საქართველოს შვიდკაცა რაგბი: გზა ჰონგ კონგიდან ლონდონამდე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჰონგ კონგში მიმდინარე მსოფლიოს სერიის შესარჩევ ტურნირში მოწინავე ოთხეულში გააღწია და მომდევნო ეტაპზე, ლონდონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ინგლისის დედაქალაქში ჩვენს მეშვიდკაცეებს ამჯერად სამეულში გასვლა მართებთ, რათა მომავალი წლის მსოფლიოს სერიის საგზური მოიპოვენ.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" პირველ მატჩში იამაიკის ნაკრებს ხუთი ლელო გაუტანეს და 27:17 დაამარცხეს. ჩვენი გუნდიდან ორ-ორი ლელო ვიქტორ კოლელიშვილმა და ირაკლი მაჩხანელმა მიითვალეს, ერთიც თედო ზიბზიბაძის ანგარიშზეა.

შეჯიბრების მეორე დღე ჩვენი გუნდისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. მომდევნო მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იყო, რომელსაც პირველი ტაიმი ლაშა ხმალაძისა და გიორგი
ფრუიძის ლელოების წყალობით 14:0 მოვუგეთ. როგორც ჩანს, ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს და მეტოქეს მდგომარეობის გამოსწორების საშუალება მისცეს. მატჩი საბოლოოდ ფრედ 19:19 დასრულდა.

ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა იაპონიის გუნდთან გამართა და, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ კოლელიშვილის ლელოთი მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა 7:0, ბოლოს მაინც წააგო - 7:26.

ამდენად "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ძალიან გაუმართლათ, რომ მესამეადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ, რადგან მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

პლეი ოფის ამ ეტაპზე მეტოქე ისევ იაპონიის ნაკრები იყო. ეს მატჩი შეჯიბრების მესამე დღეს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა შესნიშნავად ითამაშა. ქართველმა მორაგბეებმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს შანსი არ დაუტოვეს და მშრალი ანგარიშით - 17:0 დაამარცხეს.

მიზანი მიღწეულია. "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ტონგას ძლიერ ნაკრებთან 7:19 წააგეს. ტონგელები ფინალში მოულოდნელად 19:22 დამარცხდნენ ზიმბაბვეს ნაკრებთან, რომელმაც მანამდე ნახევარფინალში რუსებსაც მოუგო - 19:5. მაისში, ლონდონში თამაშის უფლება სწორედ ამ ოთხეულმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა ხმალაძე (ლელო), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი), გიორგი ფრუიძე, ზუაბ ძნელაძე (ორივე-აია), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე (ორივე-არმია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალეთ ბიჭებო სამშობლოს ასე რომ ასახელებთ იპონელებზე მოგება გამიხარდა ყველაზე მეტად.
vendeta
16:39 26-03-2013
0
დაწერეთ გარკვევით, რომელ ოთხეულზეა საუბარი, რა გაახურეთ საქმე.
levani kaxeti
17:16 26-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული