რა სტრატეგიული გეგმა აქვს საქართველოს რაგბის კავშირს? [II ნაწილი]

AutoSharing Option
თანამედროვე საქართველოში რაგბი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.

ოვალური ბურთით თამაშის ჩვენში ასეთ განვითარებას კი წინ უძღოდა მრავალი თაობის თავგანწირული და უანგარო გარჯა. მათ უმძიმესი პრობლემების გადალახვა მოუწიათ და სჯეროდათ, რომ სათანადო მხარდაჭერის პირობებში ქართული რაგბი ღირსეულ ადგილს დაიკავებდა მსოფლიოს რაგბის ერთიან ოჯახში.

ქართული რაგბის თაობათა გარჯა დაფასდა. ახლახან საქართველოს ნაკრები განვითარებული სარაგბო ქვეყნების ეროვნული გუნდების რიგებში გადაიყვანეს და ამიერიდან ტესტებს მოწინავე ნაკრებებთან გამართავს.

ყოველივე ამის მიღწევა კი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საქართველოს რაგბის კავშირის მიზანმიმართული, თანმიმდევრული განვითარების პოლიტიკა, რომელმაც
ქართულ რაგბიში ბევრი სასიკეთო სიახლე მოიტანა.

საქართველოს რაგბის კავშირმა შეიმუშავა ქვეყანაში რაგბის განვითარების ახალი ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც, ალბათ, თავისი შინაარსითა და სტრუქტურული წყობით სამაგალითო უნდა გახდეს სპორტის სხვა სახეობების ხელმძღვანელი ორგანოებისთვის.

ვფიქრობთ, რაგბის ქომაგებისთვის საინტერესო იქნება გავაცნოთ, რა გეგმები აქვს რაგბის კავშირს მომდევნო ოთხწლიან ციკლში.

იხილეთ დასაწყისი

შვიდკაცა რაგბი
შვიდკაცა რაგბის ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მყარია. წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრები შვიდკაცა რაგბიში სერიოზულ წარმატებებს აღწევდა საერთაშორისო ასპარეზზე. წარმატებები იყო ბოლო პერიოდშიც. თუმცა რაგბის ამ ნაირსახეობას ყოველთვის აკლდა ყურადღება, სტაბილურობა და სათანადო დაფინანსება.

Sportall.Geმას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შვიდკაცა რაგბი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევიდა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, არცთუ ძლიერი სარაგბო ტრადიციების მქონეებმა, აქცენტი შვიდკაცა რაგბის განვითარებაზე გადაიტანეს.

ბრაზილიაში ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი ქართული სპორტის სათამაშო სახეობებიდან ყველაზე მეტად რაგბის აქვს. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება იმ მწირი დაფინანსების პირობებში, რასაც აქამდე ოლიმპიური კომიტეტი გამოჰყოფდა.

ახალ ოლიმპიურ ციკლში (2012-2016 წლები) შვიდკაცა რაგბისთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება რაგბის კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ახალი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირმა შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს შვიდკაცა და თხუთმეტკაცა რაგბის პარალელურ განვითარებას ისე, რომ შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ავტონომიურად შეძლოს ფუნქციონირება.

ამ მიზნის მისაღწევად შემდეგი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება:

- სამეტაპიანი შიდა ჩემპიონატის ჩატარება.
- ნაკრების კანდიდატთა 30-კაციანი ჯგუფის შეკრება.
- სპეციალიზებული ჯგუფების გახსნა თბილისის და ქუთაისის სარაგბო აკადემიებში.
- ნაკრების მონაწილეობის უზრუნველყოფა საწვრთნელ და ოფიციალურ ტურნირებში.
- ნაკრების მოთამაშეებისთვის მატერიალური მოტივაციის შექმნა.

ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს:

- შევქმნათ შიდა ჩემპიონატის ისეთი სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს შვიდკაცა რაგბის ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევას.
- იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან თხუთმეტკაცა ეროვნულ და A ნაკრებებში, შევქმნათ დამატებითი მოტივაცია.
- შვიდკაცა რაგბის ნაკრები გავხადოთ ეროვნული ნაკრების რეზერვი, განსაკუთრებით კი, სპეციფიკური სათამაში პოზიციებისთვის.

ქალთა რაგბი
Sportall.Geსაქართველოში ქალთა პირველი გუნდი 2006 წელს შეიქმნა. მაშინ რაგბის სულ ათიოდე გოგონა თამაშობდა და ყველა მათგანი თბილისელი იყო.

მას შემდეგ ქალთა რაგბი საქართველოში დინამიკურად ვითარდება.

დღეისთვის თბილისში, ქუთაისში, სენაკსა და ბათუმში რაგბის 60-ზე მეტი გოგონა თამაშობს. პირველ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ქალთა ნაკრებიც, რომელიც ყოველწლიურად აუმჯობესებს შედეგებს.

იმ დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც რაგბის საერთაშორისო საბჭო ქალთა რაგბის განვითარებას ანიჭებს, რაგბის კავშირმა შეიმუშავა შესაბამისი პროგრამა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, მოთამაშე ქალთა რაოდენობის 200-მდე გაზრდას და შვიდკაცა რაგბიში 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას ისახავს მიზნად.

სამოყვარულო რაგბი და მასობრიობა
საქართველოს რაგბის კავშირის სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი სამოყვარულო ლიგის ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად ძალზე რთული და შრომატევადი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო, თუმცა პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

ზემოთ ნახსენები სასკოლო და სტუდენტური რაგბის გარდა, სამოყვარულო რაგბის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რაგბის ეგრეთ წოდებული ადაპტირებული სახეობები: ქვიშის რაგბი, თოვლის რაგბი, თაჩ რაგბი, რაგბი ლენტებით.

ქვიშისა და თოვლის რაგბის ტურნირები ძალიან სახალისოა. ისინი გარკვეულწილად შოუს ხასიათს ატარებენ და ძალიან ბევრ მაყურებელს იზიდავენ. ასეთი ტურნირები თავისი ხასიათით ძალიან დემოკრატიულია. თამაში ყველას შეუძლია, ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც მანამდე რაგბის ბურთი ხელში არასდროს ჭერიათ.

რაგბის ადაპტირებული სახეობები არა მარტო რაგბის ზოგად პოპულარიზაციას ეწევიან, არამედ ხელს უწყობენ რაგბის ქომაგთა დიდი ჯგუფის შექმნას.

ქვიშის რაგბი იმდენად პოპულარული გახდა საქართველოში, რომ 2011 წელს ბათუმში გამართულ ტრადიციულ ტურნირზე თვრამეტმა გუნდმა ითამაშა. ხოლო საქართველოს ნაკრებმა ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა საფრანგეთში.

სოციალური პროექტები
რაგბი არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა. ის უნდა განიხილებოდეს, როგორც მრავალი ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტის რეალიზების ინსტრუმენტი.

დღესდღეობით რაგბის კავშირი რამდენიმე ასეთ პროექტს ახორციელებს:

- თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ნაწილებში მიმდინარეობს რაგბის სწავლება, რაც ქართველ სამხედროთა გაწვრთნის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი უნდა გახდეს.
- ხორციელდება რაგბის თამაშის სწავლების პროექტი ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა კოლონიაში. ამ პროექტის მიზანია აზიაროს არასრულწლოვანი მსჯავრდებულები რაგბის ფასეულობებს, გაწვრთნას ისინი ფიზიკურად და სულიერად. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მოხდეს მათი სრულფასოვანი რეინტეგრაცია საზოგადოებაში სარაგბო კლუბებში განაწილებით, სადაც მათზე, ერთი მხრივ, იზრუნებენ, ხოლო მეორე მხრივ, გააკონტროლებენ.
- საგურამოს ობოლ ბავშვთა სახლში ჩამოყალიბდა სარაგბო გუნდი, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან. იმავდროულად, რაგბის კავშირმა დააწესა მეურვეობა ამ ბავშვთა სახლზე და შეძლებისდაგვარად ცდილობს, დაეხმაროს მატერიალურადაც.

უახლოეს მომავალში რაგბის კავშირს განზრახული აქვს, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში დაიწყოს სარაგბო პროექტების განხორციელება, მაგრამ სახელმწიფოს დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება.

II ნაწილი
სანაკრებო რაგბი, ნაკრები გუნდები
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდები ქართული რაგბის სახეს წარმოადგენენ. მათ წარმატებაზე ბევრად არის დამოკიდებული როგორც რაგბის პოპულარობა და მისი ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო სარაგბო ინსტიტუტების ყურადღება და მხარდაჭერა ქართული რაგბის შემდგომი განვითარებისთვის.

რაგბის კავშირის სტრატეგიულ გეგმაში სანაკრებო რაგბი მეორე უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა და კვლავ გაკეთდება ამ მიმართულების განვითარებისთვის და შედეგად გვაქვს ის წარმატებები, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს.

Sportall.Geსაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ სამჯერ მოიპოვა მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება და 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის შემდეგ სპეციალისტებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად პროგრესირებად გუნდად.

უდიდესი წარმატება იყო საქართველოს A ნაკრები გუნდის შექმნა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, როგორც არასდროს, საქართველოს ყველა (ცხრა) ასაკობრივი ნაკრები უზრუნველყოფილია საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიერ აშენებული "შევარდენის სანაკრებო ბაზა" სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. ყველა გუნდი უზრუნველყოფილია ეკიპირებით, სამედიცინო მომსახურებით, შესაბამისი შეკრებებით, კვალიფიციური მწვრთნელებითა და მენეჯერებით.

მიუხედავად ამისა, ბევრი რამ არის დასახვეწი და მოსაგვარებელი. აქედან გამომდინარე, შემდგომ ოთხწლიან ციკლში ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება ნაკრები გუნდების საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზაციული მხარის დახვეწის, სამწვრთნელო შტაბის მაღალი კლასის სპეციალისტებით დაკომპლექტებისა და ამისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისკენ.

ოთხწლიან ციკლში საქართველოს ნაკრები გუნდების წინაშე შემდეგი ამოცანებია დასახული:

ეროვნული ნაკრები
- ევროპის ერთა თასზე წარმატებული გამოსვლა და 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება.
- 2015 წლის მსოფლიოს თასზე მინიმუმ ორი თამაშის მოგება.
- 2013 წლიდან თბილისის ტრადიციულ ტურნირში წარმატებული გამოსვლა.

საქართველოს A ნაკრები
- ოპტიმალური რაოდენობის საერთაშორისო ამხანაგური თამაშის ჩატარება, კანდიდატების შემოწმება და ეროვნული ნაკრებისთვის შეთავაზება.

20-წლამდელთა ნაკრები
- მსოფლიოს ალაფის მოგება და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

19-წლამდელთა ნაკრები
- ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა

18-წლამდელთა ნაკრები
- ევროპის ექვს ერში ადგილის დამკვიდრება

17-წლამდელთა ნაკრები
FIRA AER-ის ევროპის ჩემპიონატის მოგება

15-წლამდელთა ნაკრები
- ლიონისა და კორსიკის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოსვლა.

შვიდკაცა ნაკრები
- ევროპულ ტურნირებსა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარებული მსოფლიოს სერიის ტურნირებში წარმატებული გამოსვლა. 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება.

სარაგბო აკადემია
ქართული რაგბის განვითარებაში სარაგბო აკადემიის როლი ძალიან დიდია.

აქ თავმოყრილნი არიან საუკეთესო სპეციალისტები და მწვრთნელები, რომლებიც გამოცდილი უცხოელი პროფესიონალების ხელმძღვანელობით მუშაობენ ასაკობრივ ნაკრებ გუნდებთან, იღებენ და გადასცემენ თანამედროვე სარაგბო ცოდნას, ეწევიან სასელექციო მუშაობას. ძალზე მნიშვნელოვანი იყო აკადემიის მუშაობაში განვითარების მენეჯერთა ჯგუფის ჩართვა.

სარაგბო აკადემიის გამართულ და ეფექტურ მუშაობაზე ბევრადაა დამოკიდებული საქართველოში რაგბის შემდგომი განვითარება. აქედან გამომდინარე, რაგბის კავშირმა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ აკადემიას გაუჩნდეს სერიოზული, დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

პერსპექტივაში, სარაგბო აკადემიამ უნდა იტვირთოს სარაგბო პროცესში ჩართული ყველა პირის განსწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის როლი.

ბიუჯეტი
ის წარმატებები, რასაც ქართულმა რაგბიმ მიაღწია, მნიშვნელოვნად განაპირობა რაგბიში მოზიდულმა უპრეცედენტო დაფინანსებამ.

რომ არა საქართველოში რაგბის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი და ფინანსური მხარდაჭერა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს უმაგალითო პოლიტიკური მხარდაჭერა და გაზრდილი გრანტები, რაგბის ერთგული სპონსორების დახმარება - ვერც ერთი პროგრამა, რომელმაც ქართული რაგბის პროგრესი გამოიწვია, ვერ განხორციელდებოდა.

აქედან გამომდინარე, ქართული რაგბის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დახმარებისა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" პროექტების გაგრძელება.

სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამა
2012 წელი - 4 000 000 ლარი
2013 წელი - 4 700 000 ლარი
2014 წელი - 4 800 000 ლარი
2015 წელი - 6 500 000 ლარი
2016 წელი - 500 000 ლარი
სულ: 20 500 000 ლარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ქართული რაგბის ინტერესები უმთავრესია
2015 წლის მსოფლიო თასის წი­ლი ნა­ყა­რია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინდა ავღნიშნო, რომ ზემოთ ხსენებულ წერილში მოხსენიებული სპონსორი 'ქართუ" რამდენჯერმე არის ნახსენები და ფედერაცია თურმე მადლიერი ყოფილა ამ ორგანიზაციის, დიახ ეს ასეა , მაგრამ ნაც- მოძრაობის დროს ერთხელ არ იყო ნახსენები ეს ორგანიზაცია, ახლა რომ ემადლიერება ეს ფედერაცია, რა ხდება ვაზელინობა კარგი რამ არის არა? ივანიშვილის ადგილზე კაპიკს არ გავიღებდი თქვენთვის, სათანადო ვაჟკაცობა არ გეყოთ მაშინ , გვერდში რომ დადგომოდით, ბაგრამ ის კაცი დიდსულოვანია ჩემზე და ყველაზე და იმიტომ გეხმარებათ, აფერუმ მის კაცობას!!!
კახა კაპანაე კლაპანა
22:37 21-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული