნეს, პირველ რიგში საკმაოდ დიდი ფინანსებით უნდა აიხსნას, რისი საშუალებითაც საქართველოში რამდენიმე ლეგიონერი დააბრუნეს. ეს ტენდენცია მხოლოდ მისასალმებელია.

ამასთან ერთად, მათ შეძლეს კარგი მორაგბეების აყვანა გუნდში, განსაკუთრებით ჩემპიონატის მეორე ნახევარში. აქ იმოქმედა ეგრეთ წოდებულმა "მტვერსასრუტის პრინციპმა" - ანუ როცა დიდი ფული ბევრი კარგი მოთამაშის კონცენტრაციას იწვევს, რაც სიახლე სულაც არ არის მსოფლიოს რაგბიში.

ასე რომ, "არმიას" მიერ ჰეთ თრიკის შესრულება (საქართველოს ჩემპიონობა, თასის მოპოვება და შვიდკაცას მოგება), მოულოდნელი არ იყო.

- "არმიამ" საქართველოს ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა, თუმცა იგივეს თქმა "აიაზეც" შეიძლებოდა, ცხადია, თუ ჩემპიონი გახდებოდა.
- დიახ ასეა, "აიას" წარმატებულ ასპარეზობას მუშაობის სამწლიანი ციკლი უდევს საფუძვლად. ამ ყველაფრის თავი კი კლუბის პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძეა, რომელსაც საკლუბო მუშაობის კარგად გათვლილი ტაქტიკა აქვს. მან საკვანძო პოზიციებზე ისეთი ადამიანები დაასაქმა, რომლებსაც ნამდვილად შესწევთ ძალა ქუთაისურ რაგბის ძველი დიდება დაუბრუნონ. ესენი არიან, როგორც "აიას" მწვრთნელები, ისე ის ადამიანები, რომლებიც ბავშვთა გუნდებთან მუშაობენ და ჭაბუკთა შეჯიბრებებში წარმატებას აღწევენ.

- თბილისის "ლოკომოტივის" დიდი ფინალის მიღმა დარჩენა მოულოდნელობა არ იყო?
- რკინიგზელებს წლეულს პრობლემები საკმაოდ ჰქონდა, გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, რამდენიმე ეროვნულ და სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში იყვნენ მიწვეულნი, თუმცა პლეი ოფში "ლოკომოტივმა", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი გუნდია, მაინც შეძლო მობილიზება და საბოლოოდ, საპრიზო, მესამე ადგილიც დაიკავა.

- სეზონის წინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ბოლო წლების ლიდერი თბილისის "ლელო" საპრიზო ადგილის მიღმა დარჩებოდა.
- ამ გუნდზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია მოთამაშეების გადინებამ უცხოეთში. ამასთან, "ლელოს" სამი წამყვანი უკანახაზელი, ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა და ლექსო გუგავა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრებში გამოდიოდა. იქიდან დაბრუნებულებმა კი ვერაფრით მოახერხეს ჩვეული ფორმის აღდგენა. სავარაუდოდ, მათზე იმოქმედა არა მარტო ფიზიკურმა, არამედ ფსიქოლოგიურმა დაღლილობამ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ამ გუნდმა შარშანდელ სეზონში პოზიციები დათმო.

- საკმაოდ საინტერესო გუნდები იყვნენ სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშიც. მეტიც, საერთო აღიარებით, ოთხიდან სამს რეალურად ჰქონდა პლეი ოფში გასვლის შანსი.
- ძალიან საინტერესოდ ათამაშდა მეხუთე ადგილზე გასული თბილისის "არმაზი". ამ გუნდის მორაგბეები ლიდერის, დავით კიკნაძის გარშემო არიან დარაზმული. ამ მგეზავის დამსახურება გუნდის წარმატებულ თამაშში საკმაოდ დიდია. ის 195 ქულით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მექულე გახდა.

თაობათა ცვლა მიმდინარეობს მეექვსე ადგილზე გასულ რუსთავის "ხარებში". ეს გუნდი წლიდან წლამდე უმატებს და ამჯერად ერთი ნაბიჯი დააკლდა პლეი ოფამდე. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ რუსთავის გუნდი ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

ყველაზე საინტერესო გუნდია თბილისის "აკადემია". მას ბოლო ტურამდე ჰქონდა პლეი ოფში მოხვედრის შანსი. ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე "აკადემია" რამდენიმე მორაგბემ დატოვა თორემ გუნდს აშკარად შეეძლო უკეთესი შედეგის მიღწევა.

რაც შეეხება თბილისის "ყოჩების" მიერ განცდილ ფიასკოს. ეს გუნდიც სეზონის დაწყების წინ ბევრმა მოთამაშემ დატოვა. ამიტომ დასაწყისში მას ვერ იცნობდით. ჩემპიონატის ბოლოსკენ კი მდგომარეობა საგრძნობლად გამოაკეთეს და ბოლოადგილოსანმა საქართველოს თასის ფინალში გააღწია.

- შარშანდელი სეზონი გამორჩეული იყო პირველი ლიგიონისთვისაც.
- პირველ ლიგაში სეზონის დასაწყისიდანვე არავის შეპარვია ეჭვი, რომ "ბათუმი XV" პირველობას ვერავინ შეეცილებოდა. ეს მოლოდინი გამართლდა და ზღვისპირელებმა გათამაშება დაუმარცხებლად განვლეს. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ პირველი ლიგის დებიუტანტი თბილისის "ჯიქები" კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბდა. საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა და "აკადემიის" ძლევით უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

"ხულიგანა", "თიბისი", "ბაგრატი" და "დევები" პირველი ლიგის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. იმედია, ეს კლუბები წლეულს განახლებული გეგმებითა და გაზრდილი მადით ბევრჯერ გაგვაოცებენ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ყველაზე ახალგაზრდული გუნდის ფოთის "რაინდების" პროგრესი, რომელიც საქართველოში ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. თვალსაჩინოა სულ რაღაც სამი წლის ოზურგეთის "არწივების" წინსვლაც.

შარშან მეორე ლიგაში თავი გამოიჩინა თბილისის "დინამომ", რომელმაც ოთხრაუნდიან ბრძოლაში დებიუტანტი საჩხერის "ჯრუჭი" დაამარცხა. საჩხერლებმა პირველად იასპარეზეს კაცთა ტურნირში და ეს წელიწადი ადაპტაციისთვის გამოიყენეს.

- დასაწყისში თქვით, რომ წლეულს საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების პრინციპი იცვლება.
- დიახ, გათამაშების შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით გამართვა გადავწყვიტეთ. გავითვალისწინეთ კლუბების უმრავლესობის მოსაზრება, რომ მატჩების მეტი რაოდენობა გუნდების თამაშის ხარისხს აამაღლებს და საამისოდ, უმაღლეს ლიგაში რვის ნაცვლად ათი გუნდი დავუშვით.

გაუქმდება მეორე ლიგა. იქ მოთამაშე და ახალშექმნილი გუნდები კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად დაყოფილ პირველ ლიგაში გაერთიანდებიან. სულ 16 გუნდი იასპარეზებს. დასავლეთ ზონაში გამოვლენ: ქუთაისის "ბაგრატი", ფოთის "რაინდები", ოზურგეთის "არწივები", საჩხერის "ჯრუჭი", ბათუმის "დელფინები" და სენაკის "ნოქალაქევი". აღმოსავლეთში - პატარძეულის "ვეფხვები," თბილისის "ხულიგანა" და "დევები", "თიბისი", "დინამო", "ტორნადო", "ბარბაროსები", "მგლები", "სტუ" და "ივერია".

ორივე ზონაში გუნდები ორწრედ ითამაშებენ. ორ-ორი საუკეთესო ოთხგუნდიან ჯგუფს შექმნის, რომელშიც ასევე ორწრიანი ტურნირი ჩატარდება. ორი საუკეთესო კი უმაღლესი ლიგის ორ უარესთან გადათამაშებაში შეეცდება რანგით მაღალი ლიგის საგზურის მოპოვებას.

- შემოდგომა-გაზაფხულის სისტემა სექტემბრიდან ამოქმედდება. მანამდე რით დაკავდებიან გუნდები?
- 18 თებერვალს დაიწყება საშუალედო ტურნირი, რომლის პირველ ეტაპზეც პირველლიგელები ითამაშებენ. ზონებში თითო გამარჯვებული უმაღლესი ლიგის გუნდებს დაემატებიან. ამათი შეჯიბრება კი 22 მარტიდან დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება. აქ 12 გუნდი ორ ჯგუფში განაწილდება. I ჯგუფში ითამაშებენ: "არმია", "ლელო", "არმაზი", "ყოჩები", "ბათუმი XV" და დასავლეთ ზონაში გამარჯვებული. II ჯგუფი: "აია", "ლოკომოტივი", "ხარები", "აკადემია", "ჯიქები" და აღმოსავლეთ ზონაში გამარჯვებული.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს თასის გათამაშება უქმდება.

- თითქმის მთელს მსოფლიოში ქულათა დარიცხვის ავსტრალიური სისტემაა, რომელიც გუნდებისთვის პრემიალური ქულების მინიჭებას ითვალისწინებს.
- წლევანდელი წლიდან ქულათა დარიცხვის სისტემა ჩვენთანაც შეიცვლება, თუმცა ავსტრალიურს ფრანგული სისტემა ვარჩიეთ. მოგებული გუნდი სამ ქულას მიიღებს, ამასთან თუ მეტოქეს სამ და მეტ ლელოს გაუტანს ერთი პრემიალური ქულა ერგება. ასევე შეუძლია პრემიალური ქულა მოიპოვოს წაგებულმა გუნდმაც, იმ შემთხვევეაში თუ შვიდ და ნაკლები ქულით დამარცხდება. ფრე თითო ქულაა.

- საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა იზრდება, ამას დაუმატეთ ჭაბუკთა A და B ლიგების გათამაშებაც. არის თუ არა მზად ინფრასტრუქტურა მატჩების სათანადო დონეზე ჩასატარებლად?
- საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დახმარებით შარშან ორი სარაგბო ბაზა ჩადგა მწყობრში, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც იმ სეზონის წარმატებულად ჩატარება. მიმდინარეობს და წლეულს უნდა დასრულდეს ოთხმოედნიანი ბაზის მშენებლობა ქუთაისში, ორმოედნიანისა რუსთავსა და დიდ დიღომში. წელსვე დასრულდება სტადიონის მშენებლობა მარტყოფში.

ეს ყოველივე იმედს გვაძლევს, რომ სარაგბო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო სრულყოფილი გვექნება, რაც აუცილებლად აისახება საქართველოში რაგბის განვითარებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული