რა სტრატეგიული გეგმა აქვს საქართველოს რაგბის კავშირს?

AutoSharing Option
თანამედროვე საქართველოში რაგბი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.

ოვალური ბურთით თამაშის ჩვენში ასეთ განვითარებას კი წინ უძღოდა მრავალი თაობის თავგანწირული და უანგარო გარჯა. მათ უმძიმესი პრობლემების გადალახვა მოუწიათ და სჯეროდათ, რომ სათანადო მხარდაჭერის პირობებში ქართული რაგბი ღირსეულ ადგილს დაიკავებდა მსოფლიოს რაგბის ერთიან ოჯახში.

ქართული რაგბის თაობათა გარჯა დაფასდა. ახლახან საქართველოს ნაკრები განვითარებული სარაგბო ქვეყნების ეროვნული გუნდების რიგებში გადაიყვანეს და ამიერიდან ტესტებს მოწინავე ნაკრებებთან გამართავს.

ყოველივე ამის მიღწევა კი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საქართველოს რაგბის კავშირის მიზანმიმართული, თანმიმდევრული განვითარების პოლიტიკა, რომელმაც
ქართულ რაგბიში ბევრი სასიკეთო სიახლე მოიტანა.

საქართველოს რაგბის კავშირმა შეიმუშავა ქვეყანაში რაგბის განვითარების ახალი ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც, ალბათ, თავისი შინაარსითა და სტრუქტურული წყობით სამაგალითო უნდა გახდეს სპორტის სხვა სახეობების ხელმძღვანელი ორგანოებისთვის.

ვფიქრობთ, რაგბის ქომაგებისთვის საინტერესო იქნება გავაცნოთ, რა გეგმები აქვს რაგბის კავშირს მომდევნო ოთხწლიან ციკლში.

* * *
საქართველოში რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. პირველში აღწერილია, თუ რა პროექტები განხორციელდა განვლილ ოთხ წელიწადში, ხოლო მეორე ნაწილი მთლიანად მომავლის გეგმებს დაეთმო.

საქართველოს რაგბის კავშირი თავის საქმიანობაში, ისევე, როგორც განვლილ ოთხწლეულში, პრიორიტეტულად ამჯერადაც ორ მიზანს ისახავს:

1. რაგბი უნდა გახდეს საერთო ეროვნული, სახალხო თამაში
2. საქართველოს ნაკრებმა უნდა დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის.

რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმა ორ ნაწილად იყოფა: საშინაო და სანაკრებო რაგბი. ახალ, ოთხწლიან ციკლში საქართველოში რაგბის განვითარების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება შიდა რაგბის განვითარება, რომლის გარეშეც გამორიცხულია მეორე პრიორიტეტული მიმართულების, სანაკრებო რაგბის წინსვლა.

საქართველოს ჩემპიონატი
გაიზარდა კლუბების რაოდენობა, რაც ძირითადად, რაგბის მზარდი პოპულარობითა და სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე დაფინანსების გაზრდამ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესის დაწყებამ, საგანმანათლებლო პროგრამების ამუშავებამ.

ყოველივე ამან საგრძნობლად აამაღლა შეჯიბრებების ხარისხი, გაიზარდა მოთამაშეთა რაოდენობა.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს არსებობს მიღწულით კმაყოფილების საფუძველი, მაგრამ რეალობის ზუსტი ანალიზი გვიჩვენებს, რომ იმ სტანდარტების მიღწევამდე, რომელიც ქართულ რაგბის უმაღლეს საერთაშორისო დონეზე აიყვანს, დიდი გზაა გასავლელი.

კლუბები
ქვეყანაში არსებული სარაგბო გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით, წარმოადგენს გაუმართავ და სუსტ ერთეულებს.

დაფინანსების მოზიდვა საკლუბო დონეზე დღეს საქართველოში ურთულესი საქმეა. რომ არა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული საპრიზო ფონდის განაწილება უმაღლესი ლიგის ათ გუნდზე, ორი-სამი გამონაკლისის გარდა, დანარჩენი გუნდები ჩემპიონატში ვერ იასპარეზებდნენ.

ბევრად უარესი მდგომარეობაა პირველ ლიგაში, რადგან ამ ლიგას სახელმწიფო არ აფინანსებს. გუნდების უმრავლესობას არ გააჩნია სავარჯიშო და საშეჯიბრო ინფრასტრუქტურა, შესატყვისი სამედიცინო მომსახურება და სრეაბილიტაციო ცენტრები.

საქართველოში დღეისთვის 67 სარაგბო კლუბია. აქედან:

სტრუქტურირებული, ანუ კლუბი, რომელსაც ჰყავს კაცთა, ჭაბუკთა და მინიმუმ ორი საფესტივალო გუნდი ასაკობრივ კატეგორიაში - 10.

ნაწილობრივ სტრუქტურირებული, ანუ კლუბი, რომელსაც აკლია რომელიმე ასაკობრივი კატეგორიის გუნდი - 5.

არასტრუქტურირებული, ანუ კლუბი, რომელსაც ერთი ან ორი ასაკობრივი კატეგორიის გუნდი ჰყავს - 52.

ლიცენზირებული მოთამაშეები
2012 წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში 6 161 ლიცენზირებული მორაგბე ირიცხებოდა (2007 წლის ბოლოს - 2 300), რაც აჭარბებს რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ დაწესებულ აუცილებელ მინიმუმს (მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0.1 პროცენტი).

ამ მაჩვენებლით საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებს, მაგრამ ჩამორჩება მოწინავე სარაგბო ქვეყნებს.

საქართველოში რაგბის პოპულარობის დონის გათვალისწინებით, მოთამაშეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დროის მოკლე მონაკვეთში სავსებით რეალურია, თუმცა თუ პარალელურად არ განვითარდა მოთამაშეთა მომსახურე კვალიფიციური სპეციალისტების (მწვრთნელები, მსაჯები, ექიმები, მენეჯერები) რაოდენობა, შესაბამისი სარაგბო ინფრასტრუქტურა და დაფინანსება, მხოლოდ მოთამაშეთა რაოდენობის ზრდა შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.

ლიცენზირებული მწვრთნელები
ამჟამად საქართველოში 191 მოქმედი მწვრთნელია. ამათგან ლიცენზია 147-ს აქვს, რაც საჭირო რაოდენობის 40-45 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში რაგბის განვითარების ახალი ოთხწლიანი ციკლი უნდა გახდეს სარაგბო პროცესში ჩართული სპეციალისტებისა და მოთამაშეებისთვის თანამედროვე ცოდნის შეძენის ოთხწლეული.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად რაგბის კავშირმა შექმნა "განვითარების მენეჯერთა ჯგუფი", რომლის წევრებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება, ფლობენ მინიმუმ ერთ უცხო ენას და რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო სემინარებსა და გაცვლით პროგრამებში.

სწორედ ამ ჯგუფის მიერ შეიქმნა და გამოიცა სახელმძღვანელო სხვადასხვა დონის მწვრთნელებისთვის.

მომდევნო ოთხწლიან ციკლში აუცილებელია განვითარების მენეჯერთა ჯგუფის გაზრდა, მათ შორის, ქალბატონებისა და რეგიონების წარმომადგენელთა ხარჯზე. ასევე აუცილებელია მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

ამ ჯგუფის ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, ლიცენზირებული მწვრთნელების დეფიციტი დაძლეულ უნდა იქნას, რაც საშუალებას მოგვცემს, 8-10 მოთამაშეზე 1 ლიცენზირებული მწვრთნელი გვყავდეს.

ლიცენზირებული მსაჯები
ლიცენზირებული მსაჯების დეფიციტი და მათი კვალიფიკაციის დონე წლების განმავლობაში რჩება ქართული რაგბის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად, რომლის დროულად გადაუჭრელობამ შეიძლება უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ამისთვის საჭიროა ძალისხმევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით:

ახალგაზრდა კადრების მოზიდვა - ამ პრობლემის მოსაგვარებლად უწინარესად აუცილებელია გაიზარდოს მსაჯის, როგორც პროფესიის პრესტიჟი.

ეს არის კომპლექსური პრობლემა და მისი მოგვარება რაგბის კავშირის რამდენიმე კომიტეტის კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს:

- უნდა გამკაცრდეს სანქციები მსაჯის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულებისთვის.
- უნდა გაიზარდოს მსაჯთა მატერიალური და მორალური წახალისების დონე.
- საუკეთესო მსაჯები გულშემატკივრებისთვის ცნობილი პიროვნებები უნდა გახდნენ.
- პერსპექტიული მსაჯები საზღვარგარეთ ოფიციალურ შეჯიბრებებზე მომავალ დელეგაციებში უნდა ჩავრთოთ.
- უცხო ენის მცოდნე მსაჯები რეგულარულად უნდა მივავლინოთ საერთაშორისო სტაჟირებასა და სემინარებზე.
- ყველა ამ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში 2015 წლისთვის გვეყოლება 75 ლიცენზირებული მსაჯი.

სარაგბო ინფრასტრუქტურა
სავარჯიშო და სათამაშო მოედნების არქონა ქართული რაგბის ძირძველი პრობლემაა. თაობები იზრდებოდნენ და ახლაც იზრდებიან აბსოლუტურად არასტანდარტულ, უხარისხო და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის სახიფათო მოედნებზე, სკვერებში, პარკებში, იპოდრომზე და ასე შემდეგ.

2009 წლიდან მოყოლებული, სიტუაცია იცვლება და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" უპრეცედენტო პროექტის მიხედვით, საქართველოში აშენდება 23 სარაგბო ბაზა სახელმწიფოს მიერ უფასოდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე.

ამჟამად ორი კომპლექსი, "შევარდენის სანაკრებო ბაზა" და "ავჭალის სარაგბო სტადიონი" უკვე აშენებულია. ექვსი მშენებლობის პროცესშია. ესენია: რუსთავი - სარაგბო კომპლექსი, მარტყოფი - სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, ქუთაისი - სარაგბო კომპლექსი, დიდი დიღომი - სარაგბო კომპლექსი, ასპინძა - სარაგბო კომპლექსი, ფოთი - სარაგბო კომპლექსი.

დაგეგემილია სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თელავში, გორში, სენაკში, ბათუმში. ასევე - 12 ტიპური სარაგბო კომპლექსი თბილისში.

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პროექტით აშენებული საკმაოდ ძვირადღირებული ბაზების პარალელურად, უნდა დაიწყოს იაფი, მარტივი ტიპის სარაგბო მოედნების მშენებლობა მთელ საქართველოში.

საბოლოო მიზანი უნდა იყოს საქართველოს მასშტაბით ყველა სარაგბო კლუბის, სათამაშო და სავარჯიშო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.

ბავშვთა და მოზარდთა რაგბი
დღეისთვის საქართველოში დადასტურებული საბუთებით, საფესტივალო და ჭაბუკთა ლიგებში (8-დან 18 წლამდე) 4 673 მორაგბეა დარეგისტრირებული. მათი რაოდენობა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა.

ეს პოზიტივი შედეგია, თუმცა ამავე დროს, ძალზე წინდახედულ და გეგმაზომიერ ქმედებებს მოითხოვს რაგბის კავშირისგან. კერძოდ, რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, აუცილებელია კვალიფიციურ მწვრთნელთა, მსაჯთა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის დეფიციტის აღმოფხვრა.

მოკლევადიან პერსპექტივაში აუცილებელია:

- საფესტივალო ასაკის ყველა გუნდის უზრუნველყოფა სათამაშო პრაქტიკით.
- საზაფხულო სარაგბო ბანაკების სტრუქტურის ჩამოყალიბება.
- ჭაბუკთა A და B ლიგებში შეიქმნას ორსაფეხურიანი, რეგიონალური და რესპუბლიკური პირველობების გათამაშების სისტემის შექმნა.
- აუცილებელია საფესტივალო და ჭაბუკთა ასაკის ყველა მორაგბის სრულფასოვანი სამედიცინო დაზღვევა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა.

სასკოლო და სტუდენტური რაგბი
სასკოლო რაგბი წარმოადგენს ლიცენზირებულ მოთამაშეთა რაოდენობის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან რეზერვს. საქართველოში არის 2 600 საჯარო და კერძო სკოლა, სადაც დაახლოებით 600 ათასი მოსწავლეა.

აქამდე რაგბი ხუთ სკოლაში ისწავლებოდა. ახალი სტრატეგიული გეგმის მიხედვით:

- ქვეყნის მასშტაბით რაგბი მინიმუმ 34 სკოლაში დაინერგება.
- მოთამაშეთა რაოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. შეიქმნება სასკოლო ლიგა.
- ჩატარდება რეგიონალური და ეროვნული სასკოლო პირველობები.

მთლიანად პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ლიცენზირებულ მოთამაშეთა რაოდენობა მინიმუმ 25%-ით გაიზრდება.

სტუდენტური რაგბი, რომელიც საქართველოში სპორტის ამ სახეობის სათავეებთან იდგა და ათეული წლების განმავლობაში მის მთავარ მკვებავ წყაროს წარმოადგენდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში მთლიანად გაქრა ასპარეზიდან.

სტუდენტური რაგბის აღორძინება რაგბის კავშირის განვითარების გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამისთვის აუცილებელია სტუდენტური რაგბის განვითარების მაკოორდინირებელი ორგანოს (სტუდენტური ლიგა) შექმნა:

- მწვრთნელთა მომზადება სტუდენტური გუნდებისთვის.
- კლუბების დაფუძნება იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ეს ახლავე არის შესაძლებელი.
- უნივერსიადების ტრადიციის აღდგენა.

საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია:

- საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში სარაგბო კლუბის ჩამოყალიბება.
- რეგიონული სტუდენტური შეჯიბრებების ჩატარება.
- რეგიონული სტუდენტური ნაკრები გუნდების ჩამოყალიბება.
- საქართველოს სტუდენტური ნაკრების შექმნა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ლიცენზირებულ მოთამაშეთა რაოდენობა მინიმუმ 1500 მორაგბით გაიზრდება.

გაგრძელება იხილეთ
გაზეთ "ლელოს" 21 დეკემბრის ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ქართული რაგბის ინტერესები უმთავრესია
2015 წლის მსოფლიო თასის წი­ლი ნა­ყა­რია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი იქნებოდა ზუგდიდშიც გახსნილიყო სარაგბო სკოლა.იყო ერთ დროს მაგრამ ბოლოს არავინ დაგვაფინანსა....
zaza malazonia
23:45 20-12-2012
0
ბევრჯერ ვცადეთ ,მაგრამ არაფერი გამოვიდა.
zaza malazonia
23:46 20-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული