მალე საქართველო მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყანა გახდება

AutoSharing Option
ქართული რაგბის თემს ახლახან რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, განვითარებისა და სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი და ევროპის რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან კლოდ ბაკე სტუმრობდნენ. სტუმრებმა თბილისში სარაგბო აკადემია გახსნეს, მშენებარე ავჭალის სარაგბო სტადიონი მოინახულეს და ქვეყნის უმაღლესი რანგის პირებს შეხვდნენ.

სამწუხაროდ, ლაპასესა და ბაკეს ვიზიტი მოკლევდიანი იყო. სამაგიეროდ მარკ იგანი, რომელიც ქართული რაგბის დიდი მეგობარი და მეოხია, თბილისში სამ დღეს დარჩა და მასთან, თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე დეტალურად ვისაუბრეთ.

ცოტა რამ მარკ იგანზე. ის ეროვნებით ირლანდიელია.
რაგბის ბავშვობიდან თამაშობდა, ჯერ ტერენარის კოლეჯში, მერე ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას ამ სასწავლებლის სარაგბო გუნდ "ბლუზის" კაპიტანი გახლდათ. განათლების მიღების შემდეგ იგანი იაპონიაში გადაბარგდა და წლების განმავლობაში "კობელკო სტილერსის" ღირსებას იცავდა.

- ბატონო მარკ, მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით. რაგბის კავშირის ხელმძღვანელებისაგნ ბევრი გვსმენია თქვენ შესახებ, ფაქტობრივად, IRB-ში ქართული რაგბის ლობისტი ბრძანდებით, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ.
- განსკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ეს ჩემი სამსახურია და მოვალე ვარ, რაგბის განვითარების მსურველ ქვეყანას გვერდში დავუდგე, დავეხმარო. საქართველოს ამის დიდი სურვილი რომ გააჩნია, ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

- იქნებ ცოტა უფრო დეტალურად გვითხრათ, რა ნახეთ და როგორ შეფასებას მისცემთ ზოგადად საქართველოს რაგბის კავშირის მუშაობას?
- საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ჩვენ შემუშავებული გვქონდა განვითარების ოთხწლიანი გეგმა, რომლის მიმდინარეობის მონიტორინგსაც IRB ყოველწლიურად ახორციელებდა. მოხარული ვარ, რომ რაც დავსახეთ, მივაღწიეთ.

უწინარესად საჭირო იყო რაგბის კავშირის სტრუქტურული გამართვა. სამუშაოდ კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც შესანიშნავად განხორციელდა და დღესდღეობით რაგბის კავშირში მაღალი დონის პროფესიონალები საქმიანობენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის თანხები, რასაც დამატებით გამოვყოფთ, მიზანმიმართულად დაიხარჯოს. შევთანხმდით სარაგბო აკადემიის გახსნის თაობაზე, ბავშვთა და ოცწლამდე მორაგებთა განვითარების სისტემის შექმნაზე, რაზეც დღესდღეობით რიჩი დიქსონი და ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი მუშაობს. აკადემიაც გაიხსნა, ძალისხმევას არც სპორტული მედიცინის გაუმჯობესებასვაკლებთ. ვფიქრობ, რომ 19-წლამდელთა ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის მოგება ყოველივე ამის ლოგიკური შედეგია.

მესამე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხარდაჭერა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის, რაც საქართველოში ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მსგავსი არსად მინახავს. ჩვენ შევხვდით როგორც მთავრობის, ისე საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" წარმომადგენლებს. გასაოცარია მათი მონდომება და ძალისხმევა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ გეგმაშია 21 სარაგბო სტადიონის მოწყობა. ეს ქართული რაგბისთვის გაღებული სერიოზული ინვესტიციაა.

კიდევ ერთი თემაა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, მწვრთნელების კვალიფიკაცია. პროგრესი მოსალოდნელზე მეტია. ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა ახალი შტაბით, მათი წევრების პროფესიონალიზმით. ქების ღირსია სტრუქტურაც, რაც მათ შექმნეს.

- თქვენ ახლოს იცნობთ განვითარების იმ სტრატეგიას, რაც საქართველოს რაგბის კავშირს აქვს. ნახეთ ახლგახსნილი რაგბის აკადემია. რას შეცვლიდით, უკეთ რომ ვთქვათ, რა რეკომენდაციას მისცემდით ქართველ კოლეგებს?
- ვერაფერს შევცვლიდი. შესანიშნავი სტრატეგიაა. კარგია, აკადემიაში ორივე სახის საფარიანი მოედნები რომ კეთდება. რაგბის კავშირს სწორად აქვს შერჩეული რეგიონები და ქალაქები, სადაც სტადიონები უნდა აშენდეს.

რაგბის კავშირს მნიშვნელოვანი სირთულეების დაძლევა ამ სტადიონის აშენების შემდეგ მოუწევს. საჭირო იქნება გამართული მენეჯმენტი, მაღალი დონის მწვრთნელები, მსაჯები, მატჩის მომსახურე პერსონალი. სავარჯიშოდ ძალიან ბევრი ბავშვი მოვა და სათანადო დონის სპეციალისტები უნდა დავახვედროთ. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვარდეს, სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ავტომატურად იმუშავებს. ირლანდიაში 100 ათასი რეგისტრირებული მორაგბეა, ამდენივეა შოტლანდიაში. ჩვენი მიზანია, საქართველოში მორაგბეთა რაოდენობა 20-30 ათასამდე გავზარდოთ.

- რაგბის კავშირს სახელმწიფო განვითარების ოთხწლიანი გეგმით გათვალისწინებული სახსრებით ეხმარებოდა. თქვენ შეხვედრა გქონდათ პრემიერ მინისტრთან. თუ მიიღეთ მისგან გარანტია, რომ დახმარება, მინიმუმ იმავე ოდენობით, შემდგომ ოთხწლიან ციკლშიც (2012-2015 წლები) გაგრძელდება.
- ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტია, რომ დახმარება გაგრძელდება. თანხის რაოდენობა არა თუ უნდა შენარჩუნდეს, უნდა გაიზარდოს. ქვეყნებში, რომლებიც დღესდღეობით საქართველოზე წინა არიან, რაგბი განუხრელად ვითარდება და თუ ქართულ რაგბის დაფინანსება შეუწყდა, დონეებს შორის განსხვავება მეტად გაიზრდება. მერე დაწევა ძალიან გაჭირდება. ამიტომ საჭიროა მეტი ინვესტიციები. ჩვენთვის ზუსტი ციფრი არ უთქვამთ, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაგბის ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება.

- ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთ-ერთი სასაუბრო თემა საერთაშორისო ტურნირის "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფას" საქართველოში შესაძლო გამართვა იყო.
- დიახ, IRB-მ შეთავაზა საქართველოს "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფას" თბილისში გამართვა. ამ ტურნირში საკამოდ ძლიერი რვა სარაგბო ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრბები იასპარეზებენ. კანადის, აშშ-ს, ურუგვაის, ზიმბაბვეს, რუსეთის, სამოასა და იაპონიის ნაკრებეთან პაექრობის ხილვა ქართველი რაგბის ქომაგებისთვის, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. ამ ტურნირს შეუძლია დიდი ბიძგი მისცეს საქართველოში რაგბის შემდგომ განვითარებას, მისი პოპულარობის გაზრდას.

მთავრობის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს, ტურნირი დააფინანსონ. ახლა ჯერი ჩვენზეა. IRB მალე განიხილავს საკითხს და საბოლოო გადაწყვეტლებასაც მიიღებს. ვფიქრობ, ტურნირის თბილისში გამართვას წინა ვერაფერი დაუდგება. აქ უკვე არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა. რაც უფრო მეტ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებთ, მით უკეთესი ქართული რაგბისთვის.

- თქვენთან ერთად თბილისში IRB-ს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მასთან დეტალურად საუბარი არ მოხერხდა. როგორი შთაბეჭდილებით გაემგზავრა სქართველოდან?
- ბერნარ ლაპასე საქართველოში პირველად იყო და ძალიან კმაყოფილი, დადებითი შთაბეჭდილებებით დამუხტული გაემგზავრა. მან დაინახა, რომ საქართველოში რაგბი უყვართ, დაინტერესებული არიან მისი განვითარებით და პროგრესიც რეალურია. ხალხი, რაგბის კავშირი, მთავრობა, კერძო სექტორი, დიდი მონდომებით, ერთად არიან ჩართულნი რაგბის განვითერების საქმეში. ლაპასეს მიაჩნია, რომ საქართველო უახლოეს წლებში მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყანა უნდა გახდეს.

მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმ ფაქტმა, რომ ერთ დღეში მოხერხდა შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, სპორტის მინისტრთან, თბილისის მერთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. ასე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

ლაპასე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩისას შეხვდა. იქვე იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც. მაშინ სააკაშვილი დაგვპირდა, რომ საქართველოში სტადიონებს ააშენებდნენ და რაგბის განვითარებასაც დიდ ყურადღებას დაუთმობდნენ. ლაპასე ძალიან კმაყოფილი დარჩა, რომ პრეზიდენტმა დანაპირები შეასრულა.

- ყოველივე აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს IRB-ის დაფინანსება გაეზრდება?
- დიახ, ეს ბუნებრივია. მომავალი ციკლიდან, ანუ 2012 წლიდან საქართველოს დაფინანსების უფრო მაღალ დონეზე გადავა, მაგრამ კონკრეტულ თანხას ჯერ ვერ გეტყვით.

საქართველოს განვიხილავთ, როგორც ლიდერს რეგიონში. ის რასაც რიჩი დიქსონი და მისი ჯგუფი აკეთებს, უნდა გავრცელდეს უკრაინაში, თურქეთში, აზერბაიჯანში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. საქართველო მათთვის უნდა გახდეს სასწავლო ცენტრი.

გვინდა თქვენი ქვეყნის საკლუბო რაგბის განვითარებაშიც მივიღოთ მონაწილეობა. წარმატებული სარაგბო ქვეყანას მაღალი დონის საშინაო ჩემპიონატი უნდა ჰქონდეს და ამის მიღწევაშიც დაგეხმარებით.

ვიცით, რომ ქართული რაგბის ძლიერი მხარე შერკინების თამაშია. მაგრა, ბუნებრივია, უნდა გაძლიერდეს უკანა ხაზისა და ფეხით თამაშიც. ვფიქრობთ, ქართულმა რაგბიმ ისეთი პროგრესი უნდა განიცადოს, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ტურნირის დაძლევისა და მეოთხედფინალში გასვლისთვის იბრძოლოს.

ამის მისაღწევად მარტო ჩვენი ფული, ჩვენი დახმარება საკმარისი არ იქნება. სახელმწიფოს თანადგომაც აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ამას მივაღწევთ. იმედი კიდევ უფრო გამიძლიერა კანადის ნაკრებთან მატჩმა. თამაშის სანახავად მოვიდნენ პრემიერ მინისტრი, სპორტის მინისტრი, ქალაქის მერი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლამის მინისტრთა მთელი კაბინეტი. მოვიდნენ არა უბრალოდ, ვინმეს დასანახავად, არამედ რაგბის სიყვარულით. ასეთი რამ არსად მნახავს.

- რადგან კანადის ნაკრებთან მატჩი ახსენეთ, საინტერესოა ამ თამაშის თქვენეული შეფასება...
- თამაში საკმაოდ კარგი დონის გამოვიდა. ორივე გუნდმა სერიოზულად იბრძოლა. მატჩის წინ ვფიქრობდი, რომ ანგარიშში სხვაობა ძალიან მცირე იქნებოდა. მაგრამ, როცა შევხედე საქართველოს ნაკრებმა შერკინებაში მეტოქე როგორ დაჩაგრა, ვიფიქრე, და ასეც უნდა მომხდარიყო, რომ დიდი ანგარიშით მოიგებდით. თუმცა, ასე არ მოხდა.

კანადელებმა თამაში ვერ გაშალეს. ეს საქართველოს ნაკრების შერკნების დამსხურებაა. ქართველები სტატიკაშიც დომინირებდნენ და დინამიკაშიც. თუმცა, ცხადია, გარკვეული ხარვეზებიც იყო. მატჩმა გვიჩვენა თამაშის რა კომპონენტებშია მეტი სამუშაო. გამოსასწორებელია ფეხით თამაში. რამდენჯერმე მორაგბეებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ძალიან ბევრი იყო უბრალო, ბავშვური შეცდომებიც. საკვანძო მომენტებში ზედიზედ ოთხჯერ წააგეს დერეფანი. ეს ყოველივე ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ მოსამზადებლად სულ რაღაც ოთხი დღე ჰქონდათ.

სხვა მხრივ, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა პრაგმატულად ითამაშა. იყო მცდელობა უფრო აქტიურად ეთამაშა უკანა ხაზსაც. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მომეწონა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელების, შვიდი და რვა ნომრების (გიორგი ჩხაიძე და ბესო უდესიანი-ბ.ჯ.) თამაში. ვფიქრობ, ისინი მსოფლიოს უმაღლესი დონის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდნენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"








პროგრესი მოსალოდნელზე მეტია. ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა ახალი შტაბით, მათი წევრების პროფესიონალიზმით. ქების ღირსია სტრუქტურაც, რაც მათ შექმნეს.



ერთ დღეში მოხერხდა შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, სპორტის მინისტრთან, თბილისის მერთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. ასე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.



ვფიქრობთ, ქართულმა რაგბიმ ისეთი პროგრესი უნდა განიცადოს, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ტურნირის დაძლევისა და მეოთხედფინალში გასვლისთვის იბრძოლოს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული