ბესიკ ხამაშურიძე: მიზანს შეუპოვრობით უნდა მიაღწიო

AutoSharing Option
წლევანდელი სარაგბო სეზონი გაზაფხულის ტურნირით დაიწყო, რომელიც გუნდების უმეტესობამ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენა.

ქუთაისის "აიას" მწვრთნელებსაც ძირითადი აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე და ჩამოყალიბებაზე ჰქონდა გადატანილი.

თუმცა, პარალელურად საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ტურნირის მოგებასაც აპირებდნენ. ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ, ქუთათურები ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში ქვეყნის ჩემპიონ "არმიასთან" დამარცხდნენ და ფინალს ვერ უწიეს.

განვლილი ტურნირის, სამომავლო გეგმების და გუნდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ "აიას" მოთამაშე მწვრთნელს ბესიკ ხამაშურიძეს ვესაუბრეთ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ გაზაფხულის ტურნირზე "აიას" ასპარეზობით?
- მიუხედავად იმისა, რომ ფინალში გასვლა ვერ
მოვახერხეთ, ტურნირით კმაყოფილი ვარ. სეზონის დაწყებამდე გუნდი რამდენიმე წამყვანმა მორაგბებ დატოვა, მაგრამ ამის გამო "აიას" ჩავარდნა არ ჰქონია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, გუნდმა სტაბილურობა შეინარჩუნა და კარგი თამაშები აჩვენა.

ჯგუფში განსაკუთრებული სირთულეები არ შეგვხვედრია. თითქმის ყველა მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ. ერთადერთი იმედგაცრუება პირველ ნახევარფინალურ მატჩში "არმიასთან" ვიგემეთ, როცა 12:30 დავმარცხდით და ფინალში გასვლის შანსი დავკარგეთ.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ განმეორებით შეხვედრაში "არმიას", რომელთანაც ბოლო ხუთი მატჩში დავმარცხდით, შინ მოვუგეთ და ბიჭებმა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნეს. ეს გამარჯვება გუნდზე ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედებს. ბიჭებმა დაინახეს, რომ დაუმარცხებელი არავინაა და ყველა გუნდთან ბრძოლა შესაძლებელია.

- თავიდანვე აცხადებდით, რომ გაზაფხულის ტურნირს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებდით.
- უკვე ვთქვი, რომ ამ ტურნირზე თამაში ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო იყო. აქ ბევრი რამ გამოჩნდა. არაერთი ახალგაზრდა მორაგბე გამოვცადეთ, რომლებმაც გუნდთან ადაპტაცია წარმატებით გაიარეს და თავიანთ სიტყვას ჩემპიონატშიც იტყვიან.

ახალწვეულები გიორგი ფრუიძე, შაკო შაშიაშვილი, ბიძინა ჯიმშიტაშვილი, ამირან წაქაძე გუნდს კარგად შეეწყვნენ და მნიშვნელოვანი პროგრესიც განიცადეს.

გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი 10 ნომერი, ნიკა ჯინჭველაშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში იყო შეკრებაზე და გაზაფხულის ტურნირზე "აიაში" თამაშის საშუალება არ მიეცა, მაგრამ გვჯერა, რომ ის გუნდს ჩემპიონატში აუცილებლად დაეხმარება.

ახალგაზრდებზე სამომავლოდაც გავაკეთებთ აქცენტს. არიან პერსპექტიული მორაგბეები, რომლებსაც "აიაში" თამაშის შანსი მიეცემათ.

- ისევ გაზაფხულის ტურნირს დავუბრუნდეთ. ამ შეჯიბრებაში მეორე ადგილზე "ლოკომოტივი" გავიდა, რომელიც ჯგუფში საკმაოდ იოლად დაამარცხეთ...
- ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბევრი მოსაზრება გაჩნდა. ითქვა, რომ უკეთესი იქნებოდა "ლოკომოტივთან" წაგვეგო და ნახევარფინალში "არმიასთან" შეხვედრა თავიდან აგვერიდებინა, რადგანაც "ლელოსთან" უფრო მეტი შანსები გვექნებოდა. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის და მორაგბისთვის ასეთი კომბინაციები მიუღებელია.

თუ გუნდი გქვია და ჩემპიონობა გინდა, ნებისმიერ მეტოქესთან თამაშისთვის უნდა იყო მზად. ძლიერთან ბრძოლაში უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. ჩემპიონობას მაშინ აქვს გემო და ფასი, როცა ყველა დაბრკოლებას გადალახავ და მიზანს შეუპოვრობით მიაღწევ.

- წლევანდელი სეზონის პირველი ეტაპი დასრულდა და ალბათ, გუნდში კიდევ იქნება ცვლილებები. თუ არის ცნობილი ვინ მიდის "აიადან" და მათი შემცვლელები თუ გყავთ შეგულებული?
- გადაწყვეტილია, რომ "აიას" დატოვებენ ტარიელ ჩხიკვაძე და ზურაბ ჟვანია, რომლებიც საფრანგეთში გააგრძელებენ კარიერას. ჩხიკვაძემ "კასტრთან" გააფორმა ხელშეკრულება, ჟვანია კი "სტად ფრანსეში" გადადის.

საუბარია, თორნიკე ლომიძის წასვლაზეც, თუმცა მისი ტრანსფერი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მათ ნაცვლად გუნდში ახალგაზრდები მოვლენ, რომლებსაც სეზონის დასაწყისში ქუთაისის "ბაგრატში" ვათამაშებდით და გამოცდილებას იქ იღებდნენ.

მათ რაც დავავალეთ ყველაფერი გააკეთეს და, ვფიქრობთ, რამდენიმე მათგანი უკვე "აიაში" თამაშისთვის მზად არის.

- ეს სეზონი "აიას" რამდენიმე ვეტერანმა მორაგბემ "ბაგრატში" დაიწყო. მაგალითად, ლევან შარვაშიძემ, ისინი ჩემპიონატშიც ამ გუნდში ითამაშებენ თუ "აიაში" დაბრუნდებიან?
- ყველანი ჩვენი გუნდის წევრები არიან და ჩემპიონატშიც დაგვეხმარებიან. მგეზავის პოზიციაზე ახალგაზრდა, გამოუცდელი მორაგბეები გვყავს და ამიტომ, ლევან შარვაშიძის იმედი წლეულსაც გვექნება. სწორედ ასეთი გამოცდილი მორაგბეების გვერდით ისწავლიან ბავშვები თამაშს და დროთა განმავლობაში ჩაენაცვლებიან კიდეც.

- უცხოეთიდან ხომ არ იბრუნებთ ლეგიონერებს?
- რაღაც ვარიანტები გვაქვს. ორ მორაგბეს უნდა ჩამოსვლა და მშობლიურ კლუბში თამაში, მაგრამ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის და მათი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ. აგვისტოში შეკრება გვექნება, გუნდი კი მანამდე საბოლოოდ გვეყოლება დაკომპლექტებული.

- რომელ პოზიციაზე უფრო სჭირდება "აიას" გაძლიერება?
- ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, მაგრამ სათანადო დონის მისაღწევად მათ მუხლჩაუხრელი შრომა ჭირდებათ. ფაქტია, რომ ძალიან გვიჭირს აუტის მოგება. თუ ეს კომპონენტი არ დავხვეწეთ, რთული იქნება თამაში, რადგანაც როცა აუტს აგებ, ბურთსაც კარგავ და უკვე, მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობ.

ასეთ შემთხვევაში, აღარც გაშლილი თამაში გამოგდის და აღარც დახურული. ეს სისუსტეები ყველაზე მეტად "არმიასთან" შეხვედრაში გამოჩნდა.

- ფიზიკურად გუნდს თითქოს უფრო მომატებული აქვს...
- ფიზმომზადების მწვრთნელის მოსვლამ გარკვეული შედეგი გამოღო. მან დიდი სამუშაო გასწია, ბევრს სწორად სირბილიც უჭირდა, ახლა კი მორაგბეები ნელ-ელა ყველაფერს ხვეწენ.

- ბოლოს, სავარჯიშო და ფინანსურ პირობებზეც გკითხავთ, როგორია მდგომარეობაა?
- შეგუებულნი ვართ, რომ სარაგბო კომპლექსის აშენებამდე "დინამოს" სტადიონზე ვივარჯიშებთ და ვითამაშებთ.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ქუთაისის მერია დაგვიდგა გვერდში და 60 000 ლარი გამოგვიყო. ჩვენი სპონსორი, "კავკასუს ონლაინიც" გვპირდება, რომ ფინანსური პრობლემები არ შეგვექმნება და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რ ა გ ბ ი იდეოლოგიის დონეზე უნდა ავიყვანოთ საქართველოში ,რომ მამაცი,გულწრფელი,პირდაპირი,კეთილშობილი და ჯანსაღი თაობები წამოვიდეს მომავალში,ერთ-ერთი მძლავრი საშუალება,რომ შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა,ეროვნული ღ ი რ ს ე ბ ა ამ გლობალიზირებულ თანამედროვე,უსახურ სამყაროში...ეროვნული ჩემპიონატის კლუბები ფინანსურად ისე უნდა გაძლიერდნენ,რომ მოთამაშეებს მინისტრებზე ნაკლები ხელფასები არ ქონდეთ...საერთოდ ვოცნებობ,რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ჩემპიონატი თავისი ინტერესითა და ავტორიტეტით არ ჩამოუვარდებოდეს საფრანგეთის,ინგლისისა ზელანდიის ჩემპიონატს!!!--მიდით ბიჯებო შემართებით! ერი აღტაცებით გიყურებთ...
glaxuna
15:28 02-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული