ფინალში სრულიად დამსხურებულად "ბათუმი XV" გავიდა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე გამართულ, საინტერესო რაგბის თამაშობს. ძნელია, ამ გუნდის რომელიმე სათამაშო რგოლში ხარვეზი იპოვო.
რკინიგზელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს 68-ე წუთამდე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ. აქ კი ზღვისპირელთა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ ნაცად ხერხს მიმართა.
თამაში "ლოკომოტივმა" დიდი შემართებით დაიწყო და პირველივე შეტევისას საჯარიმოს დარტყმის უფელება მოიპოვა. მგეზავმა თემურ სოხაძემ ბურთი კარის ძელებს შორის გაატარა და ანგარიში გახსნა - 3:0. "ბათუმი XV"-ს მოთმაშეებმა რკინიგზელთა აღტყინება მალე ჩააცხრეს. -მომდევნო ათ წუთში ორი სალელოვე იერიში წამოიწყეს, მაგრამ ბოლო ფაზაში დაშვებული შეცდომების გამო ლელოთი ვერ დაასრულეს.
მე-18 წუთზე მესამე ცდა შედეგიანი გამოდგა. მოედნის ცენტრში ფულბეკმა ბესიკ ხამაშურიძემ შეუტია. მან დაფარული პასით გარღვევაზე შუამარბი თორნიკე აშვეთია გაიყვანა. ამან მარჯვენა, მოკლე ფრთაზე გარემარბი გიორგი შკინინი მოძებნა. "გოშა" ლოკომოტიველებმა აუტში გადაიყვანეს. საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში რკინიგზელებმა აუტიდან ბურთის მოწოდება დააყოვნეს და არბიტრმა ბათუმელთა სასარგებლოდ თავისუფალი დარტყმა დანიშნა, რომლის გათამეშიბის შემდეგ მოლი ააგორეს და ლელოში მესამეხაზელი დავით გუგუშვილი შეიჭრა. გარდასხვა შუამარბმა გაგა სინაურიძემ გარდასახა - 7:3.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სინაურიძემ ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა. მის ანგარიშზე ოთხ-ოთხი გარდასხვა და საჯარიმოა (20 ქულა). 24-ე წუთზე მან საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა - 10:3. რაზეც ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე სოხაძემ საჯარიმოთივე უპასუხა - 6:10.
შესვენების შემდეგ "ბათუმი XV" საგრძნობ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. 41-ე წუთზე სინაურიძემ ისევ საჯარიმო გაიტანა. თორმეტ წუთში კი მორიგი მრავალფაზიანი შეტევა, რომლის სულის ჩამდგმელიც ისევ ბესიკ ხამაშურიძე იყო, პირველხაზელმა გაგა გურეშიძემ მარცხენა ფრთაზე ლელოთი დაასრულა, სინაურიძემ გარდასხა - 20:6.
თოთმეტქულიანი უპირატესობა ასეთი დონის მატჩში გამარჯვებაზე საკმაოდ სერიოზული განაცხადია, თუმცა "ლოკომოტივი" ფარ-ხმალის დაყრას სულაც არ აპირებდა. მე-60 წუთზე მოედნის ცენტრში გამომუშავებული საჯარიმოდან სოხაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი რკინიგზელებმა სუფთად მოიგეს და მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტმა განახორცილეს, მერე ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე კიდისკენ ჩაათამაშეს, სადაც გარემარბის პოზიციაზე მესამეხაზელი გივი ბერიშვილი იმყოფებოდა. მას ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია. სოხაძემ ვერ გარდასხა - 11:20.
აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" ჯგუფურ ტურნირში ოთხი ლელო გაიტანა და ოთხივე ბერიშვილის ანგარიშზეა. სოხაძემ მართალია ლელო ვერ გარდასხა, მაგრამ, სამაგიეროდ, 64-ე წუთზე საჯარიმოთი ექვს ქულამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა - 14:20.
აი, სწორედ ამ დროს შეცვალა მგელაძემ სამივე პირველხაზელი და "ბათუმი XV"-მ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 70-ე და 72-ე წუთებზე სინაურიძემ ორი საჯარიმო გაიტანა - 26:14. ორ წუთში კი მარცხენა ფრთაზე ირაკლი გეგენავას წამოწყებული იერიში ბესიკ ხამაშურიძემ განაგრძო, მეტოქეთა გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, თხუთმეტიოდე მეტრი გაიარა და შებოჭეს. მერე ბათუმელებმა შეტევა მარცხნივ გრძელ ფრთაზე განაგრძეს და ლელო გარემარბმა გიორგი შკინინმა გაიტანა. სინაურიძემ გარდასხა - 33:38.
78-ე წუთზე შკინინის კიდევ ერთი ლელოს გატანა შეეძლო. მან მეტოქეს ბურთი საკუთარ ოცდორმეტრიან ზონასთან აართვა და ლელომდე ირბინა, ბოლო მომენტში კი იქვე მიმყოლ სანდრო ნიჟარაძეს გადააწოდა. სინაურიძემ ამჯერადაც გარდასხა და საბოლოო ანგარიში - 40:14 დააფიქსირა.
ლოკომოტივი-ბათუმი XV 14:40
ლოკომოტივი (15-9) ელიზბარაშვილი (მახარაშვილი 78), შიოშვილი, კობერიძე, ხუციშვილი (ქავთარაძე 78), ჟამუტაშვილი, სოხაძე (გაბუნია 79), ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, კორკოტაძე, გუჯარაიძე, ჩიტიძე, ნიშნიანიძე, ახვლედიანი (ოზგებაშვილი 35, ელოშვილი 61), ბერიშვილი.
ლ: ბერიშვილი. 3ს: სოხაძე.
ბათუმი XV (15-9) ხამაშურიძე (ნიჟარაძე 74), შკინინი, აშვეთია, სინაურიძე, სვინტრაძე (გეგენვა 45), შარვაშიძე (ხონელიძე 70), როხვაძე (ბეგაძე 45) (1-8) გურეშიძე (გოგიშვილი 65), სოსელია (ბრეგვაძე 65), მოქია (ხოსიტაშვილი 65), არჩუაშვილი, ბერიძე, თხილაიშვილი, რევიშვილი, გუგუშვილი.
4ლ: გუგუშვილი, შკინინი, გურეშიძე, ნიჟარაძე. 4გ,4ს: სინაურიძე
სინბინი: ბრეგვაძე
მსაჯი: ო.ფრესინიანუ (რუმინეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"